WTF

2021 წლის პოლიტიკური სევდა

3 იანვარი 2022

ცოტას თუ დავფიქრდები, ახლავე შევძლებ გასული წლის ორი ათას ოცდაერთი პოლიტიკური ამბის გახსენებას… თანაც მნიშვნელოვანი, გამაოგნებელი, შემაშფოთებელი ან გულწრფელად სასაცილო ამბის გახსენებას. პარლამენტში არშესვლა, თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური, სააკაშვილის დაბრუნება, შიმშილობა და ამას დამატებული კატასტროფული განცხადებები - უდავოდ თავბრუდამხვევი პოლიტიკური  წელი გვქონდა. მეეჭვება, რაიმე არ დაგმახსოვრებოდა, მაგრამ ბლოგში გასული წლის პოლიტიკური ამბების შეხსენებას ვეცდები და რა თქმა უნდა, დავიწყებ მთავარით: 

 

შესვლა?.. არშესვლაა?.. საკითხავი, აი, ეს არის! 

 

პარლამენტში შესვლა-არშესვლის დილემამ ცოტა ჩვენც გადაგვღალა და შარლ მიშელი ხომ ორმაგად გადაიღლებოდა. “აპც გირჩი” იყო და პარლამეტში მივიდა, ალეკო ელისაშვილი იყო და სულაც ურიგოდაც შევიდა, ზოგიც შევიდა და გამოვიდა…      ყველაფერი კი დიდი ხნის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოვილიეთ და მმართველმა პარტიამაც ტელეკომპანია “იმედის” ეგზიტპოლის შედეგები მილიმეტრული სიზუსტით გაიმეორა, არჩევნებით უკმაყოფილო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატებზე უარი თქვეს. შემდეგ ნიკა მელიაც ციხეში გამოკეტეს და პროტესტმა 2021-შიც გადმოინაცვლა. 

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წელს ხშირად გვსტუმრობდა, მაგრამ არც ხინკლის მისართმევად და არც ღვინის დასაწურად. ოპოზიცია და “ქართული ოცნება” უნდა შეერიგებინა. ერთი მოლაპარაკებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, მეორედაც ჩამოვიყვანეთ და პოლიტიკური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა მის რამდენიმეპუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა. სკოლაში სიარულისას, როგორც კი დედის თვალს მოვეფარებოდით, მაშინვე ქუდს რომ მოვიგლეჯდით ხოლმე, ახლაც იგივე გაიმეორეს პოლიტიკოსებმა. ქვეყნის საზღვრის მიღმა დაიგულეს თუ არა შარლ მიშელი, უმალ უარი თქვა მმართველმა პარტიამ შეთანხმებაზე. ესეც რომ ნაციონალების ბრალია, ხომ ცხადია?

პარლამენტის საქმიანობას რამდენჯერმე ჩამოშორდნენ პარტიები, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგაც. ცოტა ხნის წინ კი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” შერიგების ინიციატივით, ჩვენ კი ველოდებით, რა გამოვა. 

გასულ წელს ალბათ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით ცხადად დავინახეთ, რომ ქვეყნის ბედი რუსეთის გარდა, ცალსახად საპირისპირო კონტექსტით, ევროპასაც აინტერესებს. 

 

წასვლები და დანიშვნები

 

“Gakharia, Go Home!” changed its name to “Gakharia Went Home!”. ძალიან კი დააგვიანდა, მაგრამ გიორგი გახარიამ გასული წლის 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. აი, ის თანამდებობა, 20 ივნისის შემდეგ საჩუქრად რომ გადაეცა. ბატონმა პრემიერმა გუნდში იდეოლოგიური დაპირისპირება გვქონდა, მე მათზე უკეთესი ვარ და პარტია დავტოვეო. არ გვჯერა. “ქართულმა ოცნებამ” კი არც აცია, არც აცხელა და მაშინვე ნაცად შერაცხა თვალებპაჭუნა გახარია, მიშაზე უფრო ნაცი და ყველა ნაციონალზე უფრო მიშისტი გამოიყვანეს. ისიც დააყოლეს, კოკაინს იყნოსავს და ალკოჰოლს ეტანებაო. გახარია ძალიან ეცადა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი გამოუვიდა. ვერც მეამბოხე გახდა, ვერც სანდო პოლიტიკოსი და მარტივ მოცემულობასაც ვერ გაართვა თავი - ჯერაც ვერ მოუპოვებია მორალური უპირატესობა “ქართულ ოცნებაზე”. 

რომ გვეგონა, ბოროტი გახარია გზიდან ჩამოვიშორეთ, პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაგვისვეს. იმას მიეცა ჩვენი ცოდვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო… ბიძინას რჩეულმა ირაკლიმ მაშინვე ერთი ამბავი დაატრიალა ქვეყანაში და ასადუღებელ ეკონომიკას თავიდან შეუნთო ცეცხლი. 

მარტში კი ყოვლად გაურკვეველი მოტივითა და კომპტენციით თეა წულუკიანი დანიშეს კულტურის მინისტრად. იურისტი მოადგილეები ნაბადში გამოკრა თეამ და საქმეს შეუდგა. ყველგან ვიღაც ჩანერგა, ყველას ხელი შეუშალა და მუზეუმების დანგრევაც განიზრახა. თეა წულუკიანის დანიშვნამ ალბათ წლების წინ თბილისის ქუჩების წარწერები მოგვაგონა და ისედაც მშიერ ხალხს კულტურა უფრო მოგვაშია. 

წლის ბოლოს კი ეკა ტიკარაძე დაგვემშვიდობა და ალბათ, რობოტი პეპერიც თან წაიყვანა. არადა, რა ჯობია მწვანე პასპორტებს… 

 

ჩამოსვლა და შიმშილობა

 

ალბათ, წლის ყველაზე გამაოგნებელი ამბავი მაინც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება იყო. თუ მასვე დავუჯერებთ, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში და ერთი-ორ ქალაქსაც ესტუმრა. სააკაშვილის საქართველოში გადაღებული ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ბიძინაობის დღესასწაულზე, დააკავეს. ჯერ თავს იგიჟებდნენ, ტრუსკავეცშიაო, მაგრამ მერე თქვეს, ეს მარტივი სპეცოპრაცია და მისი ნაწილი იყოო. მთავარია, შევარდნაძის ჩაის დალევა მოასწრო მიშამ ოცი წლის წინ, ახლა რომ ხინკლის ჭამა ვერ დაასრულა, არაუშავს.

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და შიმშილობა დაიწყო, რომელიც 50 დღის შემდგომ შეწყვიტა. ირაკლი კობახიძემ, ლიმონათს სვამსო, მეორე ირაკლიმ თაფლს ჭამსო, აბა, მითხარით, ეგ რანაირი შიმშილობაა… საბოლოოდ კი მაინც დათანხმდნენ მის ჰოსპიტალიზებას. 

სააკაშვილის ჩამოსვლაზე არანაკლებ გამაოგნებელი იყო დანარჩენებისა და განსაკუთრებით ერთი ოპოზიციონერი ქალის გამძლეობა, თავდადება და შეუპოვრობა. ვისთვისაც ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ალბათ, ისინი ვიტყვით, რომ საბედნიეროდ ყველა მოშიმშილე მეტ-ნაკლებად კარგადაა. 

 

ტრი, ტრი და მოსმენები

 

ხელახალი გაპრემიერებიდან მალევე ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერას საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ალბათ მოისმენდი, როგორი აზარტითა და უძლეველობის განცდით ცდილობდნენ სკოლის მოსწავლეების დაშინებას. ისიც არ გამოგეპარებოდა, პირდაპირ ეთერში “იმედის” ჟურნალისტმა ბერას როგორ მწვავედ ჰკითხა, ტიკ-ტოკზე რატომ აღარ აქტიურობო. ჩანაწერებიდან ორი რამ გავიგეთ. პირველი ის, რომ ბერას ნებისმიერ ძალადობრივ სურვილს უკმაყოფილებენ და მეორე ის, რომ ირაკლი (ანტუნინ) ღარიბაშვილს ფრანგული სცოდნია. აბა, ამბავი ერთის ცუდი მუსიკოსობისა და მეორეს უარესი პოლიტიკოსობისა კარგა ხანია ვიცით.

ბერა და ღარიბაშვილი არ გვქონდა დავიწყებული, სუს-ის მიერ მომზადებული ჩანაწერების ფაილები რომ გამოქვეყნდა მედიაში. თურმე, ჩვენი მზრუნველი და ტოლერანტი მთავრობა ყველას უსმენს, განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პროფესიისა. აი, მესმის დემოკრატიაც. კარგა ხანს ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ამბები ტრიალებდა, მოსმენებზე გაჩერება შეუძლებელი იყო. 


ახალი წლისათვის ბევრი სურვილი მაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ მრავალფეროვან, შედარებით მშვიდ და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ვუსურვებ საკუთარ თავსა და თქვენც.