WTF

ბოლო ორი ათწლეულის საარჩევნო დაპირებები

24 სექტემბერი 2021

გადაჭარბებული არაფერია კარგი, განსაკუთრებით კი შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებებიო, უთქვამთ ძველად… 

ალბათ არჩევნების პერიოდში ნებისმიერ ჩვენგანამდე ხშირად მოუღწევია გაბრაზებული და ცოტაც გადაღლილი მოქალაქის საჩივარს, ახლა ისევ დაიწყება შეუსრულებლობისათვის განწირული დაპირებების გაცემა, თანაც ჩემთვის მაინც არაფერი იცვლებაო... მათთვის კი ორი ამბავი მაქვს: პირველი ის, რომ სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხოლო მეორე ის, რომ რამდენიმე დღეში კვლავაც შევძლებთ საკუთარი პოლიტიკური შეხედულების საარჩევნო უბანზე დაფიქსირებას. 

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს, ანუ მერები და საკრებულოს წევრები უნდა ავირჩიოთ. მართლაც რთული მისია გვეკისრება. მაშინ, როდესაც ქალაქები და სოფლები სანდომიანი ღიმილის მქონე პოლიტიკოსების ბანერებით დაამშვენეს, ტელევიზიებშიც მუდამ მათი საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს და არც სოციალურ ქსელებში დაბუსტული პოსტები გვანებებს თავს, სწორი თუ ვერა, ისეთი არჩევანი მაინც უნდა გავაკეთოთ, თავად რომ მოგვეწონება. როგორც საქართველოს მეორე პრეზიდენტის, გერმანიის გამაერთიანებლისა და კიდევ არაერთი ფეხზე წამოსადგომი რეგალიის მფლობელის, ედუარდ შევარდნაძის 2004 წლის საარჩევნო პლაკატზე ეწერა: “ღირსეული ბევრია, არჩევანი ერთი.”

მართალია, არჩევანი ერთია, მაგრამ პარტიაა თოთხმეტი. 2 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე 14 პარტიის წარმომადგენლთა სახელები დაგვხვდება. მათგან რამდენიმე შესაძლოა სულაც ვერ ვიცნოთ, ხოლო ვისი სახელებიც მეტ-ნაკლებად ნაცნობი იქნება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათი საარჩევნო გეგმებისა თუ დაპირებების ერთმანეთისაგან გარჩევა გართულდება. სქართველოში ჩატარებული არჩევნები და პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. იშვიათად თუ შევხვდებით ვინმემ უკვე არსებული საარჩევნო გეგმისაგან განსხვავებული წარადგინოს. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული უამრავი სხვადასხვა შედეგის დაპირება გვახსენდება. ბევრი მათგანი კი აქტუალობას არც კარსმომდგარ არჩევნებზე კარგავს. ყველაზე ხშირად გაჟღერებული დაპირებები კი ასეთია:


სამუშაო ადგილების შექმნა

სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის აღმასვლასთან დაკავშირებული დაპირებები, დამეთნხმებით, რომ ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი თემაა... გამუდმებით, ნებისმიერ ეთერში საათობით შეუძლიათ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკონ, იმაზე თუ როგორ აპირებენ შექმნან “ათას ცხრაას ორიათასი” სამუშაო ადგილი და როგორ აიყვანონ ეკონომიკის დუღილის ტემპერატურა 1000°C-ზე.

დაწყებული 2004 წლიდან, დასრულებული პოლიტიკოსების უახლესი ეთერებით სამუშაო ადგილების გაზრდა უპირობოდ ნებისმიერის პროგრამაშია. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პირველივე წლებში ეკომინიკური ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, 2012 წელს კი იგივე პარტია უმუშევართა რიცხვის განახევრებას დაგვპირდა, ამავე წელს ბიძინა ივანიშვილისაგან 100 ქარხნის ამუშავების პირობა მივიღეთ, 2016 წელს კი 200 000 ათასი სამუშაო ადგილის დაპირება გასცა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო გეგმის წარდგენისას. “სტრატეგია აღმაშენებელიც” იმავეს უკიჟინებს, 2020 წელს კი “ლელო” მარშალის გეგმის მიხედვით ახალგაზრდებს პირველი სამსახურით უზრუნველყოფას სთავაზობს. შესაძლოა, მმართველმა პარტიებმა სანამ დაპირებებს გაიმეორებდნენ მართლაც მოახერხეს დასაქმებულთა კონკრეტული პროცენტულობით ზრდა, თუმცა კვლავაც ამდენი სამუშაო ადგილი რომ გვჭირდება, ალბათ, პრობლემა უკეთეს მიხედვას იმსახურებს.

