წიწაკის სპრეი მიშველის?

23 აგვისტო 2021

კი, გიშველის თუ სწორად გამოიყენებ.

სამწუხაროა, რომ იმ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ხშირად გვესმის ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროვების ან მკვლელობის შესახებ. ამას ემატება  მთავარი ფაქტორი - ხელისუფლების უმოქმედობა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად. ჰოდა, ამ ქვეყანაში გადაადგილება სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება. განსაკუთრებით ქალისთვის. 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ  გარეთ აღარ უნდა ვიაროთ და 9-ის მერე სახლში გამოვიკეტოთ.   ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სხვადასხვა გზებს ვიცნობდეთ და საკუთარი თავის დაცვა თავად შეგვეძლოს.
ჰოდა, ამჯერად წიწაკის სპრეით თავდამსხმელის მოგერიებაზე მოგიყვები.


რა არის წიწაკის სპრეი?
წიწაკის სპრეი ქიმიური ნარევია, რომელიც ძლიერ ტკივილს და გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით თვალებთან შეხებისას, ამიტომ მისი გამოყენება თავდაცვის ერთ-ერთ მეთოდადაა მიჩნეული.

როგორ გამოვიყენოთ სწორად?

პირველი: ხელსაყრელი ადგილის შერჩევა
თუ წიწაკის სპრეი სხვადასხვა ნივთებთან ერთად ჩანთაში გექნება ჩატენილი მისი დროულად გამოყენება გაგიჭირდება, ამიტომ ეცადე სწორი ადგილი მოუძებნო. ჩამოკიდე ჩანთაზე, გასაღებზე ან დაიმაგრე შარვლის საქამრეზე.

მეორე: სწორად დაჭერა
სპრეი დაიჭირე დომინანტ ხელში. უმჯობესია ღილაკზე ცერა თითი გედოს და არა საჩვენებელი, ხოლო დანარჩენი თითები ძლიერად შემოხვიე მას, რათა ნაკლები იყოს მისი წართმევის შანსი.

მესამე: შესხურება
იმის შემდეგ, რაც დომინანტი ხელით სპრეის ძლიერად ჩაებღაუჭები, ხოლო ცერა თითს ღილაკზე მოათავსებ, მნიშვნელოვანია თავდამსხმელიისგან დაიცვა დისტანცია, რადგან სპრეის დაფარვის მანძილი 3 მეტრამდე აღწევს.  შემდეგ დაუმიზნე სპრეი ჯერ თვალებს, შემდეგ კი ცხვირს და პირს. უფრო ეფექტური იქნება თუ თავდამსხმელს სპრეის ყურიდან ყურამდე ჰორიზონტალური მიმართულებით შეასხურებ.
წიწაკის სპრეის ეფექტურობა ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ 15 წუთიდან 45 წუთამდე მოქმედებს.

მეოთხე: გაქცევა
იმის შემდეგ რაც დარწმუნდები, რომ თავდამსხმელს თვალები და სახე სითხით დაეფარა, სასწრაფოდ მოშორდი მას და მოძებნე უსაფრთხო ადგილი.

112-ში დარეკვაც არ დაივიწყო!

იმედი მაქვს არ დაგჭირდება, მაგრამ გეგდოს რა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ჰო გაგიგია?