ამბავი შეიძლება ასე დაგვეწყო: ,,შვიდი ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს და შვიდივე ააცილა“, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთი იყო მურტალო და არც მეორე ინგა, ორივენი ბედკრული ამერიკის შვილები იყვნენ. იარაღიდან რვა ტყვია გაისროლა ბატონმა თომას მეთიუ კრუქსმა და აქედან მხოლოდ ერთი მოახვედრა რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატს, ისიც ყურში გაარტყა და სულ ოდნავ გაუკაწრა.
13 ივლისიდან, ამ ფაქტიდან გამომდინარე ამერიკაში თუ ვინმე შეგხვდებათ და გკითხავთ, აბა თუ მეტყვი რა საერთო აქვთ ვან გოგს და დონალდ ტრამპსო, გაოცებული სახით არ შეხედოთ, პირდაპირ ყურზე გაამახვილეთ ყურადღება, რადგან მეტ მსგავსებას ფიზიკურად ვერ იპოვით.
არავინ იცის 2024 წლის 5 ნოემბერი ამერიკის უახლეს ისტორიაში რა სიტყვებით ჩაიწერება, მაგრამ დუღილის ტემპერატურა უფრო და უფრო მატულობს და ვაი იმას, ვისაც თან დამცავი ჟილეტი არ გააჩნია, გინდ სიცხის, გინდ გასროლილი ტყვიისგან თავის დასაცავად. სამეზობლოს მოხუცები როგორი ყურადღებითაც უყურებენ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გვიან ღამით დააბიჯებს ქუჩებში, ეგრე გამადიდებელი შუქით აკვირდება მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროკავშირი, ამერიკაში რიგით მესამოცე საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი არ მონაწილეობს, მაგრამ ჩვენ ბიულეტინი არასაჭირო კანდიდატებით არ დავტვირთოთ და ორ ძირითად კანდიდატზე გავამახვილოთ ყურადღება.
ბაიდენმა თქვა, ექიმებმა ,,მწვანე თუ ამინთეს“ და ასაკმაც ხელი არ დამრია, აუცილებლად ვიყრი მეორე ვადით კენჭსო. ამ სიტყვებს ვწერდი როცა ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, სიქ ქოლი გახსნა და სარბიელი უფრო ახალგაზრდებს დაუთმო. მოდი ამაზე დემოკრატებმა ინერვიულონ, რესპუბლიკელებმა კი საკმაოდ ერთხმად და ერთსულოვნად აირჩიეს ორიგინალური თმის ვარცხნილობიდან გამომდინარე საპრეზიდენტო კანდიდატად, ბატონი დონალდ ტრამპი, ცნობილი მისი არაპროგნოზირებადი ხასიათით, შურისძიების დაუოკებელი წყურვილით და ნატოს მთავარი კრიტიკოსის სტატუსით. ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ მისი მხარდამჭერები კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობენ და ამან შესაძლოა ხმათა პროცენტულ გადანაწილებაზეც იქონიოს საკმაოდ დიდი გავლენა. თუმცა, სანამ იმას გავიგებთ ვინ და რამდენი პროცენტით გაიმარჯვებს არჩევნებში, ჯერ მოდი იმ მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი, რომელიც ამერიკის, და არა მხოლოდ ამერიკის დღისწესრიგში საკმაოდ დიდი ხანია დგას: ,,რა მოხდება თუკი ტრამპი ისევ დაიბრუნებს პრეზიდენტის სტატუსს?
ყველას გვახსოვს ჰოლივუდის სხვადასხვა გამოჩენილი ვარსკვლავები როგორ დაუპირისპირდნენ ტრამპის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსს, ისიც კარგად გვახსოვს რა სიტყვებით აკრიტიკებდა ტრამპი ნატოს და მათ რუსეთის უფრო წაქეზებით რომ აშინებდა, ჭკვიან ადამიანს ისიც არ დაავიწყდება როგორ გულთბილად შეხვდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის პრეზიდენტს და მოდი ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ შეიტანა ეჭვი ამერიკაში დემოკრატიის ხარისხზე და 2020 წლის არჩევნები გაყალბებულად ჩათვალა. ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, ბუნებრივია ბევრი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება აქცევს ყურადღებას იმ ადამიანს, რომელმაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა უნდა მართოს. და ეს ადამიანი თუ ტრამპი იქნება, მაშინ როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მსველობა და ჩვენი, საქართველოს ბედიც მეტნაკლებად შეიცვლება.
როგორი შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა ,,ევროკავშირისა’’ და ,,ნატოს’’ მიმართ?
ტრამპს რომ ,,ევროკავშირი“ და ,,ნატო“ დიდად გულზე არ ეხატება ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ის არა ერთხელ დაუპირისპირდა ჩემს მიერ ნახსენებ ორგანიზაციებს და მათ რუსეთის უფრო მეტად წაქეზებით დაემუქრა. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი ყველაზე მთავარ პრობლემად ტრამპის არაპროგნოზირებად ხასიათს მიიჩვენს, რომელმაც არა ერთხელ ისეთი წინადადება ათქმევინა ტრამპს, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის განგაშის ზარის მსგავსად ჟღერდა. ტრამპის მმართველობას თუ გადავხედავთ მარტივად შეგვიძლია დავინახოთ ის მთავარი პრობლემა რაც ევროკავშირსა და ამერიკას შორის შესაძლოა კვლავ გაჩნდეს, ეს სხვადასხვა საქონელზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გადასახადია. ვაი, რომ ევროკავშირისთვის აღშფოთების მიზეზი მხოლოდ სავაჭრო საკითხებზე არ გადის, აქ პრობლემა რუსეთ-უკრაინის ომისადმი ტრამპის დამოკიდებულებასაც ეხება. მან არა ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას იმ დრომდე დაეხმარება სანამ ის საჭიროდ ჩათვლის, ასევე არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მას აქვს უნარი რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო მოლაპარაკებამდე მიიყვანოს, რაც სავარაუდოდ პრონტის ხაზის გაყინვას და რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობას გულისხმობს, რაც ომის პერიოდში დაიკავა. დღესდღეობით, შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ, თუ რამდენად დიდ ძალას წარმოადგენს ამერიკის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისთვის და იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში ამ დახმარების გაუქმების შემთხვევაში, ნამდვილად შემაშფოთებელია არა მარტო ევროკავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ტრამპი ძირითადად ამერიკის იზოლაციონისტურ პოლიტიკას ემხრობა და ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობით, ეს ქვეყნები უფრო მეტ მოგებას იღებდნენ, ვიდრე თავად ამერიკა. სწორედ აქედან გამომდინარე დაესხა ის თავს ნატოს და მას მოძველებული უწოდა. მოძველებული სისტემა, რომელიც ამერიკის როლს რეალურად ვერ აფასებს და მის დამსახურებას სათანადო პასუხს ვერ უბრუნებს – სწორედ ამგვარია ტრამპის დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების მიმართ. ტრამპის პასუხი ნატოს ქვეყნებზე ყოველთვის ნათელი იყო, თუ ისინი გადასახადებს პირნათლად გადაიხდიდნენ და ამერიკის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებდნენ, მაშინ ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ დაეხმარებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით, ტრამპი პუტინს ომისთვის უფრო მეტად წააქეზებდა. სწორედ ამ ისტორიული მომენტების გამო აშინებს ევროპას ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტება, რადგან მასში პუტინის შესაძლო მეგობარს და ევროკავშირის და ნატოს შესაძლო კრიტიკოსს ხედავენ, თუმცა რაღა შესაძლოს, კაცი პირდაპირ ამბობს ძვირი და არაფრისმომცემია თქვენთან მეგობრობაო.
პოლიტიკური შეფასებები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ერთი რამ ცხადია. ტრამპმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ თუკი ნატო და ევროკავშირი სამართლიანად ითამაშებდნენ, ის მათ არანაირ დახმარებაზე უარს არ ეტყოდა და არც რუსეთთან რაიმე სახის არასამართლიანი ქმედებების განხორციელებას დაიწყებდა. ევროკავშირისთვის ისიც შემაშფოთებელია, რომ ტრამპს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ვიქტორ ორბანთან, რომელიც ევროკავშირის შემადგენელ ქვეყნებს შორის პუტინის ერთ-ერთი მოკავშირეა. მას შემდეგ რაც ორბანმა თავის დროზე არჩევნები წააგო, უკვე მომავალში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რაღაც მხრივ ამერიკის მომავალს ხომ არ ვხედავთ, მოიქცევა კი ასე დონალდ ტრამპი, თუ მის მიერ დაშვებულ შეცდომებს გააანალიზებს და უარს იტყვის იზოლაციონიზმის პოლიტიკაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებაზე? მოკლედ, ევროპელები დიდი გაფაციცებით აკვირდებიან ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს და ალბათ 5 ოქტომბერს წნევის აპარატით მომარჯვებულები შეხვდებიან, ჩვენ კი ჩვენი სადარდებელი გვაქვს, რაზეც ახლავე მოგახსენებთ.
ტრამპმა თუ მოიგო ჩვენთან რა მოხდება?
2018 წელს ნატოს სამითზე როცა ტრამპს საქართველოს შესახებ კითხვა დაუსვეს შემდეგი პასუხი გასცა: ,,საქართველოს წარმომადგენლები დღეს აქ არიან და ეს ბევრს ნიშნავს. ისინი რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“. რა იგულისხმებოდა კარგ შთაბეჭდილებაში ეგ ამ თემის ექსპერტებისთვის მიგვინდია, მაგრამ ახლა რომ ტრამპი პრეზიდენტად მოვიდეს ისევ, მაგაზე უკვე მთელმა საქართველომ უნდა იფიქროს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტრამპი რუსეთზე მნიშვნელოვან მეტოქედ ჩინეთს განიხილავს, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს. რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეიძლება დაჯდეს და არა ერთხელ დაუმშვენებია პუტინის გვერდი, მაგრამ ჩინეთი მისთვის საკმაოდ არასასურველ ძალას წარმოადგენს და მომავალში საკმაოდ ხისტ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ჩინეთის მიმართ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონი დონალდი გაიმარჯვებს. მაშინ, როდესაც ,,რუსული კანონის“ მიღების დროს ,,ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქცია ჩაატარა, ბიძინა ივანიშვილმა ბედნიერმა განაცხადა ამერიკაში მალე ტრამპი გაიმარჯვებს და ყველაფერი უკეთესობისკენ წავა ჩვენთვისაც და მსოფლიოსთვისაცო. მგონი არასწორად ფიქრობს. ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებით და მის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად წარმოდგენით, საქართველომ კიდევ უფრო გაირთულა ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობები. რაციონალურად რომ შევხედოთ სიტუაციას ერთი კითხვა დაგვებადება – რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკამ საქართველოს, რომელიც ამერიკის მთავარი მეტოქის, ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად თვლის თავს? ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა მომავალში სხვადასხვა პრობლემის წინაშე დაგვაყენოს, დაწყებულო ეკონომიკური, დასრულებული სოციალური თემებით.
ტრამპის პრეზიდენტობის დროს საკმაოდ ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გამო შესაძლოა ტრამპს უარი ეთქვა საქართველოს, უკრაინის და სხვა რუსეთის მეზობლის ინტერესებზე, წასულიყო გარკვეულ კომპრომისზე და ნაკლებად დაკავებულიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბედით. თუმცა აღნიშნული მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა, რადგან ტრამპის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით არა ერთი დახმარება გამოეგზავნა ჩვენს ქვეყანას და მათ შორის ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ ვერ გამოგზავნა. ფაქტი ერთია, ტრამპმა საკუთარი იზოლაციონისტური პოლიტიკა თუ გააგრძელა, თუ გადაწყვიტა ,,ევროკავშირის“ და ,,ნატოს“ მიზანმიმართული დამცრობა და კრიტიკა, საქართველო კიდევ უფრო დაუცველი აღმოჩნდება მშიერი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, რომელიც დღითიდღე ისინჯავს კბილს ჩვენს ტერიტორიებზე. წინ უკეთესის იმედით უნდა ვიყუროთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გადარჩენის გზა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და იმ დაცულ ტერიტორიაზე არსებობაშია, რომელსაც ევროპული ოჯახი ეწოდება.
26 ოქტომბერს ცოცხლები თუ გადავურჩით, მომდევნო დღეების განმავლობაში რაც შეიძლება დიდი სანთლები დავანთოთ, თითები გადავაჯვარედინოთ და შემოქმედს ამერიკაში ისეთი პრეზიდენტის დანიშვნა ვთხოვოთ, რომელიც საჭირო დროს ერთგული მეზობელივით ხახვის ნაკლებობასაც არ გვაგრძნობინებს და ორ კბილ ნიორზეც არ გვეტყვის უარს.
ავტორი: ანანო შალამბერიძე