მსხვერპლი
ისტორიის განმავლობაში უამრავი მაგალითი გვქონია იმ ადამიანების სახით, რომლებმაც ტრანსფორმაციული როლი ითამაშეს საზოგადოებების გარდაქმნაში ან კაცობრიობისთვის სხვადასხვა ღირებულების შექმნაში. ასეთი ადამიანების უმეტესობას კი ერთი საერთო რამ ჰქონდათ – მარტივი ცხოვრება არც ერთს არ ჰქონია და უფრო მეტიც, არც მარტივი დასასრული ჰქონია მათ ცხოვრებას.
ამ ადამიანების ნაწილი ხშირად იზოლირებული, ჩაგრული, გაჩუმებული, გადასახლებული იყო – მიზეზი კი ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია – ისინი არ ეპუებოდნენ იმ დროის საზოგადოებაში გავრცელებულ დომინანტურ ნარატივებს, იდეოლოგიებს და ხედავდნენ უფრო შორს და ღრმად, ვიდრე მათი “მჩაგვრელნი”. უფრო მეტიც – იბრძოდნენ სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ბრძოლა იყო საჭირო და იბრძოდნენ იმისთვის, რომ “მჩაგვრელნი” მჩაგვრელნი აღარ ყოფილიყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტობა, შეხედულებები, იდეები, ხედვა განსხვავებული იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მათსავე წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდებოდა – ასეთმა ადამიანებმა არ დათმეს ბრძოლა, ხელი არ ჩაიქნიეს კაცობრიობაზე და თავიანთი მაგალითით გაამდიდრეს კაცობრიობის კოლექტიური არაცნობიერი. გმირის გზა სისხლიანია – თუმცა ჩვენს ცნობიერებაში სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს გმირის სისხლიანი გზის ამბავი, ასეულობით წლების შემდეგაც კი.
ქვემოთ რამდენიმე ისტორიას მოგიყვებით იმ ადამიანებზე, რომლებიც იბრძოდნენ სოციალური სამართლიანობისთვის ან უდიდესი წვლილი შეიტანეს საზოგადოების განვითარებაში, სანაცვლოდ კი კარგი არაფერი მიუღიათ.
ალან ტიურინგი: გენიოსი, რომელიც სამშობლომ გაწირა
შეიძლება ფილმიდან გვახსოვს – the imitation game. ალან ტიურინგი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი და ლოგიკოსი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში გერმანული „ენიგმის“ კოდის გატეხვით. მისმა ძალისხმევამ გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე, ხოლო ომი რამდენიმე წლით შეამცირა. ტიურინგი თანამედროვე კომპიუტერული სისტემის მამადაც ითვლება – მისმა შრომამ შექმნა თეორიული საფუძველი, რომელზეც დღევანდელი ციფრული სამყარო დაფუძნდა.
თუმცა, ტიურინგის გენიალურობას საზოგადოების სიძულვილის ჩრდილი მალევე დაადგა. 1952 წელს – როცა ომი 7 წლის მოგებული იყო – ის ბრიტანეთში ჰომოსექსუალობისთვის გაასამართლეს. იმ პერიოდში, ბრიტანეთში, ჰომოსექსუალურობა დანაშაულად ითვლებოდა. ის იძულებითი ქიმიური კასტრაციის მსხვერპლი გახდა და 1954 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, 2013 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ “შეიწყალა”, უდანაშაულოდ ცნო, რითაც აღიარა ის უსამართლობა, რომელიც ბრიტანეთმა თავისი გმირის წინაშე ჩაიდინა.
ტიურინგის ისტორია ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებამ ჯერ გამოიყენოს, შემდეგ კი უარყოს თავისი ყველაზე ბრწყინვალე გონებები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი “სხვანაირები” არიან.
ფრიდა კალო: უდრეკი ქალი
ფრიდა კალო, მექსიკელი მხატვარი, რომელიც თავისი ღრმად პირადი და ცოცხალი ნამუშევრებითაა ცნობილი. მისი ნამუშევრები იკვლევენ იდენტობას, პოსტ-კოლონიზაციას, გენდერს, კლასს და რასას.
მისი შემოქმედება ხშირად ასახავდა ჩაგრული ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის, ბრძოლებს. როგორც ინვალიდი ქალი (ავტობუსის ავარიის შედეგად), ბისექსუალი და პოლიტიკურად რადიკალური მხატვარი, კალო მრავალი ჩაგრული ჯგუფის გზაგასაყარზე იდგა და გამოხატავდა თითოეულის იდენტობას.
მისი ნახატები, რომლებიც ხშირად ასახავდა მის ტკივილს, უპირისპირდებოდა საზოგადოების ნორმებს და ქალის ტრადიციულ წარმოდგენას. სამყაროში, სადაც ქალთა ხმები ხშირად იკარგებოდა, ფრიდას ხელოვნება გახდა მტკიცე პროტესტის გამოხატულება. ფრიდა არ ერიდებოდა შეულამაზებლად გადმოეცა ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი თავის ხელოვნებაში, ჰქონდა მტკიცე შეხედულებები კლასობრივ და გენდერულ ჩაგვრაზე და სწორედ ამიტომაა, რომ დღესაც, ფრიდა წინააღმდეგობის, გამძლეობისა და აჯანყების სიმბოლოდ რჩება.
ჯეიმს ბოლდუინი: რასობრივი და LGBTQ+ სამართლიანობისთვის მებრძოლი
სახელით თუ არ გეცნოთ, შეიძლება ამ ვიდეოთი მაინც გეცნოთ. ინსტაგრამის რილსებშიც ხშირად შეგვვდებოდათ და მიუხედავად იმისა, რომ 5 წუთიან შესვენებაზე სასაცილო რილსების სქროლვა გქონდათ გადაწყვეტილი, ჯეიმსის ვიდეო მაინც დაგაყოვნებდათ. ამ დონის იყო გულწრფელობა და სიბრძნე, რომელსაც ის ასხივებდა.
ჯეიმს ბოლდუინი აფროამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი იყო, რომლის ნამუშევრები რასობრივი, სექსუალური და კლასობრივი დისკრიმინაციის შესახებ გვიყვებოდა. მის რომანებში „Go Tell It on the Mountain“ და „The Fire Next Time“, ბოლდუინმა მკაფიოდ გააჟღერა ამერიკის რასობრივი უთანასწორობის რეალური სიღრმე და გეი უფლებების, უფროსწორად, მათი არარსებობის შესახებ სიმართლე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლდუინი არასოდეს მალავდა თავის სექსუალობას, მისი ღია საუბარი შავკანიან გეი მამაკაცად ცხოვრებაზე ამერიკაში, სამოქალაქო უფლებების ეპოქაშიც რევოლუციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ის განდევნილი იყო როგორც შავკანიანთა, ასევე LGBTQ+ საზოგადოებების მხრიდან, ბოლდუინი მაინც აგრძელებდა თავის პლატფორმის გამოყენებას ჩაგრული ხმების ხმამაღლა გასაჟღერებლად, იბრძოდა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ყველა ჩაგრული ადამიანისთვის. მისმა სიმამაცემ, ეთქვა თავისი სიმართლე და გამოეაშკარავებინა იმ დროის არაადამიანური უსამართლობები, თავისი დროის ერთ-ერთ ძლიერ და საიმედო ხმად აქცია სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში.
გალილეო გალილეი: სიმართლის თქმისთვის დასჯილი
თუმცა ხშირად უგულებელყოფილია, როგორც ჩაგვრის მსხვერპლი, გალილეო გალილეი ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, რომელიც არაპოპულარული შეხედულებების გამო იდევნებოდა. იტალიელ ასტრონომსა და ფიზიკოსს ჰელიოცენტრული მოძღვრების გავრცელებისთვის ედებოდა ბრალი – ეს მოძღვრება საბოლოოდ მეცნიერული ფაქტი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც დედამიწა მზე გარშემო ტრიალებს.
გალილეოს მიერ ამ თეორიის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიის სწავლებებს, გახდა მისი მსჯავრის მიზეზი და იგი ინკვიზიციამ ერეტიკოსად მიიჩნია. მან სიცოცხლის დანარჩენი ნაწილი შინა პატიმრობაში გაატარა. თუმცა, გარდა იმისა, რომ მისმა მოძღვრებამ მომავალში სხვადასხვა სამეცნიერო კვლევას ჩაუყარა საფუძველი, იგი გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხშირად ობიექტური სიმართლეც შეიძლება სიცრუედ ჩაითვალოს, თუ ის დომინანტურ ძალას ეწინააღმდეგება.
ნინა სიმონე: უფლებებისთვის ბრძოლის მელოდია
ნინა სიმონე, ბრწყინვალე პიანისტი, მომღერალი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და რატომღაც ჩემი პირველი ტრეკის ავტორი, რომელიც პირველ ტელეფონში მქონდა ( Don’t Let Me Be Misunderstood – არ ვიცი 12 წლისა ამაში რას ვიგებდი).
თავისი მუსიკით გამოხატავდა პროტესტს რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ. მაგალითად, ერთ-ერთ სიმღერა, “Mississippi Goddam,” პირდაპირ მღეროდა მის ბრაზსა და დამოკიდებულებას 1963 წლის სამოქალაქო უფლებების ლიდერ მედგარ ევერსის მკვლელობისა და ალაბამაში ეკლესიის დაბომბდვის შესახებ, რომელმაც ოთხი ახალგაზრდა შავკანიანი გოგონა შეიწირა.
სიმონეს გამოხატულება და მისი რადიკალური პოლიტიკურ მოძრაობებთან ასოცირება გახდა მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა ადგილში ის ე.წ blacklist – ში ხვდებოდა. არ აძლევდნენ საშუალებას ჩაეტარებინა პერფორმანსები და თავისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე სიმართლე ემღერა. საბოლოოდ სიმონემ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, მისი მუსიკა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ხმოვანი გახდა.
ოსკარ უაილდი: დასჯილი სიყვარულისთვის
ოსკარ უაილდი, ცნობილი ირლანდიელი დრამატურგი, პოეტი და ავტორი, რომელიც ალბათ ყველამ 13 წლის ასაკში წავიკითხეთ და მაშინ შეიძლება კარგად ვერ მივხვდით, რა კარგი იუმორი ჰქონდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დორიან გრეის პორტრეტი“ დღემდე ლიტერატურის კლასიკაა.
თუმცა, უაილდის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის ჰომოსექსუალური ურთიერთობების გამო გასამართლდა 1895 წელს. რაც, როგორც აღვნიშნეთ, ინგლისში დანაშაული იყო.
მიუსაჯეს ორი წელი მძიმე შრომა – რაც დაახლოებით ციმბირში გადასახლების ტოლფასი იყო.რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობა დაამძიმა ამ ფაქტმა. გათავისუფლების შემდეგ, ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში გააგრძელა და საბოლოოდ, უსამართობით გატეხილი გარდაიცვალა.
კიდევ რამდენი უცნობი თუ ნაცნობი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ დასცალდათ კაცობრიობისთვის საკუთარი სიკეთე გაეზიარებინათ? ან გააზიარეს და სანაცვლოდ მათკენ დამიზნებული ქვა მიიღეს.
ეს ისტორიები გვახსენებს, რომ პროგრესი ხშირად მოდის იმ ადამიანებისგან, ვის გაჩუმებასაც ვცდილობთ.
სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის და ადამიანური ღირსების აღიარებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ამ ადამიანების მემკვიდრეობა კი, ამ მუდმივი ბრძოლის შთაგონებაა.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.