აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია - ერთი ამბის ორი განსხვავებული მხარე

27 სექტემბერი 2021

 

 

აქ დიდი ხნის წინ ომი ყოფოლა.

იყო ომი, რომელმაც არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ადამიანთა გულებიც განაცალკევა. ერთ მთლიანობას ნაწილი მოსწყდა და მტრის ფრთის ქვეშ მოექცა. მტერი იმდენად ცდილობდა მიტაცებული მიწა მეორე მხარისთვის არ დაეთმო, რომ ამისთვის სხვა ხერხსაც მიმართა - აქ მცხოვრებ ადამიანებს შორის შუღლი დათესა. 

ეთნიკურად აფხაზები და ქართველები მუდამ ერთნი იყვნენ, მაგრამ გარკვეულმა ფიქრებმა, აზროვნებამ და კონფლიქტმა მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეცვალა. ჩვენი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების თაობის წარმომადგენელ ეთნიკურად ქართველებისა და აფხაზების დიდ ნაწილს იმის წარმოდგენაც კი უჭირს, რომ ურთიერთობის დათბობა და წარსული კონფლიქტის დავიწყება შესაძლებელია. 

ორივე მხარე ერთმანეთს მტრად და არაკეთილისმსურველად აღიქვამდა. 

ამ დამოკიდებულებამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო: მეგობრობა ეთნიკურად აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის აღარ არსებობს, ან თუკი არსებობს - ეჭვებითაა მოცული. 

წინა თაობის ამგვარი წარმოდგენები, ჩემი თაობის გონებაშიც დაილექა. სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ცდილობდა სიცრუისგან დაეცვა ჩვენი გონება, პასუხს ყველა კითხვაზე მაინც ვერ ვიღებდით. 

რუსეთის მიერ შექმნილ ვაკუუმში, რომელსაც ოკუპაციას ვუწოდებთ, ორივე მხარეს დაგვავიწყდა, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. დამახინჯებულად ახსნილი ისტორიის გაკვეთილები მუდმივად იმას ისახავდა მიზნად, რომ ახალ თაობას სიმართლე ვერ დაენახა. მშობლიური ენის რუსულით ჩანაცვლება იმიტომ ხდებოდა, რომ გეზი სწორად ვერ აგვეღო და ისე მოვქცეულიყავით, როგორც ამას ჩვენი „კეთილისმყოფელი“ ითხოვდა. 

საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა.

ვითარება, რომელშიც ამდენი ხანი ვცხოვრობდი ტყუილი აღმოჩნდა. არც საქართველო ყოფილა ჩვენი მტერი, როგორც ამას „აფხაზეთის ისტორიის“ სახელმძღვანელოებში წერდნენ და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებზე გვიყვებოდნენ, არც რუსეთი ყოფილა ჩვენი მეგობარი, რომელიც საკუთარი ჯარით ჩვენს ტერიტორიაზე უბრალოდ „დახმარებას“ ცდილობს. 

ეთნიკურად ქართველად ყოფნა და აქ ცხოვრებაც არ აღმოჩნდა „დანაშაული“, როგორც ეს ერთხელ ერთ-ერთი რუსი მესაზღვრისგან მოვისმინე, როდესაც ინსტინქტურად დედას ქართულად რაღაც ვუთხარი ენგურის ხიდზე გადასვლისას. სწორედ ამ დღეს წაგვართვეს ქართულენოვანი სახელმძღვანელოები, რომლებიც მათი თქმით, „აკრძალულ ნივთებს“ წარმოადგენდა.

აფხაზების შესახებ გაგონილი ამბებიც მეტწილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. არ მესმოდა, რითი ვიყავით ერთმანეთისგან განსხვავებულები, რატომ გვეშინოდა ერთმანეთის და რა იყო ამ ყველაფერის მიზეზი.

აღმოჩნდა, რომ არაფრით არ ვართ განსხვავებულები ერთმანეთისგან - ორივე მხარის წარმომადგენელ მოზარდებს ერთი და იგივე პრობლემა გვქონდა და მიუხედავად უფროსების დამოკიდებულებისა, დაახლოების დიდი სურვილი იყო.  

ორივე მხარე - აფხაზებიც და ქართველებიც დეზინფორმაციის მსხვეპლნი გავხდით, არცერთ ჩვენგანს არ ჰქონია სწორი წარმოდგენა ერთმანეთზე.

ეს ყველაფერი მაშინ გავიაზრე, როდესაც სოხუმში ერთი აფხაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები. მითხრა, რომ ჩუმად კითხულობდა, რადგან არ სურდა მის გარემოცვაში ამ საკითხს უკმაყოფილება გამოეწვია. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ქართული ენის შესწავლის, მაგრამ ვინაიდან გალის რაიონის გარდა, ქართულ ენას აღარსად ასწავლიან, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. 

ისევე, როგორც მე, მასაც ეუბნებოდნენ, რომ ქართველები და აფხაზები ერთნი არც არასდროს ყოფილან და არც იქნებოდნენ. 

აფხაზი მოზარდების დიდი ნაწილი, საქართველოს და ქართველებს მტრად არ აღიქვამს, მეტიც - მშვიდობიანი თანაცხოვრების დიდი სურვილი აქვთ. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ არ შეუძლიათ ამაზე ხმამაღლა საუბარი, ისევე, როგორც ჩვენ. 

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რუსეთის გავლენამ არა მხოლოდ ფუნდამენტური უფლებები, მშობლიური ენა და ლიტერატურა, არამედ ადამიანური თანაარსებობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ - მეგობრობა წაგვართვა. ჯაჭვური რეაქციით რუსეთისგან უფროს თაობას ჩაებეჭდა ერთგვარი შიში, რომელიც შემდეგ ჩვენზეც უნდა გადმოსულიყო. 

მეც, ჩემი სოხუმელი მეგობარიც და ყველა მოზარდი, ვინც აქ ცხოვრობს, ოკუპაციის გარდა, წინა თაობის აზროვნების მსხვერპლნიც გავხდით. ცუდი დამოკიდებულება იყო ის, რის გამოც უფროსები მუდმივად უფრთხოდნენ ჩვენს მეგობრულ განწყობას, ინსტინქტურად ცდილობდნენ დაეშალათ კონტაქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უფრო და უფრო ძნელი ხდება.

რა თქმა უნდა, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც პირიქით - შთააგონებენ მოზარდებს ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულებისკენ და თვლიან, რომ წარსულ შეცდომებზე ახალმა თაობამ პასუხი არ უნდა აგოს. სწორედ მსგავსი ადამიანების არსებობამ ჩემი და ჩემი თაობის წარმომადგენლები სიძულვილისგან და ახალი ომის გაჩაღებისგან იხსნა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ურთიერთობის დარჩენილი ძაფებიც გაეწყვიტა. 

ფაქტის გააზრება, რომ ქართველები და აფხაზები მტრები არ არიან, იწყება თითოეული ადამიანის გონებიდან და ინდივიდუალური აზროვნებიდან. ამის მთავარი ნაპერწკალი, მთავარი იმედი, სწორედ ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებიც ეთნოსზე და წარსულის წყენებზე წინ, საერთო და უკეთეს მომავალს ამჯობინებენ.