სოციალური ლიბერალიზმი in a nutshell

( სიტყვა)

დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული იდეოლოგიაა სოციალური ლიბერალიზმი, იგივე თანამედროვე ლიბერალიზმი. ალბათ, ყველაზე ნათელი იქნება, თუ თავიდანვე ვიტყვით, რომ ესაა რაღაც შუალედური სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის. მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნე “კაპიტალიზმის ხანა” იყო დასავლეთისთვის. რეალურად ეს იყო ის პერიოდიც, როდესაც ეს ქვეყნები გამდიდრდნენ. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა სისტემას, კაპიტალიზმსაც ჰქონდა თავისი მინუსები - დაბალი ხელფასები მუშახელს, გრძელი სამუშაო საათები, და, როგორც ხდება ხოლმე, უფრო დიდი მიწოდება სამუშაო ადგილებზე, ვიდრე - მოთხოვნა. შესაბამისად, უმუშევრობაც. მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ამ ყველაფერმა “იფეთქა” და დაიწყეს ალტერნატივებზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმის ჩამნაცვლებელი ბევრგან სოციალიზმი გახდა, არსებობდა მისი ალტერნატივაც “ახალი ლიბერალიზმის” სახელწოდებით.


 

რას გულისხმობდა ახალი ლიბერალიზმი? ცოტა რამ ისტორიიდან

 

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში თანამედროვე ლიბერალები “გაჯეჯილებული” კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი სახელმწიფოს როლის ზრდას ითხოვდნენ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანი პიროვნულად თავისუფალი მხოლოდ შესაბამის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში გახდება. ხოლო ის, ვინც უსახლკაროა, შიმშილობს, ან დღეში 12 საათის განმავლობაში მუშაობს, ვერასოდეს იქნება თავისუფალი. ამიტომ მასზე ზრუნვა სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელთ! იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს ყველაფერი, დიდი ბრიტანეთის მაგალითს მოვიყვან. პირველ მსოფლიო ომამდელ პერიოდში იქ დაარსდა “კეთილდღეობის სახელმწიფოს” (welfare state) ბაზები. საბოლოოდკეთილდღეობის სახელმწიფო კი (მოდი ველფეარს ვუწოდებ ხოლმე, ძალიან დიდი ტერმინია) მეორე მსოფლიო ომის შემდგომ “დაარსდა”. ეს დიდწილად ლეიბორისტების დამსახურება იყო, თუმცა თანამედროვე ლიბერალიზმი ემყარება ერთი მხრივ, ჯონ მეინარდ კეინზსა და მის ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ, უილიამ ბევერიჯსა და მისი ველფეარის მოდელს. მოდი განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.


 

კეინზისეული ეკონომიკა


იმისათვის, რომ კეინზის ეკონომიკას ბოლომდე ჩავწვდეთ, აუცილებელია ცოტა რამ ვთქვათ დიდ დეპრესიაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს მეოცე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი და აუტანელი დეპრესია იყო. 1929-32 წლებში მსოფლიო მშპ 15%-ით დაეცა. შედარებისთვის, 2008 წლის კრიზისის დროს მსოფლიო მშპ 1%-თაც არ შემცირებულა. მემგონი გასაგებია, როგორი პანიკა იქნებოდა ბაზარზე. ყველაფერი დაიწყო ამერიკაში. მეოცე საუკუნის დასაწყისი ის დრო იყო, როცა აქციებით ვაჭრობა ბაზარზე სიახლეს წარმოადგენდა. აი, ბიტკოინზე რო იყო ამბები, ბაბლი შექმნილი, რომელიც მერე გასკდა, ხომ გახსოვთ? ზუსტად ერთი წლის წინ 18 ათასი აშშ დოლარი ღირდა, დღეს კი მისი საბაზრო ღირებულება 4 ათასი დოლარია. მსგავსი რამ მოხდა აქციებზეც. შეიქმნა ბაბლი, აქციების ბაზარზე შემოვიდა ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე, აქციებზე ფასები დავარდა და...

