ამბავი ალექსანდრე ქართველიშვილზე, რომელმაც ამერიკული ავიაცია შეცვალა

11 ოქტომბერი 2022

დროს ბევრი გენიოსი უნახავს. 

 

ბევრის ამბავიც იცის და ბევრის ტრაგედიის მომსწრეც - და შემოქმედიც - თავად გამხდარა. 

თუმცა, ადამიანებმა არ ვიცით იმ ბევრი გენიოსის ამბავი, რომლებმაც ისტორია შექმნეს ან იქამდე წავიდნენ, სანამ დრო მაინც მოასწრებდა მათი ამბის გაგებას. 

 

ამბავი, რომელსაც მოვყვები, ამერიკაში მოღვაწე გენიოს ქართველ ავიაკონსტრუქტორზეა და ის ამბავია, დროის გარდა, ბევრმა ქართველმაც რომ უნდა გაიგოს. 

 

KARTVELI

 

იგივე ალექსანდრე ქართველიშვილი. დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს, ნიჭიერი მოსწავლე იყო. პირველ მსოფლიო ომში არტილერისტობა მოუწია და სწორედ ამ პერიოდში ავიაციით დაინტერესებულმა ქართველმა მფრინავობა, შემდეგ კი- ავიაკონსტრუქტორობა გადაწყვიტა. 

 

მალევე მიხვდა, რომ იმაზე მეტი განათლება სჭირდებოდა, ვიდრე ამის მიღება იმჟამინდელ საქართველოში იყო შესაძლებელი. ამიტომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას წერილი მისწერა- საფრანგეთში გამიშვით ავიაინჟინერიის სასწავლებლად, იქაური ცოდნით დახუნძლული ჩამოვალ და საქართველოს გამოვადგებიო. იფიქრეს საბჭოში, დასავლური განათლება მიღებული ქართველები ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელი იქნებაო და გაუშვეს ალექსანდრე ქართველი საფრანგეთში დედასთან ერთად. 

 

1921 წელს რუსეთის არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა და მამა და და, რომელიც ქართველმა საქართველოში დატოვა, დედამისსა და მას აღარასდროს უნახავთ.
 

 

მოღვაწეობა

 

ქართველმა გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნებაზე უარი თქვა და მოღვაწეობა საფრანგეთში განაგრძო. მუშაობა დაიწყო ლეგენდარული ფრანგი ავიატორის- ლუი ბლერიოს კომპანიაში და მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავი Bernar-Ferbua V-2- ის შექმნაში, რომელმაც სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ცოტა ხანში ქართველს ტრავმის გამო მფრინავობაზე უარის თქმა მოუწია. 

 

უთხრეს, შენი ნიჭი ევროპის ფარგლებს ცდება, ამერიკა კი- დიდ გასაქანს მოგცემსო. 

 

1927 წელს ალექსანდრე ქართველმა, დედამისთან ერთად, თავისუფლების მიწას მიაღწია. 

 

პირველი ხომალდი, რომელიც მან და ამერიკული ავიაციის მეცენატმა - ჩარლზ ლევინმა - ააგეს, Uncle Sam იყო. 1931 წელს ქართველი თბილისელ ალექსანდრე სევერსკის,  Seversky Aircraft Corporation-ის დამფუძნებელსა და მის მთავარ ინჟინერს ხვდება და ერთად იწყებენ მუშაობას. 1939 წელს კომპანიას სახელი ეცვლება, ერქმევა - Republic Aviation-ი, მსოფლიოში უკვე სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორი ქართველი კი - მისი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი ხდება.
 

მე-2 მსოფლიო ომი 

 

დაიწყო ომი და ახალმა ომმა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ერები - მათ შორის ამერიკა. რუზველტი მიხვდა, რომ ამერიკას არ ჰქონდა საკმარისად განვითარებული საჰაერო თავდასხმის სისტემა. 

გაიცა ბრძანება, გაიწერა ბიუჯეტი - ამერიკას სჭირდებოდა ძლიერი თვითმფრინავები.
1939 წელს შეიკრიბა საბჭო, რომლის წევრიც, რა თქმა უნდა, ამერიკის ყველაზე ცნობილი ავიაკონსტრუქტორი, MR. KARTVELI იყო. 

 

ერთ მხარეს იდგნენ სამხედროები, ავიაციის გენერალიტეტის წარმომადგენლები, თავიანთი იდეებით იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თვითმფრინავი, რომელიც დასავლეთს ომს მოაგებინება. 

დიდი, მძლავრი, შეუჩერებელი გამანადგურებელი - მოკლედ, მფრინავი ტანკი. 

 

მეორე მხარეს იდგნენ ავიაკონსტრუქტორები, რომლებსაც ხორცი უნდა შეესხათ სამხედროების მიერ გადმოცემული ზოგჯერ წარმოუდგენელი იდეებისთვის თან ისე, რომ თვითმფრინავი, როგორც მათი შემოქმედება - ყოფილიყო ლამაზი და დახვეწილი. 

 

ამ ორ მოცემულობას შორის შუალედის პოვნა, თითქოს წარმოუდგენელი იყო. 

 

ალექსანდრე ქართველი თავის წერილებში იხსენებს - სამხედროები წერდნენ დაფაზე, როგორი წარმოედგინათ თვითმფრინავი და მათი სურვილები, ნელ-ნელა ემსგავსებოდა სანტა კლაუსისთვის გაგზავნილ ბავშვთა წერილებსო. 

 

ქართველმა ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და  შექმნა თვითმფინავის პატარა სკეჩი. 

 

თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდებაც თითქმის შეუძლებელი იყო

 

ამ სკეჩის გაკეთებიდან ზუსტად 9 თვეში ცაში აფრინდა ლეგენდალური თვითმფრინავი, მეხთამფრქვევი, Thunderbolt P-47. არავის დიზაინით აგებული თვითმფრინავი არ გამოუშვიათ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ქართველიშვილის Thunderbolt - 15,636 - ანუ თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდებაც თითქმის შეუძლებელი იყო.

შემდეგ იყო F-84, F-105 და დღემდე ამერიკისთვის  შეუცვლელი A-10, რომელზეც ქართველი ავიაინჟინრების ჯგუფთან ერთად მუშაობდა. 

 

დასასრული

 

როცა ქართველმა საქართველოში დარჩენილ ოჯახთან დაკონტაქტება სცადა და თავის დას წერილი მისწერა, საპასუხოდ, საბჭოეთში მცხოვრები დისგან ასეთი პასუხი მიიღო - ის მოღალატე ძმას არ აღიარებდა და არ სურდა მასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. 

გასაკვირი არც არის - საბჭოთა რეჟიმში მცხოვრები ქართველი, ამერიკაში მოღვაწე ძმას ‘კაგებეს’ ყოვლისმაკონტროლებელი თვალების გარეშე რომ ვერ დაეკონტაქტებოდა. 

მესიჯი - გასაგები იყო.

ბოლო წერილი, რომელიც ალექსანდრე ქართველმა საკუთარ ოჯახზე მიიღო - საკუთარი დის გარდაცვალების ამბავი იყო. 

 

თავად ქართველი, 77 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ამერიკაში, თავისი დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. 

 

ალექსანდრე ქართველი ამერიკაში კარგად ახსოვთ. 

ალექსანდრე ქართველი საქართველოშიც უნდა გვახსოვდეს.