OMG

ბიცოლა ბიცოლას აღარ გავს, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთს კი!

30 ივნისი 2021

 

- მა, მე რომ დავიბადე, მაგ დროს ესპანეთი რომ გახდა ჩემპიონი, მეც მაყურებინებდი თამაშებს?

 

- კი, მა, მე ვუყურებდი და შენ მანეჟიდან აპარებდი თვალს.

 

- და რამხელა ვიყავი მაშინ?

 

- 3 თვის.

 

2008 წლის ევროპას მართლა ასე ვუყურეთ. ლაშიკო ჩემი შვილია და ზუსტად მაგ წელს დაიბადა.

 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, მე და ლაშიკო 2 წელიწადში ერთხელ ასე ვუყურებთ დიდ ტურნირებს. ლაშიკო სრული შეგნებით, მაშინდელი მანეჟიდან გამოპარებული მზერისგან განსხვავებით.

 

რაღაცნაირად ჩემი ოცნებაც ეგ იყო - ჩემ შვილთან ერთად გამერჩია დიდი თამაშები.

 

ლაშიკოს ძალიან უყვარს ისეთი ისტორიების გახსენება, სადაც თვითონაც მონაწილეობდა, მაგრამ არ ახსოვს. მაყოლინებს და ხითხითებს თავის თავზე.

 

ახლაც, ვსხედვართ ყოველ საღამოს მე და ჩემი აწ უკვე 13 წლის შვილი და ვარჩევთ თამაშებს.

 

მერე უცებ წარმოვიდგინე, 13 წლის დადუს რომ ვუყვები:

 

- მა, იცი, მე და ლაშიკო ევრო 2020-ს რომ ვუყურებდით, შენ მანეჟში იყავი და ჩვენთან ერთად უყურე ყველა თამაშს?

 

- რანაირად? მე ხომ დეკემბერში დავიბადე და ევროპის ჩემპიონატი ხომ ზაფხულში დატრდება?

 

- იცი, ევრო 2020 სინამდვილეში 2021 წელს ჩატარდა.

 

იფ, იფ, იფ, წინასწარ მეცინება ამ დიალოგზე.

 

იმას გავს, ვაკის რესტრავრაციის დროს მრგვალი ბაღის ხარაჩოზე რომ მიაწერა ვიღაცამ, მრგვალი ბაღი დროებით გადავიდა წერეთლის 34-შიო.

 

ჰოდა, ევრო 2020 გადავიდა 2021-ში.

 

ჰო, დადუცე ჩემი შვილია. 6 თვის.

 

ღრმა ტიფოზი ვარ ბავშვობიდან. იტალია რომ აგებს ხასიათში გადამდის, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო - უნგრეთის თამაშებზე მივიღე ყველაზე დიდი სიამოვნება. არა, განსაკუთრებულ ფეხბურთს სულაც არ თამაშობენ ორბანის ბიჭები, მაგრამ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სტადიონზე მაყურებლების 100% დაუშვა და რა ვქნა, ფანების გარეშე ფეხბურთს ყოველთვის მარილი აკლია. აი, ფლეისთეიშენზე რომ ვთამაშობთ ფიფას, მაგას გავს.

 

ახლა, როცა ამ სვეტს ვწერ, მეორე ტური სრულად ჩამთავრებულია, მაგრამ პროგნოზი მართლა უმადური საქმეა - რთულია ასეთ დროს ვინმე გამოკვეთო. რამდენიმე ფავორიტი ყავს ტურნირს: საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, იტალია, გერმანია. მაგრამ თავისუფლად შეიძლება სულ სხვა გუნდმა აწიოს თასი.

 

რაც აქამდე უეჭველი გამოიკვეთა ისაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია გარანტირებულად ბოლო ადგილზე გავიდა და ძალიან, ძალიან მიხარია. ბოღმა რომ იქნები ადამიანი. აბა რა ეგონათ, პირდაპირ დინამო არენაზე რომ წაგვართვეს ფინალისტობა და ზეიმობდნენ. იქ ფანები ვერ დავესწარით, თან ჩვენი მესი-რონალდო-პელე და მარადონა, ანუ, ყველაზე კარგი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშის წინა დღეს დავირუსდა კოვიდით. ჰოდა, აბა როგორია, უმაყურებლოდ და ულიდეროდ რომ გამოდიხარ მოედანზე? წინასწარ წავაგეთ ეგ თამაში. ცალი ფეხით პენსიაზე გასულმა გორან პანდევმა გაგვიტანა გამარჯვების გოლი და ისინი წავიდნენ ჩვენს მაგივრად. ჰოდა, ასე ვზივარ, პირში მუჭებით ვიყრი პოპკორნს და ვზეიმობ მაკედონიელების წაგებებს.

 

ნუ, ქვეჯგუფიდან რომ გასულიყვნენ პლედით და დიდი ჩაისი ჭიქით ხელში მაინც არ მოვუჯდებოდი ტელევიზორს. ცხელა და რაის პლედი.

 

ძალიან მინდა მაქსიმალურად შორს წავიდეს უკრაინა.

 

ჯერ ერთი, ქვეყანას ვგულშემატკივრობ ზოგადად. მერე, გამართულ ფეხბურთს თამაშობს. და რაც მთავარია, ერთიანი უკრაინის რუკა ახატიათ მაისურზე, იქვე სლავა უკრაინაც მიუწერიათ და აპირებდნენ მიეწერთ გერაიამ სლავა. ჰოდა, რუსეთმა უჩივლა - აბა რას იზამნდა. უეფა კიდე, რისი უეფაა, რომ რუსეთისთვის კოჭი არ გაეგორებინა (ფიფამაც ხომ გაურკვეველი დასაბუთებით მისცა მასპინძლის უფლება 2018 წელს). თან ასე ბოლომდეც ვერ გაიბითურებდნენ თავს და ადგა და მხოლოდ გერაიამ სლავა წააშლევინა. ჰოდა, ამის მერე რა თქმა უნდა განსაკუთრებული მოტივაციით ვგულშემატკივრობ.

 

აი, იტალია იტალის მართლა აღარ გავს, ბიცოლასი არ იყოს. არ ყავს არც ერთი ლიდერი. არ ყავს არც ერთი ტოპი. აღარ თამაშობს 5 მცველით. უტევს და უტევს. თან გააქვს და გააქვს. და თან არ უშვებს და არ უშვებს. ვივა სკუადრა აძურა! არ მინდა ფუჭი მოლოდინები შევიქმნა, მაგრამ ამათმა რომ თასი აწიონ, ალბათ 2006 წლის ემოციებთან გათანაბრებული რაღაც მექნება.

 

ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის ევროა, შარშან ზაფხულში რომ უნდა ჩატარებულიყო და ჯერ კიდევ 3 წლის წინ დავგეგმეთ მე და ლაშიკომ ამ თამაშებზე წასვლა (კოვიდი და ჯანდაბა ამას) და ეს ის ევროა, ერთ ნაბიჯში, ცხვირწინ რომ აგვწაპნეს ფინალისტობა, მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ ყველა თამაშს, იმიტომ, რომ როგორც იქნა, ზაფხული ზაფხულს გავს!