
ჩემი ამბავი ასეთია, ჯერ ის ვიცოდი რომელ უნივერსიტეტში მინდოდა მესწავლა და მერე ის თუ რაზე...
მეცხრე კლასში უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მე თავისუფალის სტუდენტი ვიქნებოდი. ოცნებაც იყო და ოცნებაც, არ ვიცი რატომ ან საიდან დაიწყო ეს ყველაფერი მაგრამ იმდენად შეპყრობილი ვიყავი რომ მთელი ოთხი წელი თავისუფალი უნივერსიტეტი მესიზმრებოდა. აბიტურიენტობისას დღეში ასჯერ შევდიოდი უნივერსიტეტის საიტზე და ვკითხულობდი ყველაფერს, ვუყურებდი ვიდეო-ლექციებს, სტუდენტების ვლოგებს, მოკლედ უნივერსიტეტს ისე ვსტალკავდი, ქრაშიც არ ეყოლება ეგრე ბევრს დანასტალკი.
2021 წლის 30 აგვისტო იყო, ნაომარი, ნატანჯი და ეროვნულებ გამოვლილი სოფლის ჰაერით ვტკბებოდი ვაშლის ხის ქვეშ წამოწოლილი, როცა თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. არა, ხიდან ვაშლი არ ჩამოვარდნილა და დამცემია, უბრალოდ უნივერსიტეტებში ჩარიცხვები დაიდო.
ჩარიცხვების დადებიდან 40 წუთში, ჩემმა მეგობარმა გამაგებინა თბილისიდან რომ თავისუფალში ჩავაბარე, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ტელეფონიც და ნერვებიც დალეწილი მქონდა ცუდი ინტერნეტისა და საიტზე ვერ შესვლის გამო.
იმ მომენტიდან როცა მოვისმინე სიტყვები, „თავისუფალში მოხვდი“ ერთად იმდენი ემოცია მომაწვა, რომ ბოლოს ვერცერთი გამოვხატე და ასე მოუთმენლად გავატარე სწავლის დაწყებამდე დარჩენილი ორი კვირა.
ახდენილი ოცნებების პარადოქსი
გაცნობითზე გამოწკეპილ-გამოპრანჭული რომ გამოვცხადდი, პირველი, რამაც დამაფიქრა თუ რაში გავყავი თავი, იყო ერთი უწყინარი წინადადება, რომელიც მოვისმინე პირველკურსელებისთვის გამართულ შეხვედრაზე და დაახლოებით ასე ჟღერდა „ოთხ წელიწადში როცა დაამთავრებთ, უფრო სწორად ზოგი ხუთში, ზოგი ექვსში ან, მოკლედ, როცა დაამთავრებთ...“
აი, მანდ მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც მეგონა.
უნივერსიტეტში მისულ პირველკურსელებს ერთი მხრიდან ანტიკური ლიტერატურა დაგვიშინეს, მეორე მხირდან მეგრულ-ლაზური ენების შიშინა და სისინა ბგერები და მათ გასარჩევად საჭირო საკითხავი მასალები, წინ ჰომოჰაბილისისა და ავსტრალოფითეკის თავის ქალები დაგვილაგეს, რომელთა შორის განსხვავებების მეცნიერულ ახსნას გვთხოვდნენ, უკნიდან კი, შორეული წარსულიდან გადმოსული ლოგიკის მამები მოგვირბენინებდნენ მარტივი კატეგორიული წინადადებების ჭეშმარიტების ცხრილს, დასაზეპირებლად.
ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველი კურსის ზოგადი საგნები, არც თუ ისე ზოგადი, არც თუ ისე ზედაპირული, არც თუ ისე მარტივი და არც თუ ისე ცოტა აღმოჩნდა, როგორც ზოგად საგნებს შეშვენით.
ჩამონგრეული იმედები, დიღმის ქარები, კაფეტერიის კოსმოსური ფასები, ფეხქვეშ გათელილი თვითშეფასება, ელვის სისწრაფით გამქრალი მომავლის იმედი - ასე გამოიყურება ჩემი პირველი კურსის ცხოვრება მოკლედ.
შუალედურები, შუალედურები და ფინალურები...
