ქართული ნარკოპოლიტიკა ყველას გვიფრთხილდება.
ერთის მხრივ კრიმინალად მიჩნეულ ნარკომომხარებელს საზოგადოებას აშორებს, ციხეში სვამს და ამით საზოგადოების დანარჩენ ნაწილს იცავს და მეორეს მხრივ თავად ნარკომომხარებლის სიცოცხლეს უფრთხილდება, თან ისე უფრთხილდება, რომ შეიძლება მისი ცხოვრების გამანადგურებელი თავად აღმოჩნდეს.
თუ ერთ დღეს გადაწყვეტ MDMA-ს თრიფში აღმოჩნდე, შემთხვევით იქ ზემოთ გაგიგეს და პატარა მოყვითალო შეფერილობის კრისტალი აღმოგიჩინეს, დიდი ალბათობით თავს ციხეში ამოყოფ. მერე რა, რომ გასართობად გინდოდა, ან მერე რა, რომ არავის არაფერს უშავებდი.
სახელმწიფო გაგიფრთხილდა, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯა და ციხიდან გამოსულს რესოციალიზაციის საშუალებაც არ მოგცა. 3 წლით ჩამოგართვა მართვის მოწმობა, აგიკრძალა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა, ხელმძღვანელობის უფლება და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ შენზე იზრუნა იმით, რომ ფაქტობრივად ცხოვრება დაგინგრია.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს პარლამენტმა გააუქმა საპატიმრო სასჯელი 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, ქართული ნარკოპოლიტიკის საქმე ამაზე წინ აღარ წასულა.
თუ გაუპატიურების ბრალდებით დამნაშავეს 6-დან 8-წლამდე დაიჭერენ, ან მკვლელს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, ადამიანი, რომელმაც ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შეიძინა, შეიძლება 20 წლით დაემშვიდობოს თავისუფლებას. მსგავსი საქმეები ჩვენს რეალობაში კი სამწუხაროდ ძალიან ბერვია.
ალოგიკური და შეუსაბამოა ნარკოტიკული ნივთიერებების რაოდენობების განსაზღვრაც. მაგალითად ამფეტამინის ან მეტამფეტამინის უმცირესი ნაწილაკების აღმოჩენაც კი დიდ ოდენობად ითვლება და მინიმუმ 5 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
არაჰუმანური და უფლებების შემლახავია პოლიციელების მხრიდან იძულებითი ნარკოტესტირებების წარმოება. 2012-2016 წლებში 130 000-ზე მეტ ადამიანს იძულებითი ტესტირება ჩაუტარეს, თუმცა მათი პასუხი უარყოფითი იყო.
თუ სახლემწიფო «ზრუნავს» და ბიუჯეტიდან ფულს ხარჯავს ციხეში პატიმრის «შენახვაზე», რაც ამავდროულად ცხოვრების განადგურების ტოლფასია, რატომ არ ხარჯავს ამავე ფულს მის მკურნალობაზე? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება თანხმდება, რომ ნარკოდამოკიდებულება აშლილობაა? ვის აქვს ილუზია იმისა, რომ რესურსების ასე გამოყენება და ადამიანების ცხოვრების ფეხებზე დაკიდება პრობლემას მოაგვარებს?
დეკრიმინალიზაცია VS ლეგალიზაცია
როდესაც ნარკოტიკების მოხმარება და შენახვა დეკრიმინალიზებულია, მისი შენახვა და მოხმარება კვლავ უკანონოა. თუმცა, დეკრიმინალიზაციის დროს სისხლისსამართლებრივი სასჯელი სამოქალაქო სასჯელითაა ჩანაცვლებული. შესაბამისად არ ხდება ადამიანის კრიმინალიზება. შეიძლება მას დაეკისროს ჯარიმა თუმცა ეს არ აისახება მის დასაქმებაზე, განვითარებაზე და ცხოვრების პირობებზე.
რაც შეეხება ლეგალიზაციას, ამ შემთხვევაში აკრძალვები მთლიანად იხსნება და ადამიანს შეუძლია ყოველგვარი ჯარიმის ან სასჯელის გარეშე გამოიყენოს ესა თუ ის ნივთიერება. თუმცა გარკვეულმა შეზღუდვებმა შეიძლება მაინც იარსებობს. მაგალითად განისაზღვროს ასაკი, ნარკოტიკების ოდენობა და გაიცეს ლიცენზიები მაღაზიებზე, რომლებიც ნარკოტიკს გაყიდიან.
სხვა ქვეყნების გამოცდილებას რომ გადავხედოთ, 2001 წელს ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის 14 წლის თავზე პორტუგალია ევროპის ქვეყნებს შორის ზედოზირების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებდა, მაშინ როდესაც კანონის ცვლილებამდე (90-იანებში) ქვეყანა ჰეროინის ეპიდემიის წინაშე იდგა.
მოვლენები მსგავსი თანმიმდევრობით განვითარდა შვეიცარიაშიც — 1986 წლიდან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის, სარეაბილიტაციო სერვისების შექმნის, ნარკოტიკების ტესტირების დანერგვისა და უსაფრთხო მოხმარების სწავლების 20 წლის თავზე, ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი სამჯერ შემცირდა.
რა არის გამოსავალი?
გამოსავალი ყველაფერია, გარდა ამ რეალობისა, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
დღევანდელი მოცემულობით, როგორც მსოფლიოს, ისე ჩვენი ქვეყნის მაგალითზე კარგად ვხედავთ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ მუშაობს, თუ ჩვენი მიზანი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა არ არის და ნარკომომხმარებლებსაც ხომ რეალურად ამის გამო იჭერენ — «ისინი საკუთარი სიცოცხლის მოსპობას ცდილობენ — ამაზე მონოპოლია ხომ მარტო ჩვენ გვაქვს?!»
შესაბამისად თუ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო გარდაიქმნას რეალურ სახელმწიფოდ, პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვორიენტირდეთ — დღევანდელი ნარკოპოლიტიკა კი ნამდვილად პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის როგორც ბერკეტი ხელისუფლებების ხელში, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის არსებული მიდგომების შეცვლას.
დეკრიმინალიზციის გზას ავარჩევთ თუ ლეგალიზაციის და ზუსტად რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია და ასე იქნება, მანამ, სანამ არსებული ნარკოპოლიტიკა საფრთხეს შეუქმნის უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს.