WTF

დესპრესო

15 ივნისი 2022

ამაოების უჭვრეტი ბლოგი 

 

მაშინ, როცა ამ სტრიქონს ვწერ

ყავა ჭიქით მზეში დნება 

 

მახსოვს, რომელიღაც სარეკლამო კამპანია მეუბნებოდა, რომ ყველა გალაკტიონი ვერ იქნებაო. 

იმედია ახლა ამ გენიალურ რითმას ხედავს მისი ავტორი, მთელი დღე ეკვიატება, ღამე ჩასისხლიანებული თვალებით ჭერს ასცქერის და ნანობს, 25 წლის ბავშვებს გალაკტიონად ყოფნის ოცნება რომ მოუკლა. 

მე პირადად, გალაკტიონად ყოფნა არც მინდა, უბრალოდ, პრინციპის ამბავია, რა. 

 

ამბავი, რომელსაც მოვყვები დესპრესოზეა. 

ანუ ესპრესოზე და დეპრესიაზე და უფრო მეტიც - ამბავი საერთოდ არ არის. 

უმიზნო, გაბნეული, ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი, აპათიური განწყობით შთაგონებული, უენერგიო - აქ ის აღვწერე, რის დაწერასაც ახლა ვაპირებ, მაგრამ თუ შემთხვევით შენი ცხოვრების დინამიკა აღმოაჩინე ამ ჩამონათვალში, მაშინ, ვინ იცის, შეიძლება, რასაც ახლა დავწერ, ამბავიც იყოს. 

 

მინდოდა, აკადემიურად დამეწერა დეპრესიაზე - სამეცნიერო ჟურნალები მომეშველიებინა, ნეიროქიმიური, ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური საფუძვლები ამეხსნა და ერთი კაი ოჯახიშვილი, სასახელი ქართველი ინფორმაციული ბლოგი გამომეცხო. 

 

მაგრამ, შუა გზაში გადავწყვიტე, სანამ ამ თემას პატიოსნად შევეხებოდი, ჯერ ჩემი ‘შედოუ სელფი’ გამომეშვა - არაკორექტული, სუბიექტური და ეგზისტენციალური, თუმცა, უმეტესად, მაინც ყოფითი პრობლემებით დამძიმებული წარმოვდგენილიყავი თქვენს წინაშე. 

აქვე, იცოდეთ, ვიზუალურად თუ წარმომიდგენთ, გლითერები მაყრია, ვარდისფერ-ჩარჩოიანი ბავშვის სათვალე მიკეთია და ყავას, რომელსაც გამიზნულად კოფეს ვეძახი ხოლმე, ხმამაღლა ვხრუპავ. 

სათვალე იმისთვის, რომ ორ თვალში გადანაწილებული ხატოვანი გამონათქვამი - dead inside დავმალო, italic ფონტით დაწერილი. 

 

მოკლედ, ასე ხელაღებით და თავდაჯრებულად ვერ ვიტყვი, დეპრესია მაქვს მეთქი - ჯერ DSM - 5 - სგან ( Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders) ოფიციალური დასტური არ მიმიღია; არც ფსიქიატრთან მივსულვარ და არც ის მომისმენია, ერთი-ორი სერატონინერგული აბი დალიე, ეგებ გიშველოსო. დავიარები, ასე, ამერიკაში მექსიკიდან სირბილით გადასული არალეგალივით, რომელიც ოაზისს ეძებს მარსზე და იმასაც აცნობიერებს, რომ სომალელი ბავშვები უბრალოდ წყალს ეძებენ. 

 

აქვე გეტყვი ერთ საინტერესო ფაქტს - საქართველოში ფსიქოლოგებს მენტალური დარღვევის დიაგნოზის დასმის უფლება არ აქვთ - ეს მხოლოდ ფსიქიატრის პრეროგატივაა, ოფიციალურად. ასე რომ, თუ რომელიმე ჭ - კატეგორიის ფსიქოლოგმა/პერსონალ ქოუჩმა/სპირიტუალ ლიდერმა ერთი შემოგხედა და ის გითხრა, შენ ბიპოლარი იქნებიო, დროა კაბინეტი დატოვო - თან ეცადე, თვალი თვალში გაუყარო და უკუსვლით გახვიდე. 

 

ცოტა ხნის წინ, ჩვეული უგუნებობის ჟამს, ჩემი მტრების სიას ვწერდი გონებაში. 

