WTF

ბიჭი ქართლოსი

26 მაისი 2021

1995 წლის 26 მაისს დაიბადა ბიჭი ქართლოსი, რომლის სქესიც სამშობიაროში ჯამში ოცდაექვსჯერ გადამოწმდა მისი ოჯახის, ახლობლებისა და ნათესავების მიერ.

დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართლოსს სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ქართლოსის ბაბუა დიდი კაცი იყო, მამა-მფლანგველი.

ქართლოსის სახლში შემომტანი ემიგრაციაში წასული დედა იყო, ბებიისა და ბაბუის მცირერიცხოვანი პენსია მამას გაურკვეველ მიზნებზე იხარჯებოდა.

ქართლოსმა სწავლა ნახევრად დანგრეულ საჯარო სკოლაში დაიწყო. კედლებ-ჩაფშვნილ ვიწრო საკლასო ოთახში თავისნაირი 32 ბავში გაიცნო.

ქართლოსს სახლში - მამა, სკოლაში - პედაგოგები და კლასის, თავის მხრივ, ტრამვირებული თანაკლასელები დროგამოშვებით ჩაგრავდნენ.

ქართლოსს სკოლაში აკადემიური ცოდნა არ მიუღია, თუმცა გაიგო არაჯანსაღ სოციალურ ქსოვილზე, რომელშიც თავისი ადგილიც სწრაფად იპოვა.

ქართლოსის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება საეჭვო იყო, რადგან არ იცოდა შეძლებდა თუ არა ემიგრანტი დედა ფულის გამოგზავნას.

ქართლოსს ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე 4 რეპეტიტორთან არ უვლია. გამოცდებში დაბალი შეფასებები მიიღო და ძვირადღირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

ქართლოსმა პირველ ლექციაზე ემანუელ  კანტზე გაიგო, მისი ნაშრომი კი ვერ გაიგო.

ქართლოსი სტუდენტობის წლებში მეტწილად მშიერ-მწყურვალი, კარგად შენიღბული დახეული ტანსაცმლით დადიოდა, თუმცა ეს ძალიან არ აწუხებდა, რადგან სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ქართლოსი სტუდენტობისას არ მუშაობდა, რადგან თვლიდა, რომ მუშაობა სწავლაში ხელს შეუშლიდა.

რა გასაკვირია, რომ ქართლოსს უნივერსიტეტშიც არ მიუღია აკადემიური ცოდნა.

ქართლოსი არც სტუდენტობის მერე მუშაობდა.

ქართლოსმა სახელმწიფოს ზრუნვა ჯარში გაწვევის მოწმობით მიიღო.

ქართლოსი პოზიციონირებს, როგორც აპოლიტიკური ადამიანი. სინამდვილეში ეზარება პოლიტიკურ ლაბირინთებში გზის კვლევა.

ქართლოსმა გადაწყვიტა საქართველოს თანამედროვე ისტორიის გაცნობა, თუმცა 3 ოცდაექვსი მაისი,  ორი 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხები მისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა.

ქართლოსი ნამყოფი მხოლოდ თავის პირველ არჩევნებზეა, სადაც ყველა კანდიდატი გადახაზა.

ქართლოსმა ოჯახი ემიგრანტი დედის ხარჯზე შექმნა.

მიუხედავად თავისი შესაძლებლობებისა, ქართლოსი თვლიდა, რომ ქართული ოჯახი მრავალშვილიანი უნდა ყოფილიყო. მას და მის მეუღლეს 3 გოგო ეყოლათ.

ქართლოსს ბიჭები უნდოდა!

ქართლოსი შვილების აღზრდაში არ მონაწილეობდა, რადგან ეს კაცის საქმედ არ მიაჩნდა.

ქართლოსს ბოლო პერიოდში დედის ერიდებოდა, თუმცა ყოველთვიურად თანხას მაინც იღებდა მისგან.

ქართლოსი თვლიდა, რომ დასაქმება მხოლოდ კარგი ნაცნობობით იყო შესაძლებელი, ამიტომ სამსახურის ძებნით თავს არ იწუხებდა.

ქართლოსი მხოლოდ მეუღლესთან და შვილებთან კონფლიქტში რეალიზდებოდა.

ქართლოსმა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე თავის ერთ-ერთ დაბადების დღეზე თამადისგან შეიტყო.

ქართლოსს ქვეყნის სტატუსი ახარებდა, თუმცა არაფერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მსგავსი ცხოვრებაში არ ეგრძნო.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!