ჩვენ, ომი და შფოთვები

11 მარტი 2022

პუტინმა ომი დაიწყო და არც ისე მშვიდობიანი მშვიდობა სამუდამოდ დაარღვია.
 

ყოველ დილას ვიღვიძებ და ვფიქრობ:
მე რომ მეძინა კიდევ რამდენჯერ გაიელვა ნარინჯისფრად უკრაინის ცამ?
მე რომ მეძინა კიდევ რამდენი კორპუსი აალდა?
მე რომ მეძინა კიდევ რამდენი სათამაშო დათუნია დარჩა უპატრონოდ?
მე რომ მეძინა კიდევ რამდენმა დახუჭა სამუდამოდ თვალები?

ადამიანებმა გავიღვიძეთ და მესამე მსოფლიო ომის პირას მისულ მსოფლიოში გავგრძელეთ ცხოვრება. ომმა ახალი შფოთვები თავზე სისხლისმსმელი ჭურვებივით ჩამოგვაყარა და ჩვენს უკვე არსებულ შფოთვებს შემატა.


 
როგორ გავუმკლავდეთ ომისგან გამოწვეულ შფოთვებს?  

 


რადგან არ მინდა ბანალური რჩევების კრებული გამომივიდეს, ვეცდები იმ რჩევებზე ვისაუბრო, რომლებითაც თავად ვცდილობ ახალ შფოთვებთან გამკლავებას.


ნაკლები სქროლვა


 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოველი დილა საინფორმაციო ფეისბუქ გვერდების სქროლვით იწყება, ვცდილობ დღის განმავლობაში შევამცირო  სქროლვადამოკიდებულება.
ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებით მაღალი სიხშირით ტრანსპორტში ვსქროლავ, ამიტომ თუ ძალიან არ მჭირდება მობილურ ინტერნეტს აღარ ვყიდულობ და ვცდილობ თან მრავალგზის მიგდებული წიგნი ვატარო.

მართალია უამრავი სენსიტიური ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა ვიცოდე, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად საკუთარ თავს ლიმიტს ვუწესებ. დღეში ორჯერ ან სამჯერ 15-20 წუთით შევდივარ ჩემთვის სანდო მედია საშუალების გევრდზე და სიახლეებს ვეცნობი. სხვა დროს კი ვცდილობ ინტერნეტი გავთიშო ან სხვა მიზნით გამოვიყენო.


კონცენტრირება ყოველდღიურ საქმეებზე
 


როცა მარტო ვრჩები ხშირად ვფიქრობ მომავალზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ბედზე და ზოგადად მსოფლიოზე, რომელსაც შეშინებული პუტინი ატომური იარაღით ემუქრება. სამწუხაროდ, იმ ფაქტის მიღება მიწევს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს რაღაცები, რაც ჩემდა დამოუკიდებლად, ჩემი  კონტროლის მიღმა მოხდება, ამიტომ ვცდილობ ჩემი ყურადღება  ყოველდღიურ საქმეებზე გადავიტანო. ვიფიქრობ რუტინულ საკითხებზე მაგალითად : რა ჩავიცვა?  ჯერ რომელ თასქს მივხედო სამსახურში? რა გავიკეთო სადილად? რომელ ფილმს ვუყურო საღამოს ? სად წავიდე მეგობრებთან ერთად ? და ა.შ.
 


საკუთარი წვლილი
 


როცა ჩემი უსუსურობისა და ჩემდა დამოუკიდებლად წარმართული პროცესების გამო ადგილს ვერ ვპოულობდი ავდექი და უკრაინელთა მხარდასაჭერ აქციაზე წავედი. ამ დროს შეიძლება უკრაინელ ხალხს ვერაფრით დავეხმარე, მაგრამ ოდნავ მაინც დავიმშვიდე საკუთარი თავი და ბოროტების წინააღმდეგ რაღაც მინიმალურის გაკეთება მაინც შევძელი.
აქციებზე დგომის და მხარდაჭერის გამოცხადების გარდა სხვა საშუალებებიც არსებობს მათ დასახმარებლად. ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, თანხის გადარიცხვა და ა.შ.



საყვარელი საქმეების კეთება


ომის დაწყების მერე პირველად ჩემს საყვარელ ბარში წასვლა რომ დავაპირე, სახლში დავრჩი სინდისშეწუხებული, მაგრამ მერე მივხვდი - ჩემი სახლში ჩაჯდომა და ემოციური ფოტოების თვალიერება არავის დაეხმარებოდა. ხანდახან, როცა ერთად ბევრი უბედურება დაგვატყდება თავს, ფოკუსის საკუთარ თავზე მიმართვა შეიძლება ცოტა ეგოისტური, მაგრამ ეფექტური აღმოჩნდეს, ამიტომ ახლად შემომატებულ შფოთვებთან გამკლავებაში ყველაზე მეტად ის მშველის, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი შინაგანი სიმშვიდის საიდუმლო გარეთ ბოდიალში და სურათების გადაღებაში მოიძებნება.