 

ამერიკაში ეს 1929 წლის სექტემბრის დასაწყისი იყო, დანარჩენი მსოფლიოს ბაზარმა კი ოქტომბრის ბოლოსკენ შეიგრძნო. როგორც მდიდრებისთვის, ასევე ღარიბებისთვის, მოგება, შემოსავალი, ფასები შემცირდა. შემცირდა გადასახადებიდან მიღებული ფულიც, უმუშევრობა აშშ-ში 25%-მდე, ზოგიერთ ქვეყანაში 33%-მდეც კი გაიზარდა. დიდი დეპრესიის უარყოფითი შედეგები ზოგ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ცუდი რაღაცები ხდებოდა მსოფლიოში.

ამ დროს გამოჩნდა კეინზი, რომელმაც ამ ყველაფრის ახსნა და გამოსავალის შეთავაზება სცადა.

მან მშპ დაყო ბიზნეს, იგივე ეკონომიკურ ციკლებად. მან თქვა, რომ ეკონომიკა მუდმივად ზრდადია, მშპ წლების განმავობაში სულ იზრდება. იდეალური იქნებოდა, თუ ის წრფივად და თანაბრად გაიზრდებოდა. მაშინ არ შევხვდებოდით არანაირ დეპრესიას, თუმცა თავისუფალ ბაზარზე ეს არ ხდება. გვაქვს ისეთი დრო, როცა ხდება ექსპანსია - ანუ ძალიან სწრაფად ზრდა, ხოლო სხვა დროს არის რეცესიაც - ანუ კლება.

 

რაში მდგომარეობს სახელმწიფოს როლი? 

სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ ეს რკალი შეძლებისდაგვარად მიუახლოვოს წრფეს, რომ ნაკლებად დრეკადი იყოს, რადგან ექსპანსიას ყოველთვის მოსდევს თან რეცესიაც და რეცესიის დროს, თავის მხრივ, იმატებს უმუშევრობა, დეპრესია და მოკლედ, ცუდი რამეები ხდება. ანუ, რაც უფრო პატარა “ტალღა” იქნება, მით უკეთესი.

 

კაარგი ბატონო, როგორ უნდა გააკეთოს ეგ სახელმწიფომ?

ოო, აი ეგ კითხვა მომწონს. დავფიქრდეთ. თუ ფორმულები არ გიყვართ, ვეცდები, მარტივად განვმარტო. რა არის მშპ? ეს არის საზომი, რითიც განსაზღვრავენ ეკონომიკის სიდიდეს. რა თქმა უნდა, ზუსტი არ არის, მაგრამ უკეთესი საზომი არ მოგვეპოვება. თავისთავად მშპ არის წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი სიმდიდრე. ამაში შედის ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ხარჯებით დაწყებული, სოროსის ინვესტიციებით დამთავრებული.

 

კეინზი ამბობდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ამ დროს ხელოვნურად გაზარდოს მშპ. როგორ? ინვესტიციებით. ანუ, სახელმწიფო ქვეყანაში დახარჯავს რაღაც ფულს (რამეს ააშენებს, იყიდის, ან სხვა), რითაც ეს ფული ეკონომიკაში დატრიალდება და სხვა სიკეთეებსაც მოხმარდება. საბოლოოდ კი, მშპ გაიზრდება (მართალია ხელოვნურად, მაგრამ მაინც).


 

ეს თეორია გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ იმაზე მეტი ფული უნდა დახარჯოს, ვიდრე აქვს. ანუ მას მოუწევს, რომ დამატებითი სახსრები მოიძიოს. ამის ორი გზა არსებობს:

  1. გადასახადების გაზრდა.
  2. სესხი.