მოკლედ, უსაზღვროდ დიდი და ნაკლებად მრავალფეროვანი საკითხია ქართველი პოლიტიკოსებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სიყვარული... 


უკეთესი განათლების სისტემა

განათლება და განათლებული თაობა რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია პიჯაკში გამოწყობილი თუ ვითომ ქუჩაში მხარდამჭერთან შემთხვევით შეხვედრილი პოლიტიკოსისაგან არაერთხელ გაგვიგია, განათლების რეფორმის აუცილებლობასა და საზღვარგარეთის განათლებაზეც ხშირად უსაუბრიათ... მაგრამ მაინც იშვიათად თუ წარუდგენია რომელიმე პარტიას ზუსტი და კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ამ მიმართულებით.

განათლების სისტემის პრობლემებსა თუ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყველაზე კონკრეტული და თანმიმდევრული პარტია “გირჩი” იყო. პარტიის მიერ 2020 წელს ამომრჩევლისათვის შეთავაზებული გეგმის მიხდვით, განათლების სისტემის გაუმჯობესებას ნაკლები რეგულაციები სჭირდება, კერძო და საჯარო სკოლებიც სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად უნდა იქმნებოდეს და მშობლები და სკოლის დირექტორები თავად უნდა წყვეტდნენ, ვინ იქნება მასწავლებელი.

საზღვარგარეთის განათლებას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გეგმაშიც ეთმობოდა ადგილი. “სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში,”- წერია მოქმედი პრეზიდენტის 2018 წლის საარჩევნო გეგმაში. ალბათ, თქვენც ისევე არ გინახავთ სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთში გაშვებული სტუდენტი, როგორც მე ბიძინას 100 მოგუგუნე ქარხანა, ან თბილისის ქუჩებში მოსეირნე უცხოპლანეტელი.


რეგიონების დაწინაურება

სამართლიანობისათვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სანამ პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურს ტურისტულ ცენტრად გადაქცევას დაუპირებდა, მამუკა ხაზარაძე ქუთაიში, აეროპორტის მიმდებარედ საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას დაგვპირდა, მათ შორის, ქუთაიში ისეთი გიგანტების მოწვევასაც აპირებს, როგორებიცაა Amazon, Alibaba, GDL, TNT და ა.შ. მას არც რაჭა დავიწყებია და რეგიონის საერთაშორისო სკოლა-კამპუსების ცენტრად გადაქცევა სურს. შალვა ნათელაშვილს თუ არა, მამუკა ხაზარაძეს მაინც ვანდოთ ერთხელ ეს ქვეყანა, გამოწერილი ნივთების სწრაფად ჩამოსვლის გულისთვის მაინც… 

რეგიონებში შექმნილ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და შემდეგ მხოლოდ გამგებლის სახლის წინ გზის დაგება, ალბათ, ნამდვილად კარგ პოლიტიკურ ალღოს უნდა მიანიშნებდეს. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით დატვირთული იყო რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული დაპირებებით, იქნებოდა ეს ქარხნების მშენებლობა (ბიძნას და ვილი ვონკას ძალიან ყვარებიათ ქარხნების მშენებლობა…) თუ მიწათმოქმედების ხელშეწყობა. ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო გეგმის მიხედვით, თითოეული სოფელი ფულად დახმარებას მიიღებდა. ხოლო, ნაციონალური მოძრაობის გეგმის მიხედვით, ყველა სოფელში მოგვარდებოდა წყლის, გაზისა და გზების პრობლემა.