ჩამონათვალი ძირითადად მცირე ზომის მოლეკულებისგან შედგება, მაგრამ იქვე ნახავთ ისეთ ბობოლა აბსტრაქციებს, როგორიცაა საზრისი, ან მისი ნაკლებობა და სხვ. ერთ-ორზე ახლა გეტყვით:


 

Who the fuck is Sarah Tonin?


 

სარა ტონინი ის ქალია, რომელიც შენს მენტალ ბრეიქდაუნებს თლის და სხვენში აწყობს. 

 

კაი საქმის გაკეთება კი უნდა, მაგრამ ერთი სარა ტონინი ამდენ ბრეიქდაუნს ვერ უშველის. ნამეტანი სამეცნიერო კუნჭულებში არ ჩავალ ახლა, მაგრამ სეროტონინი, სკოლიდან, შოკოლადის რეკლამებიდან ან ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდან თუ არა - მიმებიდან მაინც გეცოდინება. 

 

რომ გაკლია - ცუდია რა. 

 

თავს საშუალოსტატისტიკური ქართველივით ბედნიერად ვეღარ გრძნობ. დოფამინიც ასეთივე მოლეკულაა - ზომით მცირე, ეფექტით - მძიმე. 

 

ორივე მოქმედებს შენს გუნება-განწყობაზე. რაც უფრო გაკლია, მით უფრო ცუდ დღეში ხარ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეიძლება გენეტიკურად განსაზღვრული იყოს ეს ნაკლოვანება. 

 

თუმცა, ამხელა ხალხი ხართ და, გეცოდინებათ - ბიოლოგია-ფსიქიკა-სოციალური კონტექსტი და ის, მზე ანათებს თუ არა იმ დღეს - ერთმანეთის გარეშე არც პურს გასტეხენ, არც ხორცს წამოაგებენ შამფურზე და არც შენი ტვინის ნეიროქიმიას გადააწყობენ. 

 

და რახან სიცილის დროს ენდორფინები ბლომად გამოიყოფა, აქვე კიდევ ერთ ხუმრობას გეტყვი, რომელზეც შენს სახის ნახევარს კი გაეცინება, მაგრამ მეორე ნახევარი ცოტა შეგუებული სევდისკენ წავა - More like Zero Tonin, am I right? ;)


 

ის ძილი, 2 საათში 8 საათის რომ უნდა მოასწრო


 

თუ ბუდას ინკარნირებული ვერსია არ ხარ, ან ილონ მასკი - ამ ტიტანურ საქმეს ვერანაირად გაჩარხავ.

იცი, ზოგჯერ რთულია გაარკვიო, ძილი იმიტომ გერღვევა, რომ დეპრესია გაქვს თუ წლების განმავლობაში დილის 3 საათამდე ტელეფონის სქროლვამ, მეტი რომანტიზმისთვის მტკივან გულზე სევდიანი მუსიკის დამატებამ, ყოფიერების ამაო ჭვრეტამ და ამგვარად ოღრაშმა ცხოვრებამ თავისი გაიტანა. 

 

ერთი ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა კონტინიუმია და პოლუსებად არ იყოფა. დეპრესიის დიაგნოზი რომ დაგისვან, პირობითად, 10 კრიტერიუმიდან 8-ს უნდა აკმაყოფილებდე, და შენ თუ მხოლოდ 7 ქულა მოაგროვე, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს მიერ აღქმული სუბიექტური მოცემულობა, დეპრესიული არაა. და არც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად სტატიკურად იქნები გაჭედილი ცხოვრების არცხოვრების სურვილში. 

 

როგორც ფროიდი იტყოდა, ზოგჯერ რიცხვი, უბრალოდ რიცხვია ;* 

 

მინდა, ერთი სამოტივაციო ინსაიტით დაგემშვიდობოთ. 

ნიცშეს ის ფრთიანი ფრაზა ხომ იცით, “...and if you gaze into the abyss, the abyss gazes also into you.” ჰოდა, უფსკრულიდან მომზირალ ორ შრეკისჭაობისფერ თვალზე უარესი რა არის იცით? იქედან სიცარიელე რომ გიმზერს.
ქრისტეს შობიდან 2022 წელი, საქართველო, ლარის კურსის ბანცალის ეპოქა.