OMG

ათეისტის აღდგომა

29 აპრილი 2021

ბავშვობაში ღმერთი ჩემი წარმოსახვითი მეგობარი და ძილისპირული საიდუმლოს გამზიარებელი იყო. 13 წლის ასაკში ჩემი ნებით მოვინათლე, თითქოს მე და ჩემმა მეგობარმა თითები გადავისერეთ და გაღებული სისხლის წვეთების სანაცვლოდ, ერთმანეთს სამუდამო მეგობრობა შევფიცეთ. ერთ დღესაც გაბრაზებულებმა დახუჭობანას თამაში მოვინდომეთ. აღარ მახსოვს მე ვიხუჭებოდი თუ ის, მაგრამ ერთმანეთი ვეღარ ვიპოვეთ და  ჩემი და  ჩემი წარმოსახვითი მეგობრის მეგობრობა ბავშვობის მოგონებებში, ჩემი ბალიშის ქვეშ დარჩა.
 ალბათ, 16 წლამდე მჯეროდა, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავდა, ყველაფერი ესმოდა და ჩემი ფიქრების გადასახედად ჩემს გონებასაც ხშირად სტუმრობდა. ამ რწმენებს თუ მიყვები მიხვდები, რომ დიდად ბუნებრივი და თავისუფალი ვერ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომელიც მესაიდუმლედ მეგულებოდა, ჯაშუშის როლი მოირგო და ჩემს საკუთარ ოთახშიც არ დამტოვა მარტო. თუმცა, ერთ დღესაც ერთი აზრი შემომიჩნდა (მორწმუნენი ალბათ ეშმაკად ჩათვლიან) და მკითხა ოდესმე ყოფილა კი შენთან ღმერთიო? ვერაფერი ვუპასუხე. თითქოს მთელი მისი არსებობა სხვებისგან ნაკარნახევი, სხვების აზრებისგან წვეთ-წვეთად აკრეფილი და დაჯერებული იყო. მოგონება იმისა, რომ ვიღაცამ საკუთარი ჯვრის ტარებისას უხილავი ხელი შემომაშველა და მე მშფოთვარე მშვიდ ტალღებზე გადამარწია, ვერსად ვიპოვე.  ამის გააზრების შემდეგ თავად ღმერთიც და მისი “კონტროლის მექანიზმებიც” თვალ წინ ერთმანეთის მიყოლებით ჩამომეშალა. ჰოდა, ასე გავხდი ათეისტი. თუმცა, ჩემი და ჩემი მეგობრის დანგრეული ურთიერთობა ხელს სულაც არ მიშლის დავინახო ისტორიების სიმბოლურობა.
 რამდენიმე დღეში ქრისტიანული სამყარო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას იზეიმებს. ჩემთვის აღდგომის ისტორიაში მისი სინამდვილე კი არ არის განსახილველი, არამედ მისი სიმბოლური შინაარსი და მთელი ის კავშირი, რომელიც ამ ამბავს თითოეულ ჩვენგანთან აქვს. შეიძლება კი ქრისტეს აღდგომა, რომელიც ბოროტებასა და სისასტიკეზე გამარჯვების სიმბოლოა, საკუთარ თავთან გავაიგივოთ? ქრისტეს უღალატეს, ზურგი აქციეს, ცილი დასწამეს და ჯვარზე გააკრეს. მან კი განცდილი ტკივილებით იყვავილა და აღდგა. ჩვენ თუ შეგვიძლია ტანჯვა გამარჯვებად ვაქციოთ? იქნებ ეს ცხოვრება, სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაფერზე გამარჯვება შეგვიძლია, შენ წარმოიდგინე და საკუთარ თავზეც კი.
 ჩვენთვისაც უღალატიათ, ჩვენც გვიღალატია. ჩვენთვისაც უსვრიათ ტალახი და ჩვენც გვისვრია. ჩვენთვისაც შეუქცევიათ ზურგი და ჩვენც შეგვიქცევია. ზოგჯერ ქრისტე ვყოფილვართ, ზოგჯერ კი იუდა. ეს ამბავი თითქოს მთელი ჩვენი ცხოვრებაა. გზა, რომელიც ეკალბარდიან ბილიკებზე გადის, ვარდის კოკრების მდელოზე სრულდება და ასე მეორდება, სანამ ამ ცხოვრებაში ჩვენს სიცოცხლეს არ ამოვწურავთ.
  ჩვენში იუდად წოდებული ნაწილის დამარცხებისა და სიბნელეზე გამარჯვების შემდეგ, საკუთრ თავში იმ წიაღის მოპოვება, სადაც ტკივილები ყვავილობენ, ჩემთვის  სულიერი აღდგომის მანიშნებელია. ქრისტე, რომელმაც გოლგოთამდე “მწუხარების გზა” ტანჯვით განვლო, არა სიძულვილითა და შურისგებით, არამედ სიყვარულითა და მიმტევებლობით აღივსო. იქნებ, განცდილი ცხოვრებისეული ტკივილების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია საკუთარ სულის ბილიკბს გავუყვეთ და ჩვენში მიმალული სიყვარულისა და სიძლიერის ერთობა აღმოვაჩინოთ, რომელიც მკვდრეთით აღგვადგენს?