
თუ დილით შენი საუზმე ყავა და ბიზნეს ნიუსების კითხვაა, მაშინ ტუზად დაგეცით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც შუადღის ყავაზე მოგისწროთ.
ქართულ სტარტაპ ბაბლში ახალი ამბები დატრიალდა.
ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელი (EBAN) შეიძრა და მას ახალი წევრი - გური ქოიავა დაემატა.
გური ქოიავა საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის - ‘აქსელის’ თანადამფუძნებელია და ახლა უკვე EBAN-საც დაამშვენებს. ორი წლის ვადით აირჩიეს და, მერე ვნახოთ, რა იქნებაო.
ახლა, მათთვის, ვისაც ბიზნესის ცნობები უყვარს, მაგრამ ტერმინებში მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა, რამდენიმე უცხო სიტყვას ავხსნი.
ანგელოზი ინვესტორი - მიუხედავად იმისა, რომ ღვთიური, ალბათ, არაფერი სცხია - მსგავს როლს ასრულებს. ადამიანებს, განსაკუთრებით კი სტარტაპერებს - აი, ისეთებს, რომ არ ელიან, საწყის ეტაპზე ვინმე გარისკავს და იდეის განხორციელებაში ფულად რესურსს გამოყოფს - გულს უხარებს და აფინანსებს.
წარმოიდგინე, უბრალოდ იდეა გაქვს, საკუთარი გონისა და თავის გარდა თან არაფერი გახლავს, მაგრამ ვიღაც ინვესტორი რისკავს და შენში და შენს იდეაში პოტენციურ წარმატებას ხედავს და გეუბნება - აჰა, აიღე ეს 10K (პირობითად, თორემ ისე შეიძლება 5K-ც მოგცენ და 11k-ც) და აბა, მიდი დაიწყე სტარტაპი. რამე მოგება თუ იქნება, წილი მომეცი, თუ არ იქნება, სამგლოვიარო სესია მოვაწყოთ და დავემშვიდობოთ ფულსა და ბიზნესსო.
რა არის ამ ამბავში კარგი?
საქართველო ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ყურადღების ცენტრში მოექცევა, ხელი შეეწყობა ქართველ და უცხოელ ბიზნეს ანგელოზებს შორის კონტაქტის დამყარებას და რა თქმა უნდა, მეტად წახალისდება საქართველოში ინვესტიციების ჩადებისა და სტარტაპების დახმარების პროცესი. ნეთვორქინგის განვითარება კი, განსაკუთრებით ბიზნეს სფეროში, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ დილით ამ სტატიას ყავასთან ერთად კითხულობ, კარგად გეცოდინება.
აქვე მოკლედ აქსელის შესახებაც გიამბობ
2021 წლის ივნისში დაარსდა და საქართველოს უმსხვილესი ანგელოზ ინვესტორთა ქსელი გახდა, რომელიც 70-ზე მეტ წევრს აერთიანებს როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნებიდან. იბერია შეიძლება ძალიან სწრაფადაც ვერ გააბრწყინოს, თუმცა, პროცესს ნამდვილად დააჩქარებს. აქსელის მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვთარებაა, იმედისმომცემ ქართველ მეწარმეებში “ჭკვიანი ფულის” ინვესტირების ხელშეწყობით. 2021 წლის დეკემბრიდან კი აქსელი უკვე EBAN-ის წევრი გახდა.
EBAN-მაც რომ არ დაგაბნიოთ, მის ამბავსაც მოკლედ მოგიყვებით. ის ადრეული ეტაპის ინვესტორთა - აი, წეღან რომ ვახსენე, ანგელოზი ინვესტორები - ევროპული ქსელია, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. წინასწარი პროგნოზირებით, წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს მთელი ევროპისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
ჰოდა, მოკლედ, EBAN-ი გაშლილი ხელებით შეეგება საბჭოს ახალ წევრს - გური ქოიავას და საქართველოს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა მიეცა ევროპის სხვა ქვეყნებთან კავშირების დამყარებისა და ანგელოზ-ინვესტირების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
მოკლედ, აწი, ჩვენ ვიცით და ჩვენმა სტარტაპ იდეებმა!
