
ამსტერდამის გაგონებაზე პირველი რა გახსენდება? მოსაწევი ხო? ასეც ვფიქრობდი. თუ მოსაწევი არა - წითელი ფარნების ქუჩა და სექს შოპები. თუ ძალიან წესიერი ხარ - ველოსიპედი, ყველი და ვაფლი. ჰა-ჰა ბორნები და ხის ფეხსაცმელი. მაგრამ დარწმუნებული ვარ “მეილები”, “თასქები”, “დედლაინები” შენი ასოციაციების პირველ ოცეულშიც ვერ მოხვდა.
იყო დრო, მეც ასე ვიყავი. თუმცა “ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?” ჰოდა მოხდა ისე, რომ 1 თვით მომიწია ამსტერდამში ჩასვლა და იქიდან ძალიან ინტენსიურად მუშაობა. თანაც (ეს მნიშვნელოვანია) ნოემბერში - სიცივეში, წვიმაში და სიბნელეში.
ჰოდა ქვემოთ ამ ერთ თვეში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ამტერდამში სამუშაოდ წასვლამდე სადმე რომ ასეთი სტატია წამეკითხა, ჩემი ნოემბერი გაცილებით უფრო ტკბილი იქნებოდა.
რჩევა 1 - სულ სახლიდან ნუ იმუშავებ
არა, განა ვერ იმუშავებ. ბოლოსდაბოლოს კოვიდი გვაქვს გამოვლილი. მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. პროდუქტულობა დაბალია, პროკრასტინაცია მაღალი. მუდმივად ერთ გარემოში ყოფნა, მით უმეტეს, როცა გარეთ ძალიან ცივა და საღამოს 4-ზე ბნელდება, დამთრგუნველია. თანაც თუ დიდი ხნით ხარ ქალაქში, კომუნიკაცია, ადგილობრივების, ან თუნდაც შენნაირი ნომადების გაცნობაც არ გაწყენდა. ამიტომ კვირაში ორ-სამჯერ მაინც აჯობებს გასვლა. ამსტერდამი არც ისე დიდი ქალაქია, დაახლოებით მილიონამდე მაცხოვრებლით, მაგრამ ამინდიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, უკეთესია წინასწარ დაგეგმო, სად და როგორ მიდიხარ.
რჩევა 2 - სამუშაო ადგილი შენს ჯიბეს და საქმეს მოარგე
ამსტერდამი დისტანციურად მომუშავე ადამიანებს, ნომადებს და ექსპატებს საკმაოდ ბევრნაირ შესაძლებლობას სთავაზობს. არსებობს კლასიკური co-working სივრცეები, ლეპტოპ მეგობრული კაფეები, ხელმისაწვდომი სასტუმროები იქვე მდებარე სამუშაო სივრცეებით და სხვა. და ქვემოთ რამდენიმეს გაგაცნობ.
De Kanarie Club
ერთ-ერთი საუკეთესო laptop-friendly კაფე ამსტერდამში. სწრაფი ვაი ფაი, ბევრი შტეფსელი ტელეფონის და ლეპტოპის დასატენად, გემრიელი საჭმელი, ყავა და თუ დამღლელი დღის მერე მოგინდება - ალკოჰოლიც. ის წიგნი ხომ გახსოვს - “eat pray love”, ჰოდა კანარის სლოგანია “eat work drink dance” - ყველაფერი ერთ სივრცეში. კაფეში მიაჩნიათ, რომ ეს არათუ შესაძლებელია, არამედ ამაშია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მომავალი. შეგიძლიათ თავად დატესტოთ და დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ.
De Kanarie Club | Bellamyplein 51, Oud-West
Midwest
გიმნაზიის ყოფილ შენობაში მდებარე ეს კაფე, თავისი პატარა ბაღით ძალიან კარგი ადგილია სამუშაოდ. არა მარტო ყავის და გარემოს არამედ იმის გამოც, რომ შესაძლებელია სამუშაო სივრცის, შეხვედრების ოთახის ქირაობა, თავს იყრის ბევრი ნომადი, ფრილანსერი, აქვს კრეატიული ვაიბი და ახალი ადამიანების გასაცნობადაც კარგი შესაძლებლობაა.
