დიპლომის გამოყენების 5 გზა

3 აგვისტო 2021

 

ჩვენს წინაპრებს  უთქვამთ სკოლას რომ დაამთავრებ უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო, დიპლომი აიღო, ოჯახი შექმნა და ერი გაამრავლოო. ჰოდა, მე როგორც სოციუმისგან დაწესებული სტანდარტების  მიმდევარი და პირნათლად შემსრულებელი (თან ნათესავებსაც ვერ ავალაპარაკებდი) გავუდექი დიპლომამდე მისასვლელ ოთხ წლიან გზას.

სკოლას რომ ამთავრებ, ცხოვრებისგან ზედმეტად დიდი მოლოდინი გაქვს, რაც ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებას იწვევს. არადა უნივერსიტეტშიც ზუსტად  იგივე სკოლა გხვდება, მაგრამ ნათესავებს რომ უნდათ შენი დიპლომი რა უნდა ქნა? უნდა აიღო, უნივერსიტეტის დამთავრებისადმი მიძღვნილი სუფრაც გაშალო და კარგი ბედის სადღიგრძელოებიც მოთმინებით ისმინო.

მთლად იმას ვერ ვიტყვი არაფერი მისწავლია-მეთქი, მაგრამ ჩემი დიპლომი და უნივერსიტეტისგან  მოწოდებული ცოდნა არ მგონია 12 000 ლარი ღირდეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო და ცხოვრების რუტინის ფერხულში დაუფიქრებლად ჩაბმაზე რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, დიპლომის გამოყენების 5 გზას ჩამოგითვლი.



დასანიავებელი

მეგობრებთან ერთად ქეიფს რომ დააპირებ და მწვადის აშუშხუნებას მოინდომებ წიგნებს შორის შეცურებული დიპლომი წაიყოლე და ნაკვერჩხალს დაუნიავე. მგონი დამტვერილი დიპლომის გამოყენებისთვის იდეალური ვარიანტია. არა? ;)


საჭრელი დაფა
 

არამგონია პიკნინზე ხის საჭრელი დაფა ათრიო. ჰოდა, მწვადს ხახვი რომ უხდება კი გეცოდინება. დიპლომი საჭრელ დაფად გამოიყენე, ოღონდ მთლად შენს სახელს ნუ დაუმთხვევ.


ნაგვის ასაღები

თუ სახლში აქანდაზი არ მოგეპოვება, ნაგვის ასაღებად დიპლომის მყარ ფურცელზე უკეთესი  რა შეიძლება იყოს? ;)


ფანჯრის დამჭერი

ცოტა შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ დიპლომს 4-5 ნაწილად გადაკეცავ, ფანჯარაში ჩატენი და ეგააა. უწყვეტი ნიავი შენია.


მაგიდის გასამყარებელი

აი, ჰო იცი მაგიდა რომ მყარად ვერ დგას იატაკზე ეგ ამბავია. აქაც იგივე გადაკეცვის პრინციპს მიჰყვები. გადაკეცილ დიპლომს მაგიდის ფეხს შეუდებ და ეგაა ;)


სხვა უფუნქციოდ დარჩენილ ნივთებსაც თუ მოუძებნი ახალ სიცოცხლეს გაასწორებს.
აბა შენ იცი, სწავლის მძებნელო!