მარტივია ისტორიას თვალი დროის მსვლელობით განელებული და გაციებული მზერით გადაავლო.
დრომ ყველაფერს უმკურნალა თუ არა, ნაკლებად მტკივნეული და ზოგ შემთხვევაში, არარელევანტური მაინც გახადა.
ყოფიერების ფერხულში ჩართულებისთვის, რომლებსაც ეს საქართველო, ამ მდგომარეობაში, შემოგვყურებს ხელებში, მნიშვნელობას კარგავს იმ გვარების გახსენება, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ისტორიის შექმნაში — განსაკუთრებით იმ მოღალატეების, რომლებიც შვიდი (პლუს-მინუს ორი) თაობით ქართველები იყვნენ, და მაინც, ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტეს:
მე ახლა ამათ გავყიდიო.
მე ახლა ჩემს ძმადნაფიცს ზურგში დანას ჩავარტყამო
მე ახლა შაჰს ვეტყვი, მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო
და ა.შ და ა.შ
ჰოდა, ამ მერამდენეღაც სტრიქონზე მივხვდი, არც ისე მარტივი ყოფილა, დროის მსვლელობით გაფერმკრთალებულ ისტორიასა და განცდებს ცივად შეხედო,
მაშინ, როცა ისტორია გიყვება
იმ ადამიანების პირად ამბებს, რომლებიც საუკუნის წინ იმ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, რომელიც ახლა კბილებით გვიჭირავს.
იმ ადამიანებზე, რომლებმაც მარტივი გზა აირჩიეს
და იმ ადამიანებზე, რომლებმაც უპირობო თავისუფლების გზა აირჩიეს და რომელთა გულწრფელობით, სხვებმა ისარგებლეს.
Მოკლედ, ეს იქნება დიდი ამბის პატარა ნაგლეჯი, რომელიც ისტორიას არ უნდა გამორჩეს.
ანუ ამბავი აჯანყებულ ხევსურებზე, რომლებიც წითელ ურჩხულს მაშინაც ებრძოდნენ, როცა ყველა სხვა დანებდა.
გავიხსენოთ, რატომ აჯანყდა ქართველი?
1918 წელი იდგა.
მსოფლიომ სისხლიანი ქაოსი გამოიარა და თითქოს ამოსუნთქვის დრო უნდა დამდგარიყო.
რუსეთის იმპერიის დროებით მოჭუტულ თვალს თითქოს გამოვეპარეთ, დრო ვიხელთეთ და მრავალი წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობაც — 1918 წლის 26 მაისს გამოვაცხადეთ.
დამოუკიდებლობა, რომელმაც სამი წელი გასტანა — 1921 ში, ბოლშევიკთა წითელი არმიის შემოჭრით, მაშინდელი ხელისუფლების დასავლეთში გახიზვნითა და ძლივს შეკოწიწებულ ეროვნულ გრძნობებსა და თვითმყოფადობაზე გადავლით დასრულდა.
საქმე იმაშია, რომ რუსეთმა აქაც ჩვეულ ხერხს მიმართა — თქვა, უბრალოდ ერთი პარტია — მეორეთი იცვლება და თქვენს დამოუკიდებლობას ეს საფრთხეს არ შეუქმნისო. Უფრო მეტიც, ამაში რომ დავერწმუნებინეთ, 26 მაისიც — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღიც კი აღნიშნეს.
როგორც დღეს აღნიშნავს ჩვენი მთავრობა 26 მაისს — მაშინ, როცა მოძალადე მეზობელს, რომელიც ჩვენს ჩაგვრას უკვე მერამდენე საუკუნეა ახორციელებს, ყველანაირ კომფორტს უქმნის.
საბოლოოდ საქართველო დადგა შემდეგი რეალობის წინაშე — რუსული დაპირება, ‘უბრალოდ პარტიები იცვლება’ როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირებადვე დარჩა.
დასაქმებული ქართველი მუშები როსტოვიდან ჩამოყვანილი რუსებით ჩაანაცვლეს, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა აამუშავეს, საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიები კი ჩვენს მეზობლებს გადაუნაწილეს — აზერბაიჯანს, ანგორას, სომხეთს.