MidWest | Cabralstraat 1, De Baarsjes
Kriterion
ყოფილი კინოთეატრის შენობაში, რომლის დამფუძნებელი სტუდენტები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ებრძოდნენ, ახლა კაფეა განთავსებული. რომელსაც ასევე სტუდენტური ასოციაცია მართავს. შესაბამისად აქ თავს იყრის ბევრი სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ფრილანსერი და თუ ასეთი გარემო მოგწონს, შენთვისაა. სხვებთან შედარებით, ფასებიც უფრო ხელმისაწვდომია.
Kriterion | Roetersstraat 170, De Pantage
OBA
კაფეებში სიარული თუ ძვირი გიჯდება, ამსტერდამი სხვა შესაძლებლობას გთავაზობს. OBA (Openbare Bibliotheek Amsterdam) საჯარო ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც 25 ბიბლიოთეკას მოიცავს. წევრობა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უფასოა, თუმცა თუ არც ერთი ხარ და არც მეორე, სხვა შესაძლებლობებიც არის - ვერსიების გარკვევა წინასწარ დარეკვით, whatsapp-ში მიწერით და ადგილზე მისვლით შეგიძლია. მისი ცენტრალური ფილიალი კაფეებს, რესტორნებს და თეატრსაც კი იტევს.
OBA (Openbare Bibliotheek Amsterdam)
სხვა კარგი ადგილები
რადგან ერთ სტატიაში ვერ ჩავატევდი და თან ისიც არ ვიცი, სად ცხოვრობ, ამ ლინკზე გადადი და კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს ნახავ დისტანციური მუშაობისთვის. თან შეძლებ რუკის მიხედვით შეარჩიო.
რჩევა 3 - ტრანსპორტირება თოვლში, წვიმასა და ყინვაში
ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია და ველოსიპედის ქირაობა კვირაში საშუალოდ 20-25 ევრო ღირს. მაგრამ თუ ჩემსავით ტარება არ იცი ან უბრალოდ ძალიან გცივა, მაშინ ამსტერდამის არაჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გირჩევ. ამისთვის არსებობს the public transport chip card (OV-chipkaart) რომელიც ავტობუსებისთვის, ტრამვაისა და მეტროსთვის გამოიყენება. არსებობს ერთდღიანი და ერთკვირიანი ბარათები. თუმცა თუ ცოტა ხნით რჩები, შეგიძლია სხვა შესაძლებლობებიც განიხილო, მაგალითად როგორიცაა I amsterdam card რომელიც მგზავრობასთან ერთად მუზეუმებში უფასოდ შესვლის საშუალებასაც გაძლევს.
ამ რჩევის სათაურიდან იმასაც მიხვდებოდი, რომ ამინდი აუცილებლად უნდა აკონტროლო. მზის იმედი დიდად ნუ გექნება, მაგრამ წვიმას აპირებს, თოვას თუ მოყინვას, აჯობებს სახლიდან გასვლამდე იცოდე. რაც შეეხება ტრანსპორტირების დაგეგმვას - google map არაჩვეულებრივად მუშაობს. წამების და წუთების სიზუსტით.
რჩევა 4 - სად გავერთო და სად ვიყიდო…?
ოო, ეგ სხვა სტატიის თემაა. ამიტომ ვერ დაგეხმარები. ერთი რაც გართობასთან დაკავშირებით შემიძლია გირჩიო - სპონტანურობა კარგია, მაგრამ ამ ქალაქში წინასწარ დაგეგმვა უყვართ - ამიტომ კარგად გადაამოწმე კაფეების, ბარების და კლუბების სამუშაო საათები. აღარაფერს ვამბობ მუზეუმებზე, სადაც ვიზიტის დროის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო. ამსტერდამში ცხოვრებაზე, მუშაობასა და დასვენებაზე ინფორმაციის მისაღებად ამ საიტსაც გავუწევდი რეკომენდაციას.
აბა შენ იცი, თბილად ჩაიცვი, საწვიმარი იქონიე და ბედნიერი მუშაობა და დასვენება ამსტერდამში
