OMG

Dayeasy ანუ ილუსტრირებული ემოციები

4 მაისი 2021

 

​“ჩემთვის გრაფიკული დიზაინი ვიზუალური თამაში და სიტყვების ნაცვლად ფერებითა და ვიზუალებით თხრობაა,” - იკო

ყველა კუთხესა თუ სოციალურ ქსელში მიმოფანტულ გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი კურსების რეკლამებსა და, შესაბამისად, გრაფიკული დიზაინერების ნამუშევრებს უკვე თქვენც შეამჩნევდით. თუ ეს სიტყვები თქვენთვის ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს მარტივად გეტყვით, რომ გრაფიკული დიზაინი არის ყველგან, საითაც გაიხედები: შენს მაისურზე, მობილურ ტელეფონზე, ყავის შეფუთვაზე და ა.შ. 

ხოდა იმას ვამბობდი, რომ მსგავს ეპოქაში რთულია თქვა შენი სიტყვა ისე, რომ არავის სიტყვას დაემსგავსოს. ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუკი განვაცხადებ, რომ სრულიად შემთხვევით სწორედ ასეთ ხელოვანს (ეს სიტყვა შემთხვევით არ გამომიყენებია) წავაწყდი და სადაცაა მის ვინაობას თქვენც გაგიზიარებთ.

„მაჩვენე შენი ილუსტრაცია და გეტყვი ვინ ხარ შენ“ - სწორედ ასე დავახასიათებდი Iko illustrates, იგივე იკო ელბაქიძეს, რომელიც 4 წელია გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია.


 

საკუთარი თავი არაერთ პროფესიაში გამოსცადა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ფურცელზე არსებული ჩანახატების გრაფიკულად გადმოცემის დრო იყო. ასე დაინტერესდა ამ სფეროთი, თუმცა პროფესიის შესასწავლად სასწავლო კურსების გავლა არ დასჭირდა: “დღეს, როცა ინტერნეტის საშუალებით ულევ ინფორმაციისა და საგანმანათლებლო რესურსების კარი ღია გვაქვს, ახალი პროფესიის შესასწავლად, ვთვლი, რომ ინგლისური ენის ცოდნა და ცოტაოდენი მონდომებაც საკმარისია, ამიტომაც გრაფიკული დიზაინის შესწავლა სრულიად უსასყიდლოდ, Youtube-ზე განთავსებული ვიდეოების მეშვეობით დავიწყე”.

როგორც ყვება, თავდაპირველად ბევრ სირთულეს წააწყდა, რადგანაც სწავლების ეს მეთოდი არათანმიმდევრულია, თუმცა ბევრი შრომით შედეგს მიაღწია და დღეს საკომუნიკაციო ორგანიზაცია “დემლაბის” გრაფიკული დიზაინერი და “Dayeasy shop-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

Dayeasy-ის” იდეა პანდემიის დროს დაიბადა, როდესაც სახლში გამოკეტილები კედლის ყურებაში დიდ დროს ვატარებდით. Ხოდა ვიფიქრეთ, რომ ინტერიერში სიახლეების შეტანით ადამიანებს ერთფეროვან ყოველდღიურობას შევუმსუბუქებდით.”

ნამუშევრები მინიმალისტურია. ყველა მათგანი რეალურ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ სცენებს გამოხატავს, გვაღიმებს და საკუთარ თავს გვახსენებს. ნამუშევრის მთავარი გმირი კი, ავტორის თქმით, თავად მნახველია. “ჩემთვის გრაფიკული დიზაინი ვიზუალური თამაში და სიტყვების ნაცვლად ფერებითა და ვიზუალებით თხრობაა. ამიტომ ვცდილობთ ადამიანებამდე ემოციები მივიტანოთ. ეს არა მხოლოდ ნამუშევრებით, არამედ შეფუთვითა თუ მყიდველთან კომუნიკაციით ხდება”, - ასე გვიყვება იკო.

ხატვას ყოველთვის ღამით იწყებს - მაშინ, როდესაც გარე სამყაროს კარებს მჭიდროდ მოიხურავს, საკუთარ თავთან მარტო რჩება და მთელი დღის ნაგროვები ემოციებისგან იცლება. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, მისი ნამუშევრები ამ დროს იპოდრომზე იქმნება, რადგან აქ განსაკუთრებულად მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს. „ხატვის დაწყება დაბრკოლების გადალახვას ჰგავს ჩემთვის, თუმცა როგორც კი პირველ მონახაზს შევქმნი ვგრძნობ, როგორ ვტოვებ აქაურ და ვუახლოვდები ჩემს პირად სამყაროს, სადაც ისეთი გრძნობები მხვდება, რომლებსაც სხვაგან ვერსად და ვერაფერში ვაწყდები.“ შეიძლება ითქვას, რომ მისი ცნობილი ილუსტრაცია “found a peaceful place” სწორედ მის ამ მდგომარეობას გამოხატავს, რომელსაც თავად ავტორი პირად სამოთხეს უწოდებს.


 

რაც შეეხება მის ერთ-ერთი ფავორიტ ილუსტრაციას “The connection”, მასში გულსა და გონებას შორის არსებული კავშირია ასახული, რომელიც ხანაც მეგობრული, ხან კი მტრულია. მისი შემდგომი ილუსტრაცია “Sinking the feelings” კი მათი ომის შესახებ გვიყვება, რომელიც ავტორმა თავად გამოსცადა: „გული ომობდა და გრძნობებს აფრქვევდა, თუმცა ტვინი მას წყლით ჟღინთავდა და პაექრობის საშუალებას არ აძლევდა. ომი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა საბოლოოდ ტვინს რომ არ გაემარჯვა.“



როგორც თავად ყვება, ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი თავის პროფესიულად განვითარება ისე მკაცრად გადაუწყვიტავს, როგორც არასდროს. „ცხოვრებაში ყველაფერს შრომით მივაღწიე და არც ახლა ვაპირებ გამართლების მოლოდინში იმ დროის დაკარგვას, რომელიც შემიძლია საკუთარი უნარების დახვეწასა და სასურველი შედეგების მიღწევას მოვახმარო“.