WTF

5 გამოსადეგი საიტი რომელიც არ იცოდი

23 მაისი 2022

Eatthismuch.com

დროდადრო შენი სხეული ჭრაჭუნს რომ იწყებს,  თითო კიბეზე ასვლისას 2.5 ხვნეშას რომ გამოსცემ და ატყობ, მეორე მსოფლიო ომ გამოვლილ ბაბუაშენს უფრო მეტი ენერგია აქვს ცალ ნეკნში ვიდრე შენ, ხვდები, რომ რაღაცები უნდა შეცვალო. 

როგორც მინიმუმ -კვება. 

ჰოდა, ამ ტიტანურ ქვესთში ზემოთ ხსენებული საიტი დაგეხმარება. მთავარია სენსიტიური ინფორმაცია გაანდო - რამდენჯერ ჭამა გინდა დღეში, რამდენი კალორიის მიღება და რა მიზანი გაქვს - დაკლება, მომატება თუ ატომის გახლეჩა. იქვე შერჩეული კერძების რეცეპტებსაც ნახავ. არ მოგწონს? ჭკვიანი საიტი იმით ჩაგინაცვლებს, რაც შენს კუჭს და სულს გაუხარდება. თუ არ იცი, რამდენი კალორიის მიღება იქნება საჭირო, ამ ამბავსაც მოგიგვარებს. 

აბა, თქვენ იცით, 2.5 ამოხვნეშიდან 1-ზე ჩამოსვლას გისურვებთ. 

 

 

 

Tasteatlas

თუ ინტერნაციონალურად მსუნაგი ხარ და მოგწონს სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის სამზარეულოს დაგემოვნება, შეგიძლია ამ საიტზე ტრადიციული რეცეპტები დატესტო. თუ ბედმა და შვებულებამ გაგიღიმა და უცხოეთებში მოხვდი, იმასაც გეტყვის- რომელ რესტორანში სჯობს მისვლა ამა თუ იმ კერძის დასაგემოვნებლად. 

 

 

 

 

Atlas obscura

თუ მოგზაურობა წუთისოფლის გატანაში გეხმარება, მაშინ ეს საიტი აუცილებლად გამოგადგება. 

უბრალოდ აირჩიე ქალაქი და ინფორმაცია - რა ხდება ამ ქალაქში, რა ხალხი ცხოვრობს, რა მეობა აქვს, რა ღირსშესანიშნაობა და ასევე - უღირსშესანიშნაობა - შენი გახდება. 

ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი და რუკაზეც დატანილი. 

პ.ს. იმედია, რუკის წაკითხვა იცი. 

პ.პ.ს. not all who wander are lost ;*

 

 

 

Snapdrop

თუ კომპიუტერიდან ტელეფონში და პირიქით, ფაილების გადატანა სახსრების ტკივილთან ერთად შენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, მაშინ ეს საიტი არსებობას გაგიმარტივებს. თან - უკაბელოდ. უბრალოდ ორივე მოწყობილობაზე ერთდროულად გახსენი ვებ გვერდი - და ისინი ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან და ფაილებსაც დაატრანსფერებენ. 

 


 

Stain solutions

თუ ლუკმა პირამდე ზარმაცას სიჩქარით მიგაქვს და გზაში სხვადასხვა ქიმიურ პროცესთან ერთად, ხსენებული ლუკმა შენს მაისურზე დავარდნას და მის სამუდამო დალაქავებას ასწრებს, მაშინ ეს საიტია შენთვის ვარდოც და მრეცხავიც. 

ჩაწერე ლაქა-წარმომშობი პროდუქტი- და ლაქის ამოყვანის ხერხები, საიტზე იყოს!