OMG

6 ნაბიჯი ძალადობისგან რეაბილიტაციის გზაზე

14 იანვარი 2023

მოძალადისგან თავის დაღწევა დიდ გამბედაობასა და სიძლიერეს მოითხოვს. სამწუხაროდ, ფსიქიკური, ემოციური და ფიზიკური ტკივილები ძლიერი ტრავმის შემდგომაც გარკვეული ხნით გრძელდება. რეაბილიტაცია კი არაა ის პროცესი, რომლის გავლაც ერთ ღამეშია შესაძლებელი, ამიტომ როდესაც ამ გზას შეუდგები - იყავი მომთმენი და მიმღებლური საკუთარი თავის მიმართ.

ამ გზის ცოტა უფრო შესამსუბუქებლად შემიძლია 6  საშუალება შემოგთავაზო.
 


გაანალიზე ძალადობა

გამოიკვლიე რა არის ძალადობა - როგორ მუშაობს და ზოგადად, როგორია მისი ფილოსოფია. შემდეგ, გადადგი ერთი ნაბიჯი უკან და გადახედე საკუთარ გამოცდილებას: შეეცადე გაიგო, რა შეგემთხვა. ეს მნიშვნელოვანია რადგან, როდესაც იგებ თუ რა მოხდა, მას რეალურად იღებ და დაბნეულობა, დაძაბულობასთან ერთად კლებულობს. 



შეახსენე თავს, რომ ძალადობა არ იყო შენი ბრალი 

მოძალადე ალბათ გეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია.  ცდილობდა გეგრძნო, რომ ამას იმსახურებდი. სინამდვილეში ძალადობას არავინ იმსახურებს. თუ მსგავსი აზრები შენს გონებაში ხშირად ჩნდება, მალევე შეახსენე თავს, რომ ძალადობის შემთხვევაში  ერთი დამნაშავე არსებობს და ეს მხოლოდ მოძალადეა.



თხოვე დახმარება სანდო ოჯახის წევრს ან მეგობარს

ნორმალურია, თუ არ გსურს ამაზე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბარი, მაგრამ როდესაც თავს უსუსურად აღიქვამ, მათ შეიძლება შენი დახმარება შეძლონ. მნიშვნელოვანია აარჩიო ისეთი ადამიანი/ადამიანები, ვისთანაც ამაზე საუბრის დროს თავს კოფორტულად იგრძნობ. ადამიანი, რომელიც განსჯის გარეშე მოგისმენს. 



წარმოიდგინე  შენი მომავალი

შენი წარსული გამოცდილება არ ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ცხოვრება აღარ გექნება. იფიქრე შენს მიზნებზე და სურვილებზე - ხშირად წარმოიდგინე საკუთარი მომავლი. როგორც კი ამის გონებაში ვიზუალიზაციას მოახდენ, პირველი ნაბიჯის გადადგმის სურვილიც გაიზრდება. 

 


გაანალიზე  შენი ძლიერი მხარეები, თვისებები, უნარები და შესაძლებლობები

ის, რომ შენ ძალადობას გაუძელი, მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერი ხარ. ადამიანის დადებითი თვისებები და შესაძლებლობები, ხშირ შემთხვევაში მოძალადის მიერ კნინდება და იზღუდება. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მოძალადის მიერ შექმნილი ჩარჩოდან გამოსვლა და საკუთარი თავისა და რესურსების ხელახლა, ახალი რაკურსით აღმოჩენა.
 



ემოციების შემოექმედებითად გამოხატვა

ემოციების ფიზიკური და შემოქმედებითი გზით გამოხატვა დაგეხმარება იგრძნო, რომ ძლიერი ხარ და საკუთარ ემოციებზე უდიდესი გავლენა გაქვს.  იფიქრე კრეატიულ ჰობებზე, მაგალითად ცეკვაზე, ხატვაზე, წერაზე და ა.შ.

გახსოვდეს, ტრავმების შემდეგ შეგიძლია ბედნიერი ცხოვრება გქონდეს და ამის ბევრი მაგალითიც არსებობს. გააცნოიერე რომ ცხოვრებაში მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები და  რაც მთავარია, საკუთარი თავის დაფასება გჭირდება. ეს კი განკურნების, გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესში ძალიან დაგეხმარება.



ძალადობის შემთხვევაში დაუკავშირდი:

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია «საფარი» — 0322 30 76 03, 599 40 76 03;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი — +995 32 116 006 ან 112