წლების უკან “რესპუბლიკური პარტია” სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს ბიზნესის დასაწყებად თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას სთავაზობდა, თუმცა მათი იდეა ამომრჩევლის ყურადღების მიღმა დარჩა..


გადასახადებზე ფასის კლება

“გაზი - 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი - უფასო!” 2010-იან წლებში “ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის” მიერ გაცემული ეს დაპირება ნამდვილად არ ჩამოუვარდება ამჟამინდელი პროფესიონალების შემუშავებულ საარჩევნო სლოგანებს. 

გადასახადების შემცირება მართლაც მომხიბვლელი დაპირებაა და ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობაზეა გათვლილი. თუ, მაგალითად, არც რეგიონებში გზების დაგება და არც პენსიების ზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი ჯერ-ჯერობით არაა, გადასახადები ყველას გვაინტერესებს და ცხადია, უფასო წყალზე უარს ვერავინ გვათქმევინებდა.

2016 წელს “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ გეგმაშიც მოხსენიებული იყო გადასახადებზე ფასების დაწევა. გასულ წელს კი “ევროპულმა საქართველომ” შემდეგი სახელით წარადგინა ეკონომიკური გეგმა “ნაკლები გადასახადი, მეტი ფული შენს ოჯახს.”

ნამდვილად ჭირს გადასახადების კლებასთან დაკავშირებული საუკეთესო დაპირების ამორჩევა… ალბათ, გადასახადების კლებასთან დაკავშირებული დაპირებებით მუდმივად გაგვანებივრებენ პოლიტიკოსები. შეუძლებელიც კია დაპირებამ აქტუალობა დაკარგოს, თუმცა მათი შეუსრულებლობით რომ ამომრჩეველი იმედს კარგავს, უკვე შესამჩნევია. აბა, სხვა რა ვქნათ? 


პენსიების ზრდა

პენსიების ზრდაზე აქცენტის გაკეთებაც საკმაოდ უყვართ პოლიტიკოსებს... ამომრჩევლისთვისაც საკუთარი, მშობლის, ბებია-ბაბუის  ანდა მეზობლად მცხოვრები მოხუცის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზემოთ დასახელებული დაპირებებიდან, ალბათ, ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის გეგმაში ყველანაირ მიზეზგარეშეა პენსიების ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ კარგი გათვლაა. აქტური ამომრჩევლები ძირითადად საპენსიო ასაკის მქონენი ან მასთან მიახლოვებული ასაკობრივი ჯგუფის წევრები არიან, შესაბამისად დაპირებებიც მათზეა გათვლილი. 

პოლიტიკოსები მეტი დამაჯერებლობისთვის ხშირად ასახელებენ კონკრეტულ თანხებს რამდენით გაზრდიან პენსიებს, ან რამდენს მიაღწევს მაქსიმუმი, ზოგსაც მრავალფეროვნება შემოაქვს, უცხოურ ვალუტას იშველიებს და აი, ამდენის და ამდენის ლარში ექვივალენტი გექნებათ პენსიაო. მაგრამ მაინც უფრო ხშირია ემოციური გამოსვლების დროს წამოძახებული “ჩვენ გავზრდით პენსიებს”. ამ ფრაზის გაგება ხომ გულზე მალამოდ გვედება, თვალებში იმედს გვიჩენს და წარმოვიდგენთ სამოცს გადაშორებულები იტალიის რომელიღაც სოფელში როგორ ვისვენებთ...

როგორც ჩანს, 275 ლარის ოდენობის პენსია მხოლოდ პენსიონრებისთვის კი არა, პოლიტიკოსებისთვისაც არ არის საკმარისი. აბა, კმაყოფილება მათ უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვან დაპირებებთან რა მოსატანია?

ბოლოსათვის კი ნამდვილად სამართლიანი იქნება გავიხსენოთ ბოლო ორი ათწლეულის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო სლოგანი, პოეტური შედევრი და ყველაზე პოპულალური დაპირებები ერთ წინადადებაში მოვაქციოთ. ასეთი სლოგანის ავტორი კი უკვე კარგად ნაქები ქრისტიან - დემოკრატები იყვნენ: “შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონრებს დაფასება!”