WTF

ამ კვირაში ვის რა ვარგეთ?

25 მარტი 2022

იმდენი რამე ხდება ჩვენ დაბნეულ თავებს, რაღაც აუცილებლად გამოგვრჩება და ყველაფრის დამახსოვრება ჭირს კიდეც. ასობით სქრინი მაქვს გადანახული მერე წასაკითხად, მაგრამ, ვატყობ, განწირული არიან დავიწყებისათვის… 

 

მოვლენებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, თორემ მერე უკვე ნამდვილსა და რუსეთის შემოგდებულ ამბებს ერთმანეთისგან ვეღარ გავარჩევთ. ახლა შინაურულად, ქართულ ჯიგრულ პონტში, ამ კვირის რამდენიმე ამბავს მოგიყვები:

 

 

 

 

მთავრობის სხდომა და გვერდითი მოვლენები

 

 

 

რომ გავიგებ მთავრობის სხდომაა, მირჩევნია არასდროს დასრულდეს. ყოველ ჯერზე ღარიბა კიდევ უფრო სულელური დასკვნებით გამოდის სხდომიდან. ისე, ნეტავ, ეს არ ისმენს სხვების ლაპარაკს თუ ამ სხდომაზე მართლა ყველა ასეთია? მგონი, მეორე.

 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა ყველაფერი იმ მთავრობას დააბრალა 10 წლის წინ თავად რომ ჩაანაცვლეს. მეტსაც გეტყვი, მგონი გამოცემა არ დარჩენილა, რომელსაც თბილისის აქციაზე არ დაუწერია. ვერ იხსენებ, რომელი აქცია? აი, ის, ანტისახელმწიფოებრივი რომ იყო… მგონი, ერთადერთი ბერა დარჩა, ვისთვისაც ანტისახელმწიფოებრიობა არ დაუბრალებია “ქართულ ოცნებას”. 

 

სისულელის თქმის ყოველკვირეული მარათონის გამარჯვებული ჯანდაცვის მინისტრია, რომლის სახელიც არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ კარგი ოჯახის შვილია. მინისტრმა, პანდემია დასასრულს უახლოვდებაო, WHO სხვას ამტკიცებს. დრამაქვინმა გამყრელიძემ კი კრამიტი ახლა მოსწყვიტა ბაგეს და ძალიან გაბრაზებული ვარო, გვითხრა. კოვიდს ისეთ გადაცემებს ვუძღვნით, რომ ვუყურებ, კიდევ ბევრი ვართ ვაქცინირებული.

 

 

 

 

 

კვარაცხელიამ რუსეთი დატოვა

 

 

 

 

ვერ გამიჯნა, ძლივს, ვეღარ გამიჯნა! როგორც იქნა, წამოვიდა. მის შესაძლებლობებზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. ახლაც ამბობენ, რომ მხოლოდ უკეთეს გუნდებში უნდა ველოდოთ კვარაცხელიას ნახვას. დიდი ხნით თუ ცოტა ხნით, ახლა ბათუმის დინამოშია. ისე, ახალგაზრდა ბიჭს რუსეთში თამაში რატომ უნდა გინდოდეს?

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დააგვიანა და მორალურადაც დიდად კარგად ვერ გამოიყურება უკვე ზურგშექცეული რუსეთის საფეხბურთო გუნდიდან წამოსვლით, მაინც კარგია, რომ ვეღარ გამიჯნა. ისე, წასვლაა დიდი სირცხვილი, თორემ წამოსვლისთვის არც კვარაცხელიას და არც შენგელიას ტაშს არ უკრავენ.

 

 

 

 

 

ერთი რუსი სუპერმარკეტიდან

 

 

 

 

 

თბილისში რუსი გავაბრაზეთ. რომ კითხო, ამერიკული არაფერი უნდათ და კრიტიკულ დროს ინგლისური შეჩვენება კი ცოდნიათ. 

 

რუსეთის მოქალაქე რატომ გაბრაზდა, არ ვიცით. დაიწერა, რომ პირბადეს არ ატარებდაო, ისიც დაიწერა, რუსულად პასუხი ვერ მიიღო და ამიტომაც გაბრაზდაო. იცით რა? - ჯობია, არ გავაღიზიანოთ. უკვე ავირიე და ნეტავ, ეს ქალი მესამე, რაღაც სხვა და უკეთესი რუსეთიდანაა ჩამოსული?

 

 

 

 

 

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

 

 

 

 

სტრასბურგის სასამართლომ ალბათ არ იცის, მაგრამ წარმოუდგენლად კარგად ებრძვის საქართველოში იმ დეზინფორმაციას, რომელიც მძინარე ცხინვალის დაბომბვასა და ომის დაწყებაში ადანაშაულებს მხარეს. მეტი რა ქნას, ცოტა ხნის წინ 3 მოწინააღმდეგე გაამტყუნა, ახლა კი ცხინვალიდან 300-ზე მეტი საჩივარი არ მიიღო. საჩივრები არ მიიღო, რადგან, სასამართლოს თქმით, ცხინვალს მასობრივად უტევდა რუსეთი და საქართველოს ამ ტერიტორიაზე კონტროლი არ ჰქონდა.

 

მოიცადეთ, ბიძინა არ გააფრთხილეს, რომ იქ ვერავის მოისყიდდა? ერთი მურუსიძის შეგზავნა რა გახდა, ოთხი მილიარდი რომ გაქვს ადამიანს…

 

 

 

 

 

რუსეთი NATO-ს ემუქრება

 

 

 

 

 

რუსეთს ძალიან უნდა NATO-ს  აქედანაც იმასუქნას და იქედანაც იმასუქნას. როგორც ჩანს, პუტინმა და ლავროვმა მოითათბირეს, ჩვენ თუ არ ვიქნებით რუსეთიც ნუ იქნებაო. ამ დროს კი ზახაროვაზე, თინა კანდელაკზე, ვალერი მელაძესა და დონ კადიროვზე საერთოდაც არ ფიქრობენ. 

 

NATO-ს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნის გადაწყვეტილებასა თუ ქმედებებში, რუსეთი ომის სურვილს ხედავს. როგორ გვანან ჩვენებს. მხოლოდ ლელა კაკულია უწყის რა იქნება. 

 

NATO-მ თავდაცვა გააძლიერა თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში. ჩვენ და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც უკეთესი მხარდაჭერის პირობა მოგვცა. 

 

პუტინს უკადრებელი უკვე ნაკადრები აქვს და ახლა რას იზამს, არ ვიცი. თუმცა, იმედი მაქვს, მომდევნო კვირის პირველი სიახლე სწორედ მისი ნეკროლოგის ტექსტი იქნება.