CU-ს მტკივნეული პერიპეტიები

19 ოქტომბერი 2022

2019 წელი, 2 სექტემბერი,

დიდი აღმართი,

„პინგვინები“,

„პაპკა“,

რეგისტრაცია,

გაკვირვებული სახეები, 

მაღალკურსელების დამცინავი მზერა,

ავტობუსი 28, აწ უკვე 328, 

სახლი. 

2019 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და კარგად მახსოვს ის ემოციები, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლდა. მოვხვდი იქ, სადაც ვოცნებობდი, რითაც მშობლები და ნათესავები დღემდე ამაყობენ. 

კავკ-უნიზე საუბრისას, სჯობს იმაზე მოგიყვეთ რა გამოყოფს ამ უნის სხვა უნებისგან.

 

ავტობუსი 328 ან ფეხადინით „გოლგოთის მთაზე“ ასვლა 

 

მარჯანიშვილის მეტროდან როგორც კი ამოხვალთ, ხელმარცხნივ ზებრაზე გადაჭრის შემდეგ მოხვდებით გაჩერებაზე, სადაც ეს ლეგენდარული ავტობუსი დგას და ყოველ 15 წუთში გადის. რთულია ადგილის პოვნა, მარა თუ ახალ ჩამომდგარია შეგიძლია დაჯდე, თუმცა მალე ვიღაც ქალი ამოვა და აგაგდებს, რადგან ის უფრო დაღლილია ვიდრე შენ. ამას რომ თავი დავანებოთ, ამ ქალს გვერდით თავისი მეზობელი მიუჯდება და დაიწყებენ ბაასს იმის შესახებ, თუ რატომ გახსნეს საერთოდ ეს უნივერსიტეტი, ისედაც იმდენს იცდით და ბარემ კერძო ტრანსპორტიც დაგინიშნონ რა გახდა, ჩვენი ადგილი აქ არასდროს არაა....... მოკლედ მთელი 15 წუთის განმავლობაში, რა დროც უნიმდე მისვლას უნდა, მიდის ჩვენი ლანძღვა და ჩვენ თუ ხმა ამოვიღეთ თავხედები და გაუზრდელები ვართ და საერთოდ რა თაობა მოდის?

ამის სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ უნივერსიტეტში ფეხით ასვლა, რაც სრული კოშმარია დამერწმუნეთ (სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ფეხით, ისიც „პინგვინობის“ პერიოდში). მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და უბრალოდ გზა და აღმართი არ მთავრდება. მართლა გოლგოთაა, არ ვაჭარბებ. 

 

ფორმა-100

 

გამოცდის აღდგენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ გარდაიცვალეთ, ოღონდ ესეც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დაადასტუროთ და დამიჯერეთ იმხელა ბიუროკრატიაა, რომ გირჩევთ გამოცდები დაწეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოკვტეთ.......

ხშირად მენეჯერები უბრალოდ არ გიჯერებენ, რომ ოპერაცია გაიკეთეთ, ან ავად იყავით, ან ნათესავი გარდაგეცვალათ, ანუ მკითხველნო, საბუთებითაც არ იჯერებენ. მართლა მთელი ენერგია უნდა ჩადოთ იმის მტკიცებაში, რომ აღდგენაზე გახვიდეთ. თუ ეს დაგეზარებათ, შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ გამოცდის აღდგენის და თქვენი ნერვული სისტემის შენარჩუნების მიზნით. 

 

CU Welcome Party

 

ეს ის წმინდა რამეა, რასაც არ უნდა შევეხოთ. მთელ ქალაქში ლეგენდები დადის ამ მოვლენასთან დაკავშირებით. და მართლაც გრანდიოზულია თავისი VIP ფოერვერკებით და 500 000 ლარიანი ტორტით. არა მართლა კარგი ივენთია, უბრალოდ წელს იმდენი პირველკურსელი მიიღო უნივერსიტეტმა, ძირძველ სტუდენტებს მისვლის საშუალებაც არ გვქონდა. მარა „პინგვინები“ კარგად გაერთნენ, ჩვენი პაწუკები, რა იციან წინ რა ელით… 

 

„სამეცადინო მაქვს ვერ გამოვალ“ 

 

მთელი აბიტურიენტობა მეგონა, რომ ეს ფრაზა გაპრავების კაი საშუალება იყო, მეგობრებთან ერთად წასვლის თავიდან არიდების მიზნით. თუმცა უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ ეს ფრაზა ხშირად გულიდან ამოსული სიტყვებია და რეალურ რეალობას აღწერს. რადგან შეიძლება 7 იანვარს გამოცდა გქონდეს, 31 დეკემბერს გაცდენილი ლექციის აღდგენა და საერთოდ ზაფხულში მხოლოდ 1 თვეს ისვენებდე და ისიც 30 აგვისტოს სწავლა გეწყებოდეს. მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ამ „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მაგარ უნივერსიტეტს“ დასვენების ოფიციალურად გაუქმებისთვის. 

 

საგანის „შეტენვა“ ფასიანია ძმებო

 

მიღებული ფორმაა კავკუნიში 5-6-7 წლის განმავლობაში სწავლობდე და შენი ოჯახის ყველანაირ დანაზოგს შეტენილი საგნების ხელახლა გავლას ახმარდე, ან მუშაობდე და მთელი ხელფასი ამაში მიდიოდეს. ჩვენთან ფინალურ გამოცდაზე 30 ქულიდან 18 ქულაა ბარიერი (შეიძლება ლექტორმა 17,5 დაგიწეროს და მაგის გამო საგანი შეგეტენოს, ეს ჩვენთვის უბრალო ოპერაციაა), და იმისთვის რომ ფინალურ გამოცდაზე დაგიშვან 41 ქულა მაინც უნდა გქონდეს შეგროვებულ-შეკოწიწებული. ანუ  9 თავიანი გველეშაპი უნდა მოკლა, მეტი კი არაფერი. და თუ ლექტორმა გამოცდაში ჩაგჭრა შეგიძლია გამოცდა თანხის გადახდის შემდგომ ხელახლა დაწერო, ან საგანი შეიტენო და ხელახლა გადაიხადო იმ საგნის თანხა (სადღაც 500 ლარი ან მეტი, გააჩნია ფაკულტეტს). საკმაოდ საინტერესო ბიზნეს გეგმაა. მადლობა ბატონ პრეზიდენტს. 

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ტექნიკურ ნაწილზე გადავალ - სწავლა საკმაოდ ძვირია, ამ წელს ე.წ „კაზაჩოკები“ უნის ტრენდია, ცეზარი გაძვირდა და კავკუნის წელს ვამთავრებ. 

მადლობა, ნახვამდის.