ფრიუნიში კარგად ხარ მხოლოდ სწავლის დაწყებიდან პირველი ექვსი კვირა, მერე აღარ ხარ კარგად, მერე უფრო აღარ ხარ კარგად და საბოლოოდ საერთოდაც აღარ ხარ.
შუალედურს შუალედური მოჰყვება, ქვიზს ქვიზი, დედლაინს დედლაინი, ფინალურს ფინალური და ემანდ თუ სადმე გაგიმართლა გადაბარებაზეც გადაიტან რამეს ცოტა რომ ამოისუნთქო.
როცა მეგონა რომ სადაც ჰომეროსის „ოდისეა“ წავიკითხე, იქ ვეღარაფერი დამამარცხებდა, სწორედ მაშინ შევეჯახე გამოცდების პირველ ტალღალს.
დიდუბის მეტროდან რომ გამოხვალ, 338 ნომერ ავტობუსში რომ ჩაჯდები, ან ვერ ჩაჯდები და ჩემი კურსელივით ხან სამტრედიის მარშუტის მძღოლს შეევაჭრები 2 ლარად თბილისი მოლამდე ჩაყვანაზე და ხანაც ხარაგაულის მძღოლთან დადებ გარიგებას ამ ერთხელ გადამარჩინე და ცხვარი და ოციანი ჩემზე იყოსო, ძლივს უნივერსიტეტამდე რომ მიხვალ, ოთხ სართულს გულამოვარდნილი რომ აირბენ, ხელში პირადობას დაიჭერ და დადგები საგამოცდო კარების წინ, რომელსაც აქვე გეტყვით ზემოთ ლათინურად აწერია სიტყვები „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიიდან“, აი, მანდ მიხვდები რომ მართლა ჯოჯოხეთის კარიბჭის წინ დგახარ და მართლა ყველა იმედი, რაც აქამდე მოგყვა, გარეთ უნდა დატოვო და სამუდამოდ დაივიწყო.
გადარჩენილები...
ჩვენთან ბუნების კანონები მოქმედებს, გადარჩება ის, ვინც ძლიერია. ალბათ არ არსებობს ფრიუნელი, რომელსაც სწავლის პირველ სემესტრში, როცა ჯერ კიდევ ნორჩი იყო, ერთხელ მაინც არ უფიქრია გადასვლაზე, ფაკულტეტიდან და უნივერსიტეტიდან კიარა, საერთოდ კონტინენტიდან გადასვლაზე.
ახლა, როცა მაღალკურსელის მანტია მაცვია, თვალებზე ბრძნული სათვალეები მიკეთია, მხრებზე კი ამხელა გამოცდილება მაწევს, გადავხედავ ხოლმე წარსულ მოგონებებს და ვფიქრობ რომ ცრემლი ცრემლად დაიხარჯა, ოფლი ოფლად, სისხლი სისხლად, მაგრამ მთავარია რომ გადავრჩი.
გადარჩენილებიც ისევე ვაგრძელებთ გზას, როგორც აქამდე, განსხვავება მხოლოდ ის არის რომ გამოცდილება თავისას შვება, უკვე აღარ გეშინია, უკვე ვეღარც GPAს ხედავ, რატომღაც მაგ დროს გიმტყუნებს ხოლმე მხედველობა, აღარც რწმენა გაქვს და აღარც გასაცრუებელი იმედები რჩება სადმე, ნერვებსაც ნაკლებად გიშლის შენი სხვაუნივერსიტეტელი მეგობრების წუწუნი იმაზე რომ ერთ საგანში B გამოყვათ, ისღა დაგვრჩენია მოიკიდო ჩანთა, მიხვიდე უნივერსიტეტში, გაატარო საშვი, სადმე რომელიმე არახალხმრავალ დერეფანში ხალიჩაზე წამოწვე, ლეპტოპი გადაშალო და გამოცდამდე საათნახევრით ადრე მთელი მასალის სწავლა „დაიწყო“.
თუმცა ხომ გაგიგიათ „მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო“, ჰოდა მგონი ფრიუნელებსაც ეგ გვჭირს. ყველას თუ არა, ის კი ზუსტად ვიცი, რომ მე, ნამდვილად, ეგ მჭირს.
ასე ვაგრძელებთ მე და ფრიუნი ჩვენს ტოქსიკურ სასიყვარულო ურთიერთობას და ყოველდღე ვრწმუნდებით იმაში რომ სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიც კი არაა.
