ამ კვირაში ვინ რა გვარგო?

4 აპრილი 2022

ამდენ ხანს თუ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ბედზე ვდარდობდით, ახლა ყველაზე შეგვიძლია ვიდარდოთ. არ იფიქრო, რომ ჯობია კიდეც რაღაცები არ მოვისმინოთ და ვიყოთ მშვიდად, მერე საერთოდ გართულდება ცხოვრება. მოკლედ, მაინც ჯობია ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. თუ გინდა გაიგო, ამ კვირაში რა ხდებოდა, კითხვა აუცილებლად უნდა გააგრძელო: 

 

შუალედური არჩევნები ჩატარდა 

 

მზად იყავი, სირცვილისგან ალი მოგედება. ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ. არჩევნები რომ გაყალბდა, ამის გამეორება უკვე მოგვბეზრდა. ვინც მოიგო, ესეც უკვე გეცოდინება.  

როგორც წინა, იმის წინა და კიდევ იმის წინა არჩევნებზე, ახლაც უამრავი ადამიანი იყო ჩაწერილი იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, სიები, გაურკვეველი ხალხი და საჩუქრები. ამჯერად მართლაც დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო მმართველმა პარტიან. დამაჯერებელზე მეტიცაა, ერთ ქალაქში 70%-სა და მეორეში 90%-ს რომ მოაგროვებ.

 

სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მიერთება სურს

 

შესაძლებლობის ფანჯარაო, რომ ამბობენ, ჩვენ გარდა ყველამ გამოიყენა ან ცდილობს მაინც გამოიყენოს.  

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებასა და რუსეთთან შეერთებას აპირებს. გაიძახოდა, ჩვენი ისტორიული სამშობლო რუსეთიაო. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბიბილოვი რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკობს. რა ბედი ეწევა მის მიზნებს სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი რუსეთის წიაღში გააერთიანოს, არ ვიცით. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან კი გვითხრეს, რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებს არ ვაღიარებთო. 

 

პარლამენტში უკრაინელი დევნილები დაასაჩუქრეს

 

ბავშვებს კარგი საჩუქრები გადასცეს, ალბათ გაუხარდებოდათ. უფროსებზე რა გითხრათ… დიდი ალბათობით, მშობლებს წაკითხული ან მოსმენილი ექნებათ პარლამენტის განცხადებები, ამის ფონზე კიდევ “ფორტესა” დისკს რომ აჩუქებ, რავიცი. 

მგონი ჯერ ისეთი არავინ გამოჩენილა, რომ ეთქვა “ფორტე” ქართველებს არ აქვთ მოსმენილი, უკრაინელებს რატომ ჩუქნით დისკებსო ან ხალხი ომშია და თქვენ კონცერტებს მართავთო. 

 

Viber-ის მფლობელი კომპანია საქართველოში ოფისს გახსნის

 

ევროპული ქვეყნების შემდეგ Viber-ის კომპანია ჩვენთანაც გახსნის საოპერაციო ოფისს, თურმე. ოფისის გახსნა შესაძლებლობაა ქართველი IT სპეციალისტებისა და ანონიმუსებისთვის რეგიონშივე იმუშაონ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში. ძლივს, კარგი ამბავიც გავიგეთ. ახლა ეკონომიკურად ავშენდებით და ერთი ორად დავწინაურდებით რეგიონში-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც კარგი ამბავია. 

 

ღარიბაშვილმა რეგიონული ვიზიტები დაიწყო 

 

უგზო, უწყლო და უშუქო რეგიონებს რომ ეწვევა ღარიბა, მაშინ მაინც მოიხსნას სამასი ათასიანი საათი, უხერხულია. ჩირისა და ვაზის ხარისხი უკვე შეამოწმა, ბატონმა პრემიერმა. ბიძინას მონა ხარო, ესეც მიაძახეს მეორე მონასთან სეირნობისას.  

მივა, ხალხს მოუსმენს, ჩამოვა ისევ თბილისში და მერე? რა თქმა უნდა, არაფერი. პრემიერი მგონი კამერებთან იბნევა და ჯერ არარსებულ სისულელეს ამბობს ხოლმე. ეს ამბავი არ გამოგრჩებოდა და შენს წილ სირცხვილსაც იგემებდი, მაგრამ მაინც შეგახსენებ, რომ ღარიბამ თქვა უკრაინელები “ისჯებიანო”.