ბლოგი იმაზე, რომ ამერიკა 2008 წელს მხოლოდ წყლით არ დაგვხმარებია

7 აგვისტო 2022

ალბათ ერთხელ მაინც გექნება გაგონილი 2008 წლის ომის ერთ-ერთი მთავარი მითი - ამერიკა ომის დროს მხოლოდ წყლითა და საფენებით დაგვეხმარაო.

 

ჰოდა, მართლა მარტო წყალი გამოგვიგზავნეს?


2008  წლის 13 აგვისტოს ჯორჯ ბუშმა გამართა პრესკონფერენცია, რომლის საშუალებითაც გააფრთხილა რუსეთი, რომ ჰუმანიტარულ ოპერაციას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით იწყებდა. ამავე დღეს ბუშმა მისი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი საქართველოში გამოგზავნა, რათა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გადმოეცა საქართველოს მთავრობისთვის.
 

ცხადია, ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა ამერიკის ყოფნას რეგიონში და პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგა. 

“ველით, რომ რუსეთი შეწყვეტს ყველა სამხედრო აქტივობას საქართველოში და ველით, რომ რუსული სამხედრო ძალები, რომლებიც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში შევიდნენ, ქვეყანას დატოვებენ.” - განაცხადა ბუშმა. 

 

მისი გამოსვლიდან ზუსტად ერთ საათში თბილისის აეროპორტში სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა. 

 

ამ რეისის მიზანი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ჩამოტანა არ ყოფილა. ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვება, რუსეთის მიერ აეროპორტზე თავდასხმასაც ხელს უშლიდა და უფრო დიდ, პოლიტიკური მხარდაჭრის მესიჯსაც ატარებდა.
 

C-17-მა 850 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების ნივთი ჩამოიტანა. მეორე ეტაპზე სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის საპასუხოდ ქვეყანა 104 000 დოზა ანტიბიოტიკით მოამარაგა.

აშშ-ის საჰაერო ძალებმა მთლიანობაში 59 ჰუმანიტარული ფრენა შეასრულეს და საქართველოში 15.4 მილიონის ღირებულების 1145 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს.

თუმცა, როგორც აღვნიშნე ამერიკელებს ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ საჰაერო გზით არ ჩამოუტანიათ. მათ საქართველოში სამი გემი გამოაგზავნეს, რომლებმაც ჯამში 121 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, მათი ამ პერიოდის მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. გარდა ამისა, ამერიკამ ერაყიდან საქართველოში 8 რეისი განახორციელა და ქვეყანაში 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი ჩამოიყვანა. 

 

ომის შემდეგ კი ამერიკის ინიციატივით შეფასდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და დაიწყო პროგრამა, რომელიც  მიზნად სამხედრო აღჭურვილობის: ჯავშანტექნიკისა და საჰაერო თავდაცვის განვითარებას ისახავდა.

  
რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, აშშ-ს საერთაშრისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელმაც 250 000 დოლარი შეადგინა და სრულად მოხმარდა 10 000-მდე კონფლიქტისას დაზარალებულ ადამიანებს. USAID-ის მონაცემებით სააგენტოსა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 10 733 378 მილიონი დოლარი შეადგინა. 30 სექსტემბერს კი აშშ-ს კონგრესმა დამატებითი დახმარებისთვის 345 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ისევ გამოყო.


ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარიდან 1 მილიარდი სწორედ ამერიკას ეკუთვნოდა.  

 

‘’ერთი მხრივ ეს ფული დაეხმარება ქართველ ხალხს იმ ზარალის ანაზღაურებაში, რომელიც მათ ეკონომიკას მიადგა, მეორე მხრივ კი მკაფიო მესიჯს გზავნის, რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას” - განაცხადა სენატორმა ჯო ბაიდენმა 2008 წელს.
 

ომიდან 14 წლის თავზე და ამერიკა-საქართველოს პარტნიორიბის 30 წლის იუბილისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშშ-მა საქართველოს ყველაზე რთულ დღეებში ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი.