არჩევნების ცდუნება, ანუ როგორ ვერ უნდა მოგვისყიდონ

ჯამი ჭურჭლია, ძირს დაგდებული არაფერი უნდა შევჭამოთ, არჩევნებზე უნდა წავიდეთ და თან ვერავინ უნდა მოგვისყიდოს. წინასაარჩევნო პერიოდში თუ უკვე საარჩევნო უბანზე მისული უამრავ ცდუნებას წამოკრავ ფეხსა და შეიძლება, შენდაუნებურად 20 ლარად, ერთ კილო კარტოფილად ან ორიოდე ტკბილ სიტყვად საკუთარი ხმაც კი დათმო. ალბათ მერე იმასაც იფიქრებ, რა მოხდა, ზემოთ ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია, მე კიდევ ამ 20 ლარად ბევრ ნაყინს მაინც ვიყიდიო… მაგრამ, ადამიც ეგრე გაება ცდუნებათა მახეში და კი ვართ ახლა მსოფლიო ასეთ დღეში. ხოლო, იმისათვის რომ არჩევნების დღეს შენი სახელი რომელიმე პატიის აგიტატორის გაურკვეველი დანიშნულების ვრცელ სიაში არ მოხვდეს, რამდენიმე რჩევას მოგცემ:

შემოთავაზების შემთხვევაში, შეგიძლია, ფული აიღო, მაგრამ ხმა სხვას მისცე 

თუ ვინმე კონკრეტული კანდიდატისათვის ხმის მისაცემად ფულს შემოგთავაზებენ, სინდისის ქენჯნის გარეშე გამოართვი. პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ბიუჯეტს კი ვინ ავსებს? — მართალია, შენ, ასე რომ, მათ უბრალოდ ვალი დაგიბრუნეს… თუმცა ის ალბათ კარგად გვახსოვს, საარჩევნო კაბინაში მარტონი რომ ვიქნებით და დიახ, ვისაც გვინდა იმას შემოვხაზავთ. 

ზოგიერთი პარტია იმდენად მონდომებულია დაგვაძალოს მათ სასარგებლოდ ხმის მიცემა, შესაძლოა, ვიზუალური მასალაც კი მოგვთხოვონ დასტურად იმისა, რომ მათთვის სასურველი არჩევანი გაგვაკეთებინეს. ეს საქმეს უფრო ართულებს, თუმცა არ უნდა დავიბნეთ და ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. შემოხაზე, გადაუღე, გადახაზე, სხვა შემოხაზე… ასეთ დროს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ან — არა. ასეთი ბიულეტინები საეჭვოდ მიიჩნევა და შემდგომ კომისია გადაწყვეტს, აღიარონ თუ არა მისი ნამდვილობა, მაგრამ კანდიდატის ძალდატანებით შემოხაზვას, ნამდვილად ასე ჯობია. 

წარმოიდგინე, როგორი ამაყი დატოვებ საარჩევნო უბანს განცდით, რომ პოლიტიკოსებმა ვერ მოგისყიდეს, არჩევანიც გააკეთე და თან ფულიც აიღე. სულ ეგენი გვართმევე და ერთხელ ჩვენს ვიხეიროთ.

საარჩევნო კაბინაში შემოჭყიტების უფლებას ნურავის მისცემ

როგორ მყარადაც უნდა გქონდეს გადაწყვეტილი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, მოსყიდული კოორდინატორი, არსაიდან მოსული ან უბანში რომ სიტყვა ეთქმის ეგეთი ტიპი აზრსაც შეგაცვლევინებს და პრინციპებსაც რეკორდულად სწრაფ დროში დაგათმობინებს. 

არავინ შემოუშვა, არც კი შემოახედო საარჩევნო კაბინაში. თუ გინდა თქვი, კოვიდი მაქვს, ჩუმად ვარ მოსული-თქო და ახლოსაც არავინ მოგეკარება ან მოსასყიდად მოსულს საარჩევნო კაბინიდან ბოლო ხმაზე უყვირე. დანარჩენს კი ისედაც დაპირისპირებული კოორდინატორები, დამკვირვებლები თუ სიებით აღჭურვილი აგიტატორები თავად მოაგვარებენ, ატყდება ჩხუბი და აყალ-მაყალი. ამის შემდეგ ცოტა ხმაურიან გარემოში კი მოგიწევს სასურველი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დაიმახსოვრე, შენი სიმამაცითა და შეუდრეკლობით დემოკრატიამ რომ ფეხი აიდგა, სწორედ მისი ნაბიჯების ხმა ჩაგესმის. 


ნუ გაახმოვანებ პოლიტიკურ შეხედულებას

ჩემი კორპუსის დავმჯდომარე ყოველ არჩევნებზე გვსტუმრობს. ფურცლებს თავს ვერ უყრის ხოლმე, მაგრამ მაინც ომახიანად და ცოტაც უტიფრად გვეკითხება, ხმას ვის აძლევთო. მერე კი რაღაცებს თავისთვის ინიშნავს. თუ პასუხი არ მოეწონება, კარგად დასწავლილ ტექსტებს იმეორებს ანდა ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ბუკლეტებს გვიტოვებს. ახლა ჭჯუა ვისწავლე და კარს აღარ ვუღებ.

პოლიტიკური შეხედულების დამალვა რომ გვიწევს კარგს არაფერს მეტყველებს. მაგრამ თუ გვინდა, მაცდუნებლად მოვლენილი აგიტატორი თავს არ გვაბეზრებდეს, ცოტათი იდუმალები დავრჩეთ. შეგიძლია, არავის უთხრა, ვის უნდა მისცე არჩევნებზე ხმა ან ნებისმიერი პარტიის მოგზავნილს თავი დაუქნიო, კი, აბა, რაა, თქვენ გაძლევთ ხმას, სხვა ალტერნატივა არც მაქვს-თქო. ასე კი იმასაც მოიშორებ, ვისაც შენს პოლიტიკურ სიმპატიებზე არაფერი სმენია და მასაც, ვისაც სულ ტყუილად გონია, თითქოს მის ფავორიტ პარტიას აძლევ ხმას. 

მუდამ იფიქრე ქვეყნის მომავალზე 

ცდუნება მართლაც დიდია… მაგრამ, იქნებ ამ ერთხელაც ძალიან ვეცადოთ და თავისუფლების ფასად საკუთარი ხმები შევინარჩუნოთ. 

წარმოიდგინე, როგორი სასიამოვნოა მართლაც ქვეყნის სწორ განვითარებასა და ნათელ მომავალს რომ ხაზავ საარჩენო ბიულეტინზე, თანაც ამაში რომ დარწმუნებული ხარ. 

თუ არჩევნებზე მიმავალი ქვეყნის ბედზე, პერსპექტივაზე, ეკონომიკასა და სასამართლო სისტემაზე იფიქრებ, რომელიც, სავარაუდოდ, არც შენ მოგწონს, აგიტატორის დაგებულ მახეში გაბმა გაგიჭირდება. თანაც, პოლიტიკოსების უმეტესობა არჩევნების შემდგომ დიდი ალბათობით მაინც დაგვივიწყებს, ხოდა, არ ჯობია, პარტიების ერთგულებას, პრინციპების ერთგულები ვიყოთ? 

ავტორი-თეკლა ხარაზიშვილი