Fall as fail ანუ შიში ახალი წარუმატებლობისა

10 სექტემბერი 2021

 

კართან მოდგა შემოდგომა…

არც ნაადრევად მოფრენილა და არც გვიან. 

მოვიდა სწორედ მაშინ, როცა უნდა მოსულიყო. 

თუმცა შენ მაინც ზღვაზე გადაღებულ რუჯიან ფოტოებს ათვალირებ და მობილურის კალკულატორში შემდეგ არდადეგებამდე დარჩენილ დღეებს ითვლი.

ელოდები შემდეგ არდადეგებს, აგრილებას, გამოდარებას და ათასნაირ ზეციურ ნიშანს.. თუმცა თავადაც კარგად იცი, რომ შენს შიშს, რომელიც ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს ახლავს თან, ვერც ერთი ახალი სეზონი ვერ გადალახავს.

მართალია, ჯერ ფოთლები ხეებს მჭიდროდ არიან ჩაჭიდებულები და არც გარემო გადაყვითლებულა, თუმცა დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - შემოდგომა მართლაც მოგვადგა კარს. და რა შეიძლება იყოს ამაზე საშიში და ამავდროულად იმედის მომცემი?

საშიში იმიტომ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებისა და ახალი ფურცლის გადაშლის კიდევ ერთი საშუალება გვეძლევა. სწორედ ამავე მიზეზით ხდება ეს ყველაფერი იმედის მომცემიც.

ალბათ ვერ გაგაკვირვებ, თუკი გეტყვი, რომ ასეთივე შესაძლებლობა ნებისმიერ წამს გეძლევა, თუმცა შემოდგომასავით კართან მომდგარ შესაძლებლობებს ნაირ-ნაირი შიშები თავისი ბარგიანად აბრუნებს უკან.

შიში ახალი წარუმატებლობისა. 

“What doesn’t kill you make you stronger” კელი კლარკსონის სიმღერიდან ამოგლეჯილი ტექსტი ნუ გეგონება. ეს ოქროს სიტყვები ნიცშემ თქვა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ და აგერ უკვე მეც ვეთანხმები. 

მეტსაც გეტყვი, შეგიძლია შესანიშნავ სამეულს (კელი, ნიცშე და მე) შენც შემოუერთდე. ამისთვის სულ არ არის საჭირო ის, რომ თითქმის უძლეველ შიშთან შიშველი ხელებით დაიწყო ბრძოლა, რადგან ის რაც დღეს შენ ხარ, მთელი შენი გამოცდილებების შედეგია. ეს გამოცდილებები კი ხანაც სასიამოვნო იყო, ხანაც უსიამოვნო. იმან, რამაც არ მოგკლა - გაგაძლიერა, შეგცვალა, გასწავლა, გაგზარდა, განგავითარა და შეგქმნა ზუსტად იმ ადამიანად, რომელიც ახლა ამ სიტყვებს კითხულობს. 

ხოდა, როგორი ისტორია ჩაიწერება შემოდგომის თბილი ნიავის მიერ აფრიალებულ სუფთა ფურცელზე, ამის არჩევანი შენთვის მომინდია.