OMG

5 რამ, რაც Gen Z-სგან უნდა ვისწავლოთ

18 ნოემბერი 2021

თუ სამყაროს 1997-დან 2010 წლამდე შუალედში მოევლინე, საქმე მოსალოცად გქონია… ესე იგი Gen Z-ხარ. უფრო მარტივად კი მხოლოდ მაშინ ამოიცნობ შენში თაობა Z-ს, როდესაც ბევრად უფროსი გეტყვის “ნუ მეტლიკინები” ანდა “გირჩევნია, წიგნი წაიკითხოო.”

მეც Gen Z ვარ: ვდგავარ სკეიტზე, ყურსასმენი სულ თან მაქვს, გამოვხატავ ემოციებს, ოთახი პოსტერებით მაქვს მორთული, ზოგჯერ დაკუჭული მაისური და ჭუჭყიანი კედებიც მაცვია. რაც მთავარია, მილენიალები სიყვარულით სავსე თვალებით ნამდვილად არ მიყურებენ, ხოლო უფრო დიდები დაუფიქრებლად ჰიპსტერს მეძახიან. 

Gen Z-ს ბევრი ღირსება აქვს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, წინა თაობა ნაკლებად აფასებს მომდევნოს, აზრსაც არ ეკითხებიან და არც მათი სიკარგის დამადასტურებელ ფაქტებს აქცევენ ყურადღებას. ცოტას გვალაპარაკებენ, უფრო ცოტას გვისმენენ… მე კი გადავწყვიტე, დღეს Gen Z-ს ელჩი ვიყო საქართველოში და გითხრათ, თუ რა შეიძლება ისწავლოთ ამ თაობისგან. 

 


მხარდაჭერის უნარი

 

Gen Z-ს პირად ჩათებში ცალი თვალით მაინც რომ შეგახედათ, გაგეღიმებოდათ, გულიც გაგითბებოდათ და უფრო ბედნიერებიც იქნებოდით. 

Gen Z-ს უაღრესად დიდი მორალური მხარდაჭერის გაცემა შეუძლია. და ადამიანების მიღების უნარი როგორი გვაქვს? - გადასარევ. თაობა Z პრობლემებით დახუნძლულ, მრავალფეროვან სამყაროში დავიბადეთ და ასეთივე ადამიანებთან გავიზარდეთ. როგორც მშობლების თაობა ამბობს, მათ თავიდანვე იცოდნენ უფროსის პატივისცემა (რაშიც მათთან ერთად საკვების არმირთმევას გულისხმობენ), Gen Z-სთვის კი თანდაყოლილი ცოდნაა, როგორ უნდა იდგეს შენს გვერდით და ყველასთან უკონფლიქტოდ იცხოვროს. 

 

P.S. ნებართვის გარეშე ნურავის ჩათში შეიხედავთ. ;) 

 


მომენტებით ტკბობა 

 

მეეჭვება “მკვდარი პოეტების საზოგადოება” Gen Z-ს საყვარელი ფილმი იყოს. ალბათ, არც ბატიფეხური Carpe Diem ეწერებათ ინსტაგრამის აღწერილობაში, მაგრამ ენერგიული ინგლისურის მასწავლებლის მომენტებით ტკბობის შეგონებას, პირნათლად ვასრულებთ. 

აი ასე, ცოტა თავხედურად Gen Z-ს გვგონია, რომ ყველაფერი შეგვიძლია! ყველაფრისაგან სიამოვნება უნდა მივიღოთ, ყველაფერი ჩვენია და მერე რა, თუ აქედან რაღაც არ გამოვა? 

აქვე გეტყვით, Gen Z-ს საყვარელი ფრაზაა მშობლის მიერ ნათქვამი “რაც გინდა ის ქენი, კისერი გიტეხია”.

 


პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი

 

ეს Gen Z-ს საუკეთესო თვისებაა. 

სწორედ იმიტომ, რომ მხარდაჭერისა და სხვისი პრობლემების გაზიარების მნიშვნელობა კარგად გვესმის, საკუთარ პრობლემებზეც ხმამაღლა ვლაპარაკობთ. შეიძლება, სანამ ლაპარაკს გადავწყვეტთ, ერთი-ორჯერ საკუთარ ოთახშიც ვიქვითინოთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვამბობთ. 

Gen Z-მ იცის, რომ პრობლემების ქონა პრობლემა არაა. საკუთარი ცხოვრებისეული, მენტალური, ფიზიკური პრობლემების გახმოვანება თავადაც მხარდაჭერას გვაჩვენებს, მერე კი შეიძლება სირთულესაც უკეთ გავართვათ თავი.

რაც იცის, იცის Gen Z-მ. 

 


გამბედაობა საკუთარი თავის ძიების პროცესში 

 

როდის იყო Gen Z-ს ვინმეს აზრი გვაინტერესებდა? 

თაობა Z-ს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი სწორედ საკუთარი თავის ძიების პროცესია, სადაც გამბედავები და შეუპოვრები ვართ. მრავალჯერ გადაღებილი თმა, სამჯერ შეცვლილი უნივერსიტეტი, პროტესტი გარესამყაროს, უარი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე და კიდევ სხვა მრავალი… ამ ეტაპს გადის Gen Z, რათა გავიგოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავები. პროცესი ძალზედ წინააღმდეგობრივია, მაგრამ როდესაც საქმე Gen Z-ს ეხება… ხომ გითხარით, ცოტა თავხედურად მეამბოხეები ვართ-მეთქი. 

 


ტიკ-ტოკ ვიდეოების გადაღება 

 

მილენიალები ხომ Gen Z-სგან რჩევებს არ კადრულობენ, მაგრამ თუ ტიკ-ტოკ ვიდეოების გადაღება ჯერ არ გისწავლიათ, თქვენთვის საუკეთესო სახელმძღვანელო ნამდვილად Gen Z-ს ექაუნთი იქნება. 

ისე სკეიტბორდზე დგომაშიც რომ წაგევარჯიშათ Gen Z-სთან, ურიგო არ იქნებოდა…