ქართველს ერთხელ უკვე ნაგემი ჰქონდა დამოუკიდებლობის სიტკბო, რუსეთის სიმწარე და ბრტყელ-ბრტყელი ტყუილები რომლითაც ბოლშევიკები ცდილობდნენ ქართველი გლეხები გადაებირებინათ.
ქართველი ერი მიხვდა, რომ აჯანყება ერთადერთი გამოსავალი იყო — რადგან რუსული ხელისუფლება, არავის გაგვიკვირდება და, ქართველთა განწყობებს არ ითვალისწინებდა.
1922 წელს აჯანყების პირველი მცდელობა სისხლისღვრითა და ორგანიზატორთა დახვრეტით დასრულდა. Რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი ღალატს მიუძღვის — კერძოდ კალე მისაბიშვილს, რომელმაც ჩეკას სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გადასცა.
ალბათ ხვდებით, რა ბედი ეწიათ შემდეგ მათ.
Საბოლოო აჯანყება, 1924 წლის, რომელსაც ‘სახალხო აჯანყებას უწოდებენ’ ასევე უშედეგოდ დასრულდა. ერს სდიოდა ბოლშევიკების მიერ დაღვრილი სისხლი, ხოლო ბოლშევიკები ამ ყველაფერსს ყაჩაღთა აჯანყებას უწოდებდნენ.
Საბჭოთა პროპაგანდას თუ დავუჯერებთ — სულ 800 ადამიანი დაუხვრეტიათ. თუმცა, როგორც ყოველთვის, რეალობა სხვა იყო — დახვრიტეს 5-დან 6 ათას ადამიანამდე. Წითელი ტერორის ტალღამ კი საბოლოოდ 60 ათას ადამიანამდე შეიწირა.
ეს აჯანყება იყო სიმბოლო ქართული ნების.
ხევსურთა საქმე
დღეს ‘შსს’-ს არქივს თუ მიაკითხავთ, გადააწყდებით დოკუმენტს, სახელწოდებით ‘ხევსურთა საქმე’.
გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ხევსურები აღმოჩნდნენ ის უკანასკნელნი, რომლებიც წითელ მონსტრს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ.
ბრძოლა და წინააღმდეგობა მათ არც აჯანყებებების სისხლისღვრით დასრულების შემდეგ შეუწყვეტიათ.
ხევსურებს რომ მოჰკითხოთ, დღესაც მოგიყვებიან ამბავს დათვია ლიქოკელზე, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ყაჩაღად, მოღალატედ, მკვლელად, ხევსურთა ანტისაბჭოურ აგიტატორად შერაცხა და 1937 წელს დახვრიტა.
დათვია ლიქოკელი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო 1922 წლის აჯანყებაში. Აჯანყების შემდეგაც, როცა საბჭოთა ხელისუფლება ხევსურთა გასატეხად მთას მიაკითხავდა ხოლმე, გზად დათვიას ნასროლი 1-2 ტყვია ეგებებოდა.
Სწორედ ბარისახოს მიდამოებში განახლდა ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მთავარ მოქმედ ძალას ლიქოკელები წარმოადგენდნენ.
თუმცა, საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ მაინც შეძლო ხევსურთა წინააღმდეგობის გატეხვა — ისევ, ჩვეული გზებით -მოტყუებითა და შპიონაჟით.
ხევსურთა წერილი ამერიკის პრეზიდენტს
30-იან წლებში ბარისახოს მიდამოებში ერთი ტურისტი — რობერტ მაკგრეგორი — გამოჩნდა, რომელიც თავს ამერიკელ ჟურნალისტად ასაღებდა. Ხევსურეთი თხილამურებითა და ხელში ფოტოაპარატით მოიარაო, ამბობდნენ.
უჩვეულო სანახაოება იყო ხევსურებისთვის ეს. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მაკგრეგორი ლიქოკში ხატობაზე მოხვდა და როგორც ხევსურებს სჩვევიათ, უმასპინძლეს, პატივი სცეს და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას თავიანთ გასაჭირზეც უამბეს.
მაკგრეგორმა, რომელიც თავს ანტიკომუნისტური განწყობების მქონედ ასაღებდა, ხევრუსებს ჩააწვეთა — წერილი გაეგზავნათ ამერიკის პრეზიდენტისთვის და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ეთხოვათ. Ალბათ დაჰპირდა, ამერიკა იარაღს მოგაწვდით და ხელისუსლფების დამხობაში დაგეხმარებათო.
ხევსურებიც ენდნენ მაკგრეგორის შემოთავაზებას და წერილიც გაამზადეს:
«ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი».
საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა»
წერილს ხელი ღერენა, გიგუა და დათვია ლიქოკელებმა მოაწერეს.
გასაკვირი არ არის, რომ წერილი ამერიკის მაგივრად, ცეკას შენობაში მოხვდა, დამსახურება კი სწორედ იმ რობერტ მაკგრეგორს მიუძღვის, რომელიც სინამდვილეში საბჭოთა ‘შპიონი’, ვინმე ქვრივიძე აღმოჩნდა და წითელ ხელისუფლებასაც ხელში ჩაუვარდა მტკიცებულება, რომ ხევსური მოღალატეები იმჟამინდელი მთავრობის დამხობას ცდილობდნენ.
ხევსურები მოტყუებით ჩაიყვანეს თბილისში, უთხრეს, იქ იარაღს დაგირიგებენო — ხევსურებს კი იარაღი უყვარდათო, ამბობდნენ.
მოკლედ, რამდენიმე ხევსური მოტყუებით თბილისში ჩაიყვანეს და იმ ადამიანების სიაც დააწერინეს, რომლებიც აჯანყების შემთხვევაში ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ.
შედგა ‘ხევსურ მოღალატეთა’ სია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დანაშაულებრივ ორგანიზაციად ‘ლიქოკად’ დააიდენტიფიცირა.
დაიწყო ხევსურთა დაპატიმრებები.
Პირველი კი მთავარი ‘დამნაშავე’, დათვია ლიქოკელი დააპატიმრეს.
ამ არც ისე მარტივი საქმისთვის კი მხოლოდ ერთი მოღალატე იყო საჭირო.
ეს მოღალატე კი — თავად დათვიას ძმადნაფიცი აღმოჩნდა.
საძილე წამალი ჩაუყრია, გაუკოჭავს და ასე ჩაუბარებია დათვია მილიციისთვის.
ლიქოკიდან 21 ადამიანი დაიჭირეს, დაჭერილები იყვნენ სხვა სოფლებიდანაც. Ნაწილი დახვრიტეს, ნაწილს კი 8-10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. Ზუსტად არ ვიცით, სად გადაასახლეს, ვიცით ის, რომ დაპატიმრების შემდეგ არც ერთი არ დაბრუნებია ოჯახს.
დათვია თავის ბოლო განცხადებაში წერდა, მე თავს დამნაშავედ არ ვთვლი და ჯიბრით ვარ დაჭერილი და იმედია ოდესმე გაარკვევთ ვინ მართალია და ვინ მტყუანიო.
თითქმის 100 წლის შემდეგ, ნამდვილად ვიცით, ვინ იყო მართალი და ვინ — მტყუანი.
ხევსურების გულუბრყვილო, თუმცა ეროვნული სულისკვეთებითა და თავისუფლების სიყვარულით გადადგმული ეს ნაბიჯი — მათივე აღსასრულის მომტანი აღმოჩნდა.
წერილი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს მისწერეს, 70 წელი ინახებოდა საბჭოთა საცავში, თუმცა საბოლოოდ, 2005 წელს, დანიშნულების ადგილს — დაგვიანებით — თუმცა მაინც მიაღწია. ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა — ამერიკაში მართლა ჩაიტანა.
დიდება გმირებს
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
2023 წლის 26 მაისი, კბილებით რომ ძლივს გვიჭირავს, ის დამოუკიდებელი საქართველო.