„დიქტატორული რომანის“ წარმოშობა, ანუ ლიტერატურაში გაცოცხლებული ლათინური ამერიკის ტკივილი

30 აგვისტო 2021

ლათინურ ამერიკაში სერიოზული, უკვე სრულყოფილი ლიტერატურის საწყისების გაჩენა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა პრობლემებმა განაპირობა. ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვნად ყურადღება ამ თემაზე  მარიო ვარგას ლიოსამ „ვაცის ნადიმში“, გაბრიელ გარსია მარკესმა „პატრიარქის შემოდგომაში“, ხოლო მიგელ ასტურიასმა „სენიორ პრეზიდენტში“ გაამახვილეს. 

სამხრეთ ამერიკულ ლიტერატურას სხვა რეგიონთა მწერლობისგან სწორედ ის განასხვავებს, რომ თითქმის არსად ასეთ თემებზე მსჯელობა ავტორებს არ დასჭირვებიათ. ევროპაში უფრო სილამაზეს, სიკეთეს, ბოროტებას, სრულყოფილებას და მსგავს თემებს განიხილავდნენ, მაგრამ დიქტატურაზე ბევრს არავის დაუწერია, რადგან ეს პრობლემა, ფაქტობრივად, იმ სახით, რა სახითაც სამხრეთ ამერიკაში იყო, ევროპაში არ არსებობდა, თვით საბჭოთა ტოტალიტარიზმსაც კი არ მიუცია ამოდენა ბიძგი მწერლებისათვის, შეექმნათ ასეთი მასშტაბური ლიტერატურული ტილოები (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ავტორს). 

სამხრეთ ამერიკაში კი იყო შემთხვევები, რომ ადამიანები თითქმის მთელ სიცოცხლეს მმართველობაში ატარებდნენ. შემდეგ ეს სამწუხარო ისტორიული რეალობა მაგიური რეალიზმის მთავარ თემად გადაიქცა და გაბრიელ გარსია მარკესმა გამოიგონა პერსონაჟი, რომელშიც სხვადასხვა დიქტატორების თვისებებს მოუყარა თავი. რომანში შესანიშნავადაა აღწერილი, თუ როგორ გადის დრო, იცვლება თაობები, იცვლება ყველაფერი, გარდა მმართველისა. რომანის დასასრულში კი მარკესი საუკეთესოდ განმარტავს იმ დროის უსასრულობას, რომელიც საზიზღარმა დიქტატორმა, “დანაოჭებული ზურგით, სადაც მატლები დაცოცავდნენ“, მმართველობაში გაატარა:“უსასრულო დრო როგორც იქნა დასრულდა.“ 

ლათინურ ამერიკაში ამ პრობლემისადმი მიძღვნილ ტექსტებს მრავლად შევხვდებით, მაგრამ ახლა მინდა მიმოვიხილო სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის შედევრი, მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი საუკეთესო რომანი „ვაცის ნადიმი“, რომელშიც მწერალი დეტალურად აღწერს იმ საშინელ ყოფას, რომელიც ტრუხილიომ შექმნა დომინიკის რესპუბლიკაში.

მე-20 საუკუნის მიწურულს, როცა ამ თემაზე წერა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და დიქტატორულ რეჟიმთან ბრძოლა ხალხის ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცა, მწერლები კალმით ცდილობდნენ რეჟიმთან გამკლავებასა და საზოგადოებისთვის იმ ბნელით მოცული მედლის მხარის ჩვენებას, რომელიც თავიდან მაქსიმალურად ინიღბებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ფარდა აეხადა... 

მწერლები გვიჩვენებდნენ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი მკვლელობების, შანტაჟის, თვალთვალისა და ათასი უბედურების პირობებში. ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუ გავლენიან ბიზნესმენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრებოდნენ. არც ის გაუკვირდებოდა ვინმეს, რომ ჭორებითა და სიძულვილით სავსე გაზეთის ფურცლებზე გაუგონარი ცილისწამება ამოეკითხა. მეტიც, შესაძლოა სახელმწიფოს მეორე პირი, იმდენად დაცემულიყო სულიერად, რომ 14 წლის უმანკო გოგონა, საკუთარი შვილი, დიქტატორისთვის მსხვერპლად შეეწირა, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობაზე აღედგინათ. 

