
დასაბამი
2020- ის დასაწყისია და ჩემს პროლეტარულ ფერხულში თავით ვარ გადაშვებული. სერვისში ვმუშაობ, საქმე, სტუმარი, გასახსნელი ღვინოები და დასაჭრელი კიტრები არ ითმენს.
ცალი ყურით კი გავიგე, სადღაც ჩინეთში რაღაცა ვირუსი გავრცელებულა და ყველას დედაა ….-ო, მაგრამ, ვიფიქრე, მასე ჩრდ.კორეაშიც არის გავრცელებული რაღაცა ვირუსი და მაგაზე ყურს არავინ იბერტყავს და ალბათ, ჩინეთიც გადარჩება-მეთქი.
გავიდა რამდენიმე დღე და მთავარი ჭორბიუროდან- ანუ, მამაჩემისგან- შემომდის ზარი. ისაო, ესაო ვირუსი საქართველოშიც გავრცელებულაო. მეთქი უფ, ერთი კაცი რა უჭირს. და მე, როგორც მუდმივად ნეგატივით აღსავსემ, მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე პოზიტიური აზრი გამეშვა სამყაროში და განვაცხადე- ასე, აპრილში დამთავრება ეს ვირუსი-მეთქი და კიდევ დრთ კიტრს წავაცალე კუდი. ან თავი- გააჩნია, რომელთან იდენტიფიცირდება.
3 კვირაში კი, ჩემი სამსახური დაიკეტა.
მთელი ქალაქი ჩაიკეტა.
გაჭედვით კი, ცხვირები, ცხვირები გაიჭედა.
ქაოსი
პანდემიის დროს თითქმის ყველა იმ ეტაპისა და პატერნის გავლა მოგვიხდა, რაც ესოდენ დამახასიათებელია ნებისმიერი ტოქსიკური ურთიერთობისთვის.
თავიდან ერი გავერთიანდით- მთავრობა, არამთავრობა, წითელი, ლურჯი, მე, დედაჩემი. ამოუცნობი მიკროსკოპული ორგანიზმის წინაშე, რომელსაც არათუ სახელი, გვარი, პირადი მომერი და ბავშვობის ტრავმა კი არა, არამედ- ბირთვიც კი არ ჰქონდა- კაცობრიობის უძლურება შევიგრძენით.
ეგრეა ეგრეე, შიში ოხერია.
მერე ისევ გავიხსენეთ ერთმანეთის ნამდვილი სახეები- დედაჩემმა ჩემი, იმან იმის ამან ამის და — აგერ უკვე პანდემიის წინაშეც ჭეშმარიტმა ქართველობამ იჩინთა თავი! და დავიწყეთ ძახილი-
ერეკლეეე მეორეეეს მეზარბაზნეები არ ჰყააავს არაააო.
ვისაც უძილობა გაწუხებთ და ინტერნეტის ბნელ კუნჭულებში დაძვრებით ხოლმე- რომელიც, სინამდვილეში შორს სრულაც არაა და შენი ფბ მეგობრის, პირობითად თორნიკეს ფბ ვოლზე აღმოჩნდება ხოლმე. იქ კი იპოვი ათასერთ შეთქმულების თეორიას, ამ თეორიებზე ლაივებს, არგუმენტებს კორონა მეოთხე მასონის პადვალში გამოჩეკილი ვირუსი რომაა და ვაქცინა ქართველ ქალს, ღირსეულსა და უდრტვინელს, დედობის უნარს რომ ართმევს, ქართველ ვაჟკაცს კი- ქველსა და მდაბალს- მამობისას.
თუმცა, მოდი ვაღიარებ, თორნიკეებს ტროლობას, ბოტობასა და მასონის ქვეშევრდომობას ვერ დავაბრალებ. თორნიკეები უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც კრიტიკური აზროვნების განვითარებაში სადღაც აუცდათ და ახლა ისეთი ძალით სწამთ მსგავსი რაღაცების, რომ კალორიებსაც კი წვამენ. რწმენას ხომ დიდი ენერგია სჭირდება.
ის მომენტიც გავიხსენოთ, ზოგჯერ რომ ვერ ვხვდებოდით, მოქმედი კეთრი გვჭირდა და ხალხი იმიტომ გვარიდებდა თავს მაღაზიაში თუ უბრალოდ მეზობლებმა თქვეს ამას 3 კვირის წინ კორონა ჰქონდა და ორი წელი აღარ გაეკაროთო.
კომპიუტერის წინ გატარებული დაბადებისდღეებიც
რბოლა სამსახურიდან სახლამდე და შიში, 09:01–ზე უკვე ჯარიმას ამაკრავენო.
ეპილოგი
ბაიდენმა თქვა, პანდემია სრულდებაო, ჯანმოც (მოფერებით ასე ჰქვია, ინფოჯანმო.ჯიმეილ) დაეთანხმა და ზუსტად მაშინ გამახსენდა, პანდემია მართლა რომ იყო. მძიმე მოგონებებს გონება სწრაფად ივიწყებს ხოლმე და ჩემმა გონებამაც, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი წინა თვეს გადავიტანე, მაინც დაივიწყა. ეკონომიკა ყვავის თუ არა, ეს ზუსტად არ ვიცი, არც მანამდე ვიცოდი. ერთი ის განსხვავებაა, დახველებისას ადამიანები- სანიტაიზერს და, ზოგიც, ნაკურთხ წყალს აღარ მასხამს. პირბადეც ჩემი ჩანთის იმ ფსკერზე მიგდია, რომელსაც მზის სინათლე არასდროს უნახავს. არც შუადღის 4 ზე გავრვივარ სახლში, იქნებ კომენდანტამდე ვაზისუბანში მივასწრო მეთქი. მოკლედ, აქამდე რომ გამოგვეცხადებინა პანდემიის დასასრული არა?!
რა გვასწავლა?
რავი, შემდეგ უბედურებაზე ვნახავთ, ამ უბედურებისას რა ვისწავლეთ.