
ეს სლოგანი ჩვენი ქალაქის მერის, კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიიდანაა, რომელშიც ის ქუჩების რეაბილიტაციას, მეტ პარკსა და გამწვანებას გვპირდებოდა. გამოხდა ხანი, დასრულდა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გახსნეს საზეიმო ვითარებაში და მეორე დღეს ბრახ — აღმოჩნდა, რომ თურმე ბავშვებმა არ უნდა გააცდინონ სკოლა, მშობლებმა არ უნდა გაუშვან მარტოები სათამაშოდ, დებილურ კითხვებს რატომ ვსვამთ? ჩვენ ოღონდ მთავრობა გამოგვალანძღინე და მეტი საქმე არ გვაქვს, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ნაცების ბრალია, აბა ცუდს ამ ქვეყანაში მეტი ვინმე რამეს იზამს? და 1000 ეგეთივე სისულელე.
არადა რა მარტივადაა საქმე — პარკში, სადაც სულ ბავშვები თამაშობენ, მათ შორის შადრევნის მიმდებარედ და ზოგ შემთხვევაში შადრევანშიც კი; პარკში, რომელიც რეალურად ამისთვისაა კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული, რომ ბავშვებს სიცოცხლე გაულამაზოს (რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა); აი ამ პარკში არსებულმა ინფრასტრუქტურამ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეუქმნას, ხომ ცხადზე უცხადესია?!
კი შეცდომები ხდება, ყოველთვის ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ასეთი შემთხვევები, რომელიც უკვე მერაღაცამდენედ, არასწორად ჩატარებული ტენდერისა თუ ბიძაშვილის მინისტრად დანიშვნის გამო იწირავს ადამიანების სიცოცხლეს, შეცდომები არ არის — შედეგებია, რომლებსაც ასე მწარედ ვიმკით.
Point being — ეს უბრალო დაუდევრობა არ არის, ასეთი დაუდევრობები უკვე დიდი ხანია ნორმადაა ქცეული. ახლა ერთი ორი დღე ამაზე სტატუსებს დავპოსტავთ, ერთ ორ აქციას დავაორგანიზებთ, მაქსიმუმ ვინმე გადადგეს კიდეც და გამოძიებამაც იპოვოს ვინმე ერთი დამნაშავე, თუმცა გავა ერთი თვე და რაღაც მსგავსი ისევ მოხდება, რადგან რეალური პასუხიმგებელი პირები საერთოდ არ თვლიან ასეთ ამბებს თავიანთ პასუხისმგებლობად.
სწორედ ამიტომ გამოეხმაურა მერია ამ ამბავს ვაკის პარკის საზეიმო ვითარებაში გახსნის პოსტის აორთქლებით. ნუ ამიტომ და კიდევ იმიტომ, რომ როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეგეთ დროს ბავშვები მანდ არ უნდა ძვრომიალობდნენ, თუ ხიფათს არ ეძებენო. ჰოდა მერიამაც იფიქრა ალბათ — თუ არ გავხსნილვართ, ჩვენი ბრალიც აღარ გამოვაო. დაავიწყდათ, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და ეგრე მარტივად არ იშლება წარსული, როგორც ფოტოები ფიდებიდან.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა — არასრულწლოვან ბავშვს მარტო რა უნდოდა ვაკის პარკში, დედა სად იყოო — ესეც განაცხადა, სანამ გაიგებდა რომ სრული სისულელე თქვა და ბოდიშს მოიხდიდა. საქმე ის არის, რომ ასეთ და საერთოდ რაიმე განცხადებას დაუფიქრებლად არ უნდა აკეთებდეს არც ერთი თანამდებობის პირი და სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა აფიქრებდეს, რომ პასუხი მოეთხოვება მსგავს გამონათქვამებზე.
თუმცა, ამ ადამიანმა ზუსტად იცის, რომ მას არაფერი მოეთხოვება და ბედნიერად გააგრძელებს სხდომებზე სიარულს, ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ხელფასის აღებას და შესაძლოა თავისი ბიძაშვილის მამიდაშვილის კომპანიასაც მოაგებინოს ერთი ორი ტენდერი, რომელიც მომავალში გამოიწვევს ვინმეს სიცოცხლის ხელყოფას (cause you know that would be ironic).
აი რაც ირონიული არაა, არის ჩვენი რეალობა — ბოდიშების გარდა, ვერც ქალაქის მერისგან და ვერც ამ პარლამენტარისგან ვერაფერს მივიღებთ. არადა ასეთ დროს, ამ კამპანიის სლოგანით მოსულ მერს რომ სინდისი ჰქონდეს, აუცილებლად გადადგებოდა.
ავტორი: ნინა გაბადაძე