პირველ გზას კეინზიც არ ეთანხმება. პირიქით, ის ამბობს, რომ რეცესიის დროს გადასახადები უნდა შევამცრიოთ. აი წარმოიდგინეთ, 100 ლარი რომ გქონდეთ ხელფასი და უცებ 150 გაგიხდეთ, ხომ ლოგიკურია რომ მეტს დახარჯავთ? რაც მეტს დახარჯავთ კიდე, უფრო და უფრო გაიზრდება მშპ-ც. მუშაობის და ბიზნესის კეთების მოტივაციაც მეტი იქნება. მოკლედ, გადასახადების შემცირება კარგი რამეა როა, მაგაზე ყველა ვთანხმდებით.

 

ანუ დარჩა მეორე ვარიანტი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვალს აიღებს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ 100 შოკოლადი და გინდათ რომ 1 თვეში გაყიდოთ. მოვიდა დიდი ბიძია და 90 ცალი იყიდა. 10 შოკოლადი დაგრჩათ და 1 თვე. ხომ ლოგიკურია, რომ ფასი გაზარდოთ? რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება 10 ადამიანი, რომელიც შოკოლადში 1 ლარსაც მშვენივრად გადაიხდის, და 10-საც. ასე ფიქრობენ ბანკებიც. როდესაც ვიღაც მოდის და ძალიან დიდი თანხა გააქვს, ბანკებს ნაკლები ფული რჩებათ გასასესხებლად და შესაბამისად, პროცენტსაც უმატებენ.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ვალის აღება საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამოიწვევს. ანუ, სესხი გაგვიძვირდება. რა მოხდება შემდეგ? შემდეგ მოხდება ის, რომ ზოგერთი ჩვენგანი უარს იტყვის აიფონის განვადებით გამოტანაზე, კრედიტის აღებაზე თუ სხვა. ეს, თავისთავად, მშპ-ზე უარყოფითად მოქმედებს.

 

 

რა მოხდა საბოლოო ჯამში:

  1. გადასახადები შემცირდა, ანუ ჩვენი ხელფასები გაიზარდა, მეტს ვხარჯავთ; მშპ-ც იზრდება.
  2. სახელმწიფომ ინვესტიციები გააკეთა; მშპ იზრდება.
  3. სესხები გაგვიძვირდა და ნაკლები ვიღებთ, ანუ ნაკლებსაც ვხარჯავთ; მშპ შემცირდა.

ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, დაახლოებით ასეთი სიტუაცია გაჩნდა. კეინზი ფიქრობდა, რომ პირველი და მეორე კომპონენტი იმხელაა, რომ მესამე დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს; მშპ საბოლოოდ მაინც გაიზრდება.

 

კეინზი თავადაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მოკლევადიან პერსპექტივაში გამოიღებს უკეთეს შედეგს. თუმცა სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მანამ, სანამ ამის საჭიროება არ დადგება. ამ მოდელის ყველაზე დიდი ხარვეზი, შეიძლება ითქვას, არის აღებული ვალების დაბრუნება. როდის უნდა დააბრუნოს? - მაშინ, როცა ეკონომიკას აღმავალი პერიოდი აქვს. ამ დროს უნდა გაზარდოს, მათ შორის, გადასახადებიც. მაგრამ ამის განხორციელება, როგორც წესი, თეორიულად უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე შემდეგ პრაქტიკაში არის ხოლმე.

 

თუ აქამდე ვერ შეამჩნიეთ, გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ეკონომიკა. იმდენად, რომ ვერ ვსაზღვრავ ხოლმე, რამდენის ლაპარაკი “შეიძლება”, რომ ყველას თავი არ მოვაწყინო. თუ თქვენ არ გიჟდებით ეკონომიკაზე და ჩემი საუბარიც მოგბეზრდათ, მაშინ კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. გადავდივართ უფრო სოციალურ და, რაც მთავარია, მეტად ხელშესახებ თემაზე.

 

 

თანასწორობა, სოციალური დახმარებები, უფლებების დაცვები და ეგეთები, ანუ უილიამ ბევერიჯი და ველფეარი


სოციალური ლიბერალიზმი “თანაბარი შესაძლებლობების” იდეაა - “ჩემსა და ბილ გეითსის შვილს ერთნაირი შესაძლებლობები ვერ ექნებათ”. სწორედ ამიტომ, ველფეარი სახელმწიფოს ის ნაწილია, რომელიც საზოგადოების თანასწორობაზეა ორიენტირებული. მასში შედის სოციალური დახმარებები - უფასო განათლება, ჯანდაცვა, სტუდენტური ფასდაკლებები, პენსიონერების ფასდაკლებები, შშმ პირების სპეციალური უფლებები თუ სხვა. რეალურად, ამით სახელმწიფოს უნდა, რომ ცხოვრების მინიმუმი უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის. გარდა ამისა, ველფეარი ისახავს მიზნად ისეთ რაღაცებსაც, როგორიც არის შრომის კოდექსი, თავისი ხელფასის მინიმალური ზღვრებითა და სამუშაო საათების მაქსიმუმით.

 

ვითომ კარგი და უხარვეზო სისტემაა ხო? გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში უფასო რომაა განათლება მაგარია და ჩვენც გვინდა, უფასო სამედიცინო დახმარებაც გვინდა, მაღალი პენსიებიც გვინდა. ეს მთავრობა კიდე გვპირდება, გვპირდება და არ ასრულებს. სადაა დაპირებული 500-ლარიანი პენსია? მოდი ვნახოთ, სად აქვს ამ სისტემას ხარვეზები:


 

  1. საიდან მოდის ეს ფული?

საიდან მოდის ფული? საერთოდ, საიდან აქვს ხოლმე სახელმწიფოს რამის ფული? ცხადია, გადასახადებიდან. ველფეარის დანიშნულება კი ისაა, რომ მდიდრებს წაართვას და ღარიბებს დაურიგოს. უჰ, დიდი ამბავი ახლა, ბილ გეითსს 100 მილიარდის ნაცვლად 5 მილიონი თუ ექნება. ამდენი ფული მაინც რაში უნდა გამოიყენოს? აბა წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გითხრათ ვინმემ, ძალიან თუ მოინდომებ, 100 მილიარდს გამოიმუშავებ, მაგრამ მე მოვალ და იმდენს წაგართმევ, რომ 5 მილიონი დაგრჩესო, რას იზამდით? სავარაუდოდ, ან სხვაგან გააკეთებდით ბიზნესს, სადაც მაგდენს არ წაგართმევენ, ან სულ არ გამოიმუშავებდით100 მილიარდს, გააკეთებდით მინიმუმს რომ ის ხუთი მილიონი მიგეღოთ, ზედმეტად თითსაც არ გაანძრევდით. მაგრამ თუ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ღარიბებს უნდა დავეხმაროთ, ის 100 მილიარს როცა იშოვის, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც მშვენივრად დაეხმარება გაჭირვებულებს. თან უფრო ეფექტიანადაც. ანუ გამოდის, რომ ერთ შემთხვევაში ველფეარი არასაჭიროა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ხალხს მოტივაციას უკლავს.


  

  1. ვის ვეხმარებით?

მოდი განვიხილოთ საქართველოს მაგალითი. რეალურად, არავის აინტერესებს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. 65+ წლის ხარ? მაშინ პენსია გეკუთვნის! სტუდენტი ხარ? სტუდენტური ფასდაკლებები გეკუთვნის, გრანტი გეკუთვნის და ასე შემდეგ. მე, მაგალითად, საერთოდ არ მჭირდება არც ერთი და არც მეორე, მაგრამ მაინც ვიღებ. ჩემნაირად კიდე ძალიან ბევრი სუდენტია. ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო ყველას გვართმევს ფულს და მერე ისევ ყველას გვირიგებს. აზრი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წართმევა-დაბრუნებასაც ხომ თავისი ტრანზაქციული დანახარჯები აქვს? ანუ გვართმევს, ნაწილს კარგავს და რაც დარჩება, იმას გვიბრუნებს.


  1. გადანაწილების მექანიზმი

დავუშვათ, მოხდა სასწაული და განვსაზღვრეთ, რომ აი, 500 ლარამდე შემოსავალი ვისაც აქვს, მარტო იმას ვეხმარებით, 500-ს ზემოთ - აღარ. სოციალური ხარჯები ბევრად შეგვიმცირდა და მგონი ყველა ბედნიერია, არა? ჰმ, ერთი პრობლემა მაინც დარჩა. რა დააშავა იმან, ვისაც, მაგალითად, 501 ლარი აქვს შემოსავალი? 500 და 501 ძაან გასნხვავდება ერთმანეთისგან? გამოდის, რომ ის ერთი ლარი უნდა წავართვათ და სხვას მივცეთ, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა. ფაქტიურად ადამიანს “ვსჯით” იმის გამო, რომ მან ერთი ლარით მეტი იშოვა.


  

  1. მოტივაცია

მოდი მოვიფიქროთ ზედა პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენი მიზანი ხო ის არ არის, რომ ყველას თანაბარი ხელფასი ჰქონდეს? ჩვენი მიზანი ისაა, რომ ცხოვრების მინიმალური სტანდარტი დავაწესოთ, რომ ქუჩაში არავინ დარჩეს. ააანუ, ვთქვათ, რომ მაგალითად, ადამიანს თვეში სჭირდება 300 ლარი რომ გადარჩეს, ისე ვერ გაქაჩავს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სადღაც მუშაობთ და 200 ლარი გაქვთ ხელფასი, სახელმწიფო კი 100 ლარით გეხმარებათ. არ გაგიჩნდებათ კითხვა, საერთოდ რატომ ვმუშაობო? თუ უსაქმურობითაც 300 ლარი გაქვთ და საქმიანობითაც, არ გირჩევნიათ ეგ დრო რაც უფრო გაინტერესებს იმას მოახმაროთ? შეიძლება საერთოდ 400 ლარიც გქონდეთ ხელფასი, მაგრამ უსაქმურობაში მიღებული 300 ლარი ბევრად უფრო გიზიდავდეთ, ვიდრე დღეში 8 საათით მიღებული - 400. რაღა მოტივაცია გრჩებათ სამუშაოდ?

 

ეს მხოლოდ სოციალური დახმარების პრობლემებია. ყველა საკითხს რომ მოვედო, ვფიქრობ, ძალიან დიდი სტატია გამოვა. ამიტომ ახლა კიდევ ერთ თემას შევეხები, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე სასაცილო და თან აქტუალურია.

 

თანამედროვე ლიბერალიზმი საკუთარ თავში “ყველა ადამიანი თანასწორია”-საც მოიაზრებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიის მიმდევარი აქტივისტებისთვის ძალიან მტკივნეულია დისკრიმინაციის თემა. ისინი ემხრობიან ანტიდისკრიმინაციულ კანონებს, კვოტებს და მსგავს საკითხებს. “როცა შენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყნებ ვინმეს, ეს შენი სიტყვის თავისუფლება კი არა, მისი უფლებების შელახვაა”. აი, ცოტა ხნის წინ რომ შემოიღეს რაღაც კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, მაგის მსგავსი სხვა, ბეევრი კანონი უნდათ. აქ მერე ძალიან ძნელი ხდება საზღვრის გავლება - თითქმის ყველაფერი შეიძლება რომ ცუდი კონტექსტით აღიქვან. შეიძლება რაღაც ისეთი წამოგცდეს, რომ ირიბად ეხებოდე რომელიმე უმცირესობის ინტერესებს. ეს მათ სწყინთ და დასჯას ითხოვენ.


  

ცოტა ხნის წინ ვიყავი