აბრეშუმის გზიდან ევროკავშირამდე: საქართველოსა და ევროპის კულტურული გზაჯვარედინი

საქართველო და ევროპა საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ კულტურის გაცვლის, ურთიერთდამოკიდებულებისა და თავისუფლების ძიების საერთო ისტორიას. საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ხიდის ფუნქციას ასრულებდა ცივილიზაციებს შორის: ერთი მხრივ, ითვისებდა და ატარებდა ევროპულ იდეებსა და ღირებულებებს, ხოლო მეორე მხრივ –  თავისი უნიკალური მემკვიდრეობით ამდიდრებდა კონტინენტს. ის ფაქტი, რომ საქართველო იყო დამაკავშირებელი რგოლი, როგორც გეოგრაფიული მდებარეობით ისე მრავალფეროვანი კულტურული ყოფით, არასდროს ყოფილა ჩვენს შორის უფსკრულის წარმოქმნის საბაბი, პირიქით – საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მნიშვნელობისა და ღირებულების დანახვა სწორედ ამ პრიზმიდანაა შესაძლებელი. 

 

იყო ვაჭრობა და იყო რწმენა

საქართველოსა და ევროპას შორის კავშირები უძველესი დროიდან იწყება. როგორც აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველო უზრუნველყოფდა საქონლის, იდეებისა და კულტურის გაცვლას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მე-13 საუკუნეში ვენეციელმა და გენუელმა ვაჭრებმა, სწორედ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო აირჩიეს ვაჭრობის წერტილები შესაქმნელად. ამის შედეგი კი იყო ის, რომ  თანამედროვე ტექნოლოგიებმა, მაგალითად, გემთმშენებლობამ, საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. 

მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის მიღებამ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვა ევროპას. ბიზანტიიდან და კაპადოკიიდან ჩამოსული მისიონერები არა მხოლოდ რელიგიურ ტექსტებს, არამედ ხელოვნებისა და არქიტექტურის ტექნიკებსაც ავრცელებდნენ. ამის მაგალითია ჯვრის მონასტერი მცხეთაში, რომელიც სხვა ქრისტიანულ კულტურებთან კავშირის სიმბოლოა. 

 

ვაჭრობისა და ხელოვნების ქართული რენესანსი

საქართველოს „ოქროს ხანაში,“ რომელიც თამარ მეფის დროს დადგა (1184–1213) ( და სადაც თამარ მეფეს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ შემდეგი სიტყვები: “ჯერ კიდევ როდისსს, საქართველოში, ქალი მეფე გვყავდა ☝🏻”, და ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ხაზს უსვამს, თუ რამდენად პროგრესული ქვეყანა ვიყავით და “ჯერ კიდევ როდის”. ) , ქვეყანა ევროპული კულტურისა და ცოდნის ჰაბად გადაიქცა. შოთა რუსთაველის ეპიკური პოემა ვეფხისტყაოსანი ერთი მხრივ, შუა საუკუნეების ევროპული რაინდული ტრადიციებისა და ღირებულებების პარალელურია, ხოლო მეორე მხრივ –  უნიკალურ ქართულ ტონსაც  და აზიური ხელოვნების ნიშნებსაც ატარებს .

გარდა ლიტერატურული კავშირებისა, ქართველი მეფეები და დედოფლები ევროპელ მონარქებთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებდნენ. ციხე-სიმაგრეების მშენებლობა, როგორიცაა სვანეთის მესტია, აერთიანებდა დასავლური და ქართული არქიტექტურის ელემენტებს. დასავლური არქიტექტურული სტილის გავლენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ტაძრებიც ატარებს. 

 

განმანათლებლობა და ევროპული იდეალები

საქართველო გეოგრაფიულად შორს იყო ევროპული რენესანსის ეპიცენტრებისგან, და ამბობენ, რომ რენესანსი საქართველოში დაგვიანებითაც დაიწყო. თუმცა მისი იდეები მაინც აღწევდა ქვეყანაში. ვახტანგ VI-მ, მეფე რეფორმატორმა, თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა და მიიწვია ევროპელი მეცნიერები. მისი მმართველობის ხანაში შექმნილი სასამართლო ინტელექტუალური დიალოგის ადგილად იქცა.

ამას თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობები საფრანგეთსა და იტალიაში, რაც  დასავლური ფილოსოფიური იდეების საქართველოში შემოტანის საფუძვლად და ადგილობრივი რეფორმების ინსპირაციად იქცა.

 

თავისუფლებისთვის ბრძოლა: 19-20 საუკუნე

მე-19 საუკუნეში, ევროპა და საქართველო ერთად ებრძოდნენ იმპერიებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის ჩახშობას ცდილობდნენ. საქართველოს მწერლები, მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილი, შთაგონებას “სამშობლოს” გარდა ევროპელი რომანტიკოსებისგან იღებდნენ: შეიძლება გახსოვთ, ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი ტატოსთან ერთად ლორდ ბაირონსაც რომ ახსენებდა ხოლმე. 

მე-20 საუკუნის ბოლოს, ბერლინის კედლის დანგრევა, შთამაგონებელი იყო საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისთვის.  იმ პერიოდში, ქართველი ხალხი დემონსტრაციებით იბრძოდა საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს,  თბილისში მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად დარბევამ, რუსთაველის კიდევ ერთხელ სისხლით მორწყვამ,  კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უნივერსალური იდეალი იყო, რომელსაც ჩვენთან ერთად ატარებდა მთლიანი ევროპა და ცივილიზებული სამყარო.  

 

დემოკრატია და კულტურული თანამშრომლობა

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” მხოლოდ ფრთიანი ფრაზა არ არის. ეს არის ისტორიაზე, ღირებულებებსა და კონტექსტზე დაფუძნებული განცხადება, რომელსაც საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და თანაშემოქმედი, იზიარებს. 

ევროპასთან ჩვენს კავშირს და მასთან მეგობრობას თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ და ვგრძნობთ: ბაღები, რომლებიც ჩვენი ისტორიული გმირებისა თუ მოღვაწეების სახელს ატარებენ, ხშირად, სწორედ ევროპის დაფინანსებითაა მოპირკეთებული; ეკლესიები და ძველი ფრესკები, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომლებიც საუკუნეებს ითვლის – სწორედ ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით გვაქვს შენარჩუნებული.  ევროპული განათლების პროგრამები, მაგალითად Erasmus+, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები – საშუალებას აძლევენ  ქართველ სტუდენტებს, მიიღონ განათლება ევროპაში და საჭირო დროს საქართველოსა და კაცობრიობას დაუბრუნონ. 

ბოლო წლებში, კიდევ ერთხელ ვართ საქართველოსა და ქართველი ხალხის თავისუფლების სულისკვეთების მომსწრენი – , საქართველოს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში ვდგავართ დემოკრატიის დასაცავად. 2023-2024 წლებში ანტირუსული „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტები, პროტესტები სამართლიანობისთვის, უსამართლო სასამართლოს წინააღდმეგ,  აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს: თავისუფლებასა და ადამიანის უფლებები. ქართველი ხალხის მოთხოვნები გამოხატავს იმავე იდეალებს, რომლებმაც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში გააერთიანა ხალხი. ჩვენც, სწორედ ამ იდეალების გამტარები და თანაშემოქმედები ვართ დღეს. 

 

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია

საქართველო და ევროპა იზიარებენ ისტორიას, რომელიც სავსეა ბრძოლებით, კულტურული გაცვლებითა და საერთო მისწრაფებებით. ის რაც დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში ხდება უბრალოდ ისტორიის გაგრძელებაა  და ამავდროულად – ახალი ფურცელი თავისუფლებისა და თანასწორობისთვის. ჩვენი ერთობლივი წარსული გვახსენებს, რომ კულტურული გაცვლა არა მხოლოდ იდეების ურთიერთგაცვლაა, არამედ პროგრესისა და ჰუმანურობის საფუძველიც.

ევროპასა და საქართველოს შორის ხიდი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული — ეს არის ღირებულებების, საერთო მემკვიდრეობისა და უკეთესი მომავლის რწმენის ხიდი.

 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დემოკრატიის ლაბორატორია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.