მარიო ვარგას ლიოსას შესანიშნავად გამოსდის ერთ ნაწარმოებში ორი სიუჟეტის კომბინირება, მაგალითად, „დეიდა ხულიაში“ ის მკითხველს ორ გზას უჩვენებს, პირველი არის მთავარი გმირისა, რომლადაც კრიტიკოსები თავად ლიოსას მოიაზრებენ და ხულიას სიყვარულის ისტორია, ხოლო მეორე კი არის პედრო კამაჩოს შეთხზულ ისტორიებზე აგებული ხაზი. ანალოგიურ მხატვრულ ხერხს „ვაცის ნადიმშიც“ ვხვდებით. ნაწარმოებში შეთქმულების, ტრუხილიოს მკვლელობისა და „დამნაშავეთა“ დასჯის მიღმა, მკითხველი ეცნობა ურანია კაბრალის, 35 წლით სამშობლოდან გადახვეწილი ქალის, მოთხრობილ სულისშემძვრელ ისტორიას, რომელიც საუკეთესო მაგალითია დიქტატურის არსის გასასიგრძეგანებლად. 

ურანია ტრუხილიოს რეჟიმის სამსახურში ჩამობერებულ და ამ რეჟიმის მიერ გათელილ მამას მსაჯულად ევლინება. მის საუბარში მამასთან, რომელსაც თითქოს აღარაფერი ესმის, იგრძნობა ტკივილიც, ბრაზიც, ზიზღიც, სასოწარკვეთაც და, ამავდროულად, სიბრალულიც. ურანია კაბრალი ამდენი ხნის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და ხვდება მამას, რომელმაც ძღვნად მიართვა მისი თავი ეშმაკს. სენატორი კაბრალი ავადაა, მას ლაპარაკი არ შეუძლია. არცერთ წერილზე ურანიას პასუხი არ მიუღია, არც პოსტზე აღადგინეს ამ „საჩუქრის“ მიუხედავად. ფიზიკურადაც და სულიერადაც ის არარაობადაა ქცეული და ისმენს, დიახ, ისმენს ურანიას თითოეულ სიტყვას, რომელიც საოცარი ტკივილითაა გაჯერებული. 

ურანიას, რომელსაც აღარასდროს აღარ ჰყოლია ქმარი, ოჯახი, შვილები, ადამიანს, რომლის ცხოვრებად მხოლოდ სამსახური ჩამოყალიბდა, ნათესავები მიტევებისკენ მოუწოდებენ. ურანიას კი გრძნობები, ფაქტობრივად, გაყინული აქვს, მაგრამ მაინც ახერხებს ძალების მოკრებასა და ბოროტების განდევნას თავისი შინაგანი სამყაროდან. ნაწარმოების ბოლოს კი ის მიდის დასკვნამდე, რომ უპასუხოს კეთილშობილი მარიანიტას წერილებს: “თუ მარიანიტა მომწერს, მის ყველა წერილს ვუპასუხებ“ - გადაწყვეტს.“  

დიქტატორთა შვილების თემა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია ამ ტიპის რომანებში. ტრუხილიო მოლინას ვაჟი რამფისი ამაზრზენი ახალგაზრდაა, ის მექალთანე, ბოროტი, ყოველგვარი კეთილშობილური ზრახვებისაგან დაცლილი ადამიანია. ავტორს დიქტატორის შვილის ასე ცუდად წარმოჩენით სურს გვიჩვენოს, თუ როგორ სიცოცხლეს ბადებს ბოროტება. ამ პრობლემის მსგავსს, მაგრამ ცოტა განსხვავებულ გადაწყვეტას, ჩვენ ქართულ ლიტერატურაშიც ვხვდებით. ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში?!“ ლუარსაბსა და დარეჯანს შვილი არ ჰყავთ, რადგან უმოქმედო ადამიანები, უაზრო ცხოვრების სტილის მიმდევრები, გაუნათლებლები და უპრინციპოები ვერ ჰბადებენ ახალ თაობას. დიქტატორი, ცხადია, არ არის უმოქმედო, მაგრამ ის ბოროტებაა და ბოროტებას ბადებს. 

მარიო ვარგას ლიოსას თითოეული ამ დეტალით უნდა წარმოგვიჩინოს დიქტატორული რეჟიმის არსი. ის გვიყვება თავისუფლებადაკარგული ხალხის შესახებ. დიქტატორის მარჯვენა ხელს, სენატორ კაბრალს, ურანია ახსენებს, თუ როგორ არ აშორებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე თვალს იგი ტრუხილიოს, რომ ჯილდოდ ღიმილი მიეღო მისგან. ეს ყველაფერი იმდენად მძიმე შთაბეჭდილება იყო, რომ არასრულწლოვანი გოგონას მეხსიერებაში დარჩა და თითქმის 40 წლის შემდეგაც კი ვერ წაიშალა. „ვაცის ნადიმში“ გადმოცემულია ის ენითაღუწერელი სისასტიკე, რომელიც ვლინდებოდა უბრალო ადამიანების, შეთქმულებისა და სხვათა მიმართ. სისასტიკის ასახვა ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. „პატრიარქის შემოდგომაშიც“ გაუპატიურებისა თუ წამების არაერთ შემზარავ სცენას ვხვდებით.

პერუელი კლასიკოსი, მარიო ვარგას ლიოსა, დიქტატორული რეჟიმის არსის განხილვას „ვაცის ნადიმით“ არ ასრულებს. მას ეკუთვნის რომანი „ხუთი კუთხე“, რომელშიც ალბერტო ფუხიმორის, პერუელი დიქტატორის, სასტიკი რეჟიმის  უკანასკნელ წლებს ეხება. ლიოსა მოგვითხრობს კორუფციაში ჩაძირული პერუს ისტორიას, სადაც არ არსებობს მედიისა და სიტყვის თავისუფლება, სადაც განსხვავებულ აზრს უმალვე შანტაჟითა და ძალადობით სპობენ.

მარკესმა, ასტურიასმა, ლიოსამ და სხვა კლასიკოსებმა ლიტერატურაში გააცოცხლეს ის უდიდესი დრამა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ტანჯავდა ლათინური ამერიკის მოსახლეობას. ამდენად, ვფიქრობ, ამ ტიპის ტექსტები არის ყველაზე მართალი და ყველაზე გულისამაჩუყებელი, რადგან რეალურ ამბებსა და მარადიულ თემებს ეფუძნება. ავტორები გვიჩვენებენ, თუ რა დღეში ვარდება ქვეყანა, როცა ხალხი კარგავს თავისუფლებას, იმედსა და ღირსებას. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სრულდება არასდროს „უსასრულო დრო“, რომელიც ხალხს უმძიმეს პირობებში აგდებს. 

მარიო ვარგას ლიოსამ, უკვე ჩამოყალიბებული მწერლის რანგში დაწერა რომანი, რომლითაც ყველა შეკითხვას გასცა პასუხი და დაგვანახა, რომ თუ არსებობს იდეა და სურვილი იმ იდეის აღსრულებისა, რომელსაც თავისუფლების მოპოვება ჰქვია, არც ტრუხილიოს, არც ფუხიმორის და არცერთი სხვა დიქტატორის დრო არ გაგრძელდება დაუსრულებლად…

და კიდევ ერთი რამ დაგვანახა ლიოსამ - დიქტატურა ადრე თუ გვიან მარცხდება, დიქტატორები კარგავენ ძალაუფლებას, მისი მსახურები არარაობებად გადაიქცევიან, ხალხი განაჩენს გამოუტანს რეჟიმს, მაგრამ ყველაზე საშინელი სამსჯავრო, სამსჯავროთა შორის, შვილების მიერ მამების გასამართლებაა. მამებისა, რომლებმაც მათ მომავალი წაართვეს.