OMG

ჩემი დღევანდელი უსუსურობა

24 თებერვალი 2022

უსუსურობა პირველად 2008 წლის ზაფხულის ერთ ღამეს ძილში შემომეპარა.

14 წლის წინანდელ სიზმრებში ჩემს სახლში რუსი ჯარისკაცები თავიანთი ბინძური ბათინკებით დააბიჯებდნენ.

მამაჩემი არსად ჩანდა.

დედაჩემი ტიროდა.

რამდენიმე დღე ყველა სიზმარში მიწათხრილებში ვიმალებოდი. 9 წლის ბავშვი ვიყავი, რომელიც არც ამ სიზმრებისთვის იყო მზად და არც იმ რეალობისთვის რომ საკუთარი ბიძა დაჭრილი ჯარისკაცებით გადავსებული საავადმყოფოს კედლებზე მოეძებნა.

ადამიანები ხშირად სიზმრების გახსენებას ვცდილობთ. ეს კი ის სიზმრებია, რომლებსაც ჩემი ბავშვობიდან თვალისდაუხამხამებლად ამოვშლიდი და იმ ფიქრებსაც მივაყოლებდი, რომლებშიც ჩემი საყვარელი ადამიანები ათასჯერ მოკდნენ.

 

მაგრამ, იქნებ სწორედ ეს მოგონებები და მათგან მოგვრილი ჟრუანტელი გვაქცევს იმ ადამიანებად, რომლებსაც სხვების ტკივილი გვესმის?
 

უსუსურობამ მეორედ, დღეს დილას, გაღვიძებისთანავე მალევე დატბორა ჩემი სხეული და ის თვალები ამიმღვრია, რომლებსაც დიდი ხანია არაფერზე უტირიათ.

9 წლის ბავშვი აღარ ვარ, არც უსუსური მგონია თავი, მაგრამ თითქმის 23 წლის მეს მაინც მომეპარა და წამით ხელები სევდიანად დამაშვებინა ძირს. უცებ დიდი სამყაროს უმნიშვნელო წერტილი აღმოვჩნდი.

ვერ გადავუდექი გავარვარებულ ტყვიებს.

ვერ დავამშვიდე ატირებული ბავშვები.

ვერ მივაჩუმე სირენების ხმა.

ვერც მკვადრი ჯარისკაცები გავაცოცხლე

და ვერც პუტინს ვურტყი სახეში წიხლი.

საწოლზე წამომჯდარს წინ ბარიკადად ამ სამყაროში გაღვიძების შიში წამომემართა და სახეში ის რეალობა გამაწნა, რომელშიც ხანგრლივი არაფერია - მითუმეტეს მშვიდობა, თუმცა ამ რწმენით არც ბოროტებას უწერია დიდი დღე.

ტანზე ეკლები ჯერაც არ გამნელებია, არც ბავშვობის სიზმრები გაბუნდოვნებულა და არც უსუსურობის განცდა გაწოვილა სხეულიდან, მაგრამ სადღაც უსუსურობის მიღმა უმნიშვნელო ნაბიჯებსაც აქვს მნიშვნელობა. არაფრის მომცემ სიტყვებსაც აქვს ძალა.

დღეს კი რაც შემიძლია უსუსურობის მიღმა გავაკეთო, საღამოს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხთან ერთად დგომა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.