WTF

ჭკვიანად იყავი

14 ივლისი 2022

როდის დაიწყო დროის ათვლა?

დავიწყებული მოგონებები სად ინახებიან?

სულის სწორები მართლა არსებობენ?

სამყაროში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. პასუხგაუცემელი კითხვების სასაფლაოზე ბინადრობს შემდეგი კითხვაც: რას გულისხმობენ ადამიანები, როცა “ჭკვიანად იყავი”-ს გვეუბნებიან? 

ის უფრო სავარაუდოა დავიწყებული მოგონებების ადგილსამყოფელს მივაგნოთ, ვიდრე ამ კითხვის პასუხს იმდენად ჩავწვდეთ, რომ პასუხგაუცემელი კითხვების სასაფლაოდან დავიხსნათ და ერთხელ და სამუდამოდ ამოვხსნათ მისი  ნერვებისმომშლელი საიდუმლოება.

 

ყველაფერი მტვრის ნაწილაკიდან დაწყებულა. კოსმოსური აფეთქებების ფონზე, ჭორიკანა მეზობლების, შენი ბედის მომჩივანი ნათესავების, “სხვების შვილები არ მაინტერესებს“ და ამავდროულად “მადონას შვილი სამედიცინოზე გრანტით მოწყობილა” დედების, “სახლში აღარ მოდიხარ?” მამების, “შენ კი გენდობი, მაგრამ …” პარტნიორების და “მამაშენის შვილმა ეგ რავა უნდა იკადრო” ბებიების შექმნის იდეაც ჩასახულა. 

აი, ჩემი კვირების დამტვერილი ოთახიდან კი არაფერი აღმოცენებულა. მოკლედ, ლირიული გადახვევიდან უკან რომ გადმოვუხვიოთ, ზემოთ ხსენებულთა ჩასახვამ ჭკვაიანად ყოფნა არსებობის წინაშე დააყენა. ამ ყოველივეს ფილოსოფიურ-ეგზისტენციალური სახელი რომ მოვუფიქროთ, ასე დაიბადა ჭკვიანური ყოფიერება. არა, არ შეცდე. ეს ჩვენი ჭკვიანური ყოფიერება წიგნების სიყვარული, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებისა და რაციონალურად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად  განვლილი ყოფიერება კი არაა, არამედ რაღაც სხვა,  უფრო კომპლექსური.

 

ჰო გახსოვს, დაბადების დღეს რომ გვლოცავენ ხოლმე, ისე გეცხოვროს როგორც შენს მშობლებს გაუხარდებათო, დნმ-ები რომ შეუდარებიათ, “ჭკვიანად იყავი” მაგ დალოცვის გარე ბიძაშვილი აღმოჩენილა.

დალოცვა კი კარგია, მაგრამ ეგებადა მე და ჩემს მშობლებს სულ სხვადასხვა რამე გვიხარია? ან ჩემს მიერ აღქმული ჭკვიანად ყოფნა, ჩემი მშობლების ჭკვიანად ყოფნის  აღქმისგან რადიკალურად განსხვავდება? მაგრამ ჰო იცი, მშობლებს ყოველთვის კარგი უნდათ შენთვის და ეს კარგი რომ უპირობოდ მისაღები უნდა იყოს, ეგეც გეცოდინება.  აბა, ტყუილად გზრდიდა ამდენი ხანი?

აქვე ერთი საგულისხმო გარემოებაა. “ჭკვიანად იყავი”-ს მარტო მაშინ გვეუბნებიან (თუ უუუიშვიათეს შემთხვევებს არ ჩავთვლით) როცა რეპლიკის ავტორთა თვალთა ხედვის არეალს ვცდებით და მათ “გავლენას” ზღურბლს იქით ვტოვებთ. ანუ, გამოდის რომ ჭკვიანად ყოფნის ინსტიტუტი შეფარულ ძალაუფლებას და იმ აზრის თავს მოხვევას  ემსახურება - ემანდ რამე ისეთი არ ჩავიდინოთ, რაც რეპლიკის ავტორებს  განაწყენების საბაბს მისცემთ.

 

რეპლიკის ავტორებს ჰაერზე არ ვახსენებ, რადგან მხოლოდ მშობლების ლექსიკონში არ არის შემოხაზული ზემოთ მრავალჯერ ნათქვამი შეგონება. თითქმის ყველა ურთიერთობაში ერთი “ჭკვიანად იყავი” უსიკვდილოდ აგდია.

ანუ, რა გამოდის? თუ ყველას “ჭკვიანად ყოფნის სტანდარტებს” ჩავწვდებით და გავითვალისწინებთ, ჩვენი საკუთარი ყოფნის სტანდარტები და იქვე არა-ჭკვიანად ყოფნის სურვილიც სად უნდა წავიღოთ? ამ კითხვასაც პასუხგაუცემლეთა კითხვების სასაფლაოზე გავუთხაროთ სამარე?

ნწუ.

ჰო, გახსოვს კოსმოსური აფეთქებების ფონზე ადამიანთა შექმნის იდეებზე რომ მოგიყევი, მანდვე, “სხვების შვილები არ მაინტერესებს“ დედების კოსმოსური ნამსხვრევის კვეთაზე, იმ ადამიანების შექმნის იდეაც ჩასახულა, რომლებიც კარგი შვილები, კარგი შვილიშვილები, კარგთან ოდნავ მიახლოებული მეზობლები არიან და თან ისე ცხოვრობენ, როგორც მოეპრიანებათ.

 

ეს ოქროს შუალედი სად უნდა იპოვო არ ვიცი, მაგრამ თუ საძებრად წახვალ, იცოდე - ჭკვიანად იყავი!