ძილისპირული გუდა ზღაპარი

( სიტყვა)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა მათემატიკა. პატარაობაში სხვა გოგონების მსგავსად მომღერლობასა და მოდელობაზე არ ოცნებობდა. პრინცესობაც კი არ უნდოდა. მშობლებმა ჭადრაკზე მიიყვანეს, როცა მესამე კლასში გადავიდა. გოგონას ჭადრაკი ძალიან მოსწონდა და ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონატზე გასვლაც კი გაბედა. ყველა თამაში მოიგო ერთის გარდა. იმ ერთ თამაშზე გოგონას მეტოქე ბაყბაყ მამრი დევი იყო. გოგონამ ის ყველაზე მარტივი, ე.წ. „ძეწკი მატით“ დაამარცხა, მაგრამ ჰოი საოცრებავ... დევი ატირდა. როცა მსაჯი მოვიდა და კითხა რა გატირებსო დევმა მიუგო, გოგომ მომიგო და აბა როგორ არ ვიტიროო. ბევრი იტირა თუ ცოტა, მსაჯს შეეცოდა დევი და თამაში ფრედ გააფორმა. გოგონამ მაინც მოიგო ჩემპიონატი და როცა ელოდა დაჯილდოვებაზე მის ჩემპიონად გამოცხადებას გაწბილებული დარჩა. „გოგონებს შორის გამარჯვებულია, ამ ზღაპრის მთავარი გმირი გოგონა, რომელსაც კედლის ძაღლებიანი საათი გადაეცემა პრიზათ“ გაისმა დამჯილდოვებლის ხმა, „ხოლო ჩემპიონი ბაყბაყ მამრი დევი გახდა. მას ცხრა მთას იქით სასახლეს ვჩუქნით, როგორც გამარჯვებულს“. გოგონა დაღონდა და იმ დღის შემდეგ ჭადრაკი აღარასდროს უთამაშია.

 

 

გამოხდა ხანი, გოგონა გაიზარდა და მშობლებმა კომაროვის სასახლეში მიაბარეს განათლების მისაღებათ. კომაროვის კედლებში მან ბედნიერება იპოვა. იჯდა და სწავლობდა ფიზიკასა და მათემატიკას, მაგრამ სასახლეში ცხოვრობდა ერთი მასწავლებელი. დამატებით მაგიას  ასწავლიდა, მასზე საზარელი არავინ იყო ირგვლივ. ოთახში იკეტებოდა და ჯადოსნურ თოფურიას ეკითხებოდა, „წიგნო, წიგნო ვინ არის სამყაროში ის ვინც ყველა შენს ამოცანას ხსნის?!“, ჯადოსნური წიგნიც უმალვე პასუხობდა, „შენ ჩემო მბრძანებელო“. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გოგონა წამოიზარდა. ერთ მშვენიერ დღეს, წიგნმა ჩვეულ კითხვაზე პასუხად მას მიუგო, „ჩემო მბრძანებელო, რაღათქმაუნდა თქვენი ცოდნა ფასდაუდებელია, მაგრამ ჩემს ყველა ამოცანას ამ ზღაპრის მთავარი გმირი გოგონა ხსნის“. მასწავლებელმა ერთი კარგად გადაიხარხარა, როცა „გოგონა“ გაიგონა და წიგნი სანაგვეში მოისროლა. იფიქრა გაფუჭდა, რახან იფიქრა რომ გოგოს მისი მთლიანად ამოხსნა შეეძლოო. ეს ყველაფერი კარებთან მდგომ გოგონას დაენახა. მასწავლების გასვლის თანავე მივარდა ნაგვის ურნას და წიგნი ამოიღო. იმ დღის შემდეგ გოგონას წიგნი სულ თან ჰქონდა. წიგნი კი ყოველ საღამოს, ძილის წინ ეუბნებოდა,  „გოგონა, შენი სადარი ქვეყნად არავინაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. სხვას ვგონებ გაუჭირდება დაიჯეროს ეს. ბევრი მინახავს შენნაირი მეოცნებე გოგონა, მაგრამ საქმე ბოლომდე ყველას როდი მიჰყავს. ნელ-ნელა საკუთარ თავში რწმენას კარგავენ და ერთ მშვენიერ დღეს მეც მკარგავენ. ამიტომ გამიფრთხილდი და მე მისმინე, სხვას არავის.“ გოგონაც უსმენდა ჯადოსნურ თოფურიას და სულ თან დაჰქონდა.

 

 

ერთ მშვენიერ დღეს, გოგონა მიხვდა, რომ სასახლეში მისი ადგილი აღარ იყო. უკვე ყველაფერი ესწავლებინა კომაროვს მისთვის. გამომშვიდობების დრო იყო. დაღონებული გოგონა თავის ოთახში იჯდა და ტიროდა, უეცრად წიგნის ხმა გაიგონა. „გოგონავ, გოგონავ, რად მოგიწყენია? გახსოვს როგორ ტიროდი როცა დედამ კომაროვის სასახლეში მოგიყვანა? ზუსტად ისე, როგორც ეხლა. ვინიცის წინ რა გელოდება. იქნებ უფრო დიდი კომაროვის სასახლე?!“, გოგონამ ცრემლები მოიწმინდა წიგნს ხელი დასტაცა და გზას შეუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა წინ ერთი სამეფო შემოხვდა. თავისუფალ ხალხთა სამეფო.  გოგონა რომ დაინახეს უმალ დაინტერესდნენ მისი ვინაობით სამეფოს მკვიდრნი. „გოგონა, გოგონა, ვინა ხარ?“ -ჰკითხეს მათ. „მე ის ვარ ვიზეც ჯადოსნური თოფურია ამბობს, რომ მის ყველა ამოცანას ვხსნი“- მიუგო გოგონამ. „მაშინ შენი ადგილი ჩვენთან ყოფილა“- მიუგო თავისუფალმა ხალხმა და ჩვეული საქმიანობა გააგრძელა. გოგონა უბედნიერესი იყო. თავისი ცოდნით პატარა სახლი ააშენა და იქ დაბინავდა, ჯადოსნურ წიგნთან ერთად. დღემდე იქ ცხოვრობს და ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს იცხოვრებს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

პ.ს. ზღაპარი ეძღვნება ყველა იმ გოგონას, რომელსაც არ უნდა იყოს დედა, ცოლი ან საყვარელი. ყველა მათგანს ვისაც არ სჯერა სტერეოტიპების და მათ ებრძვის. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ რომ რატომაც არა.

 

აი დონთ ბილონგ ჰირ

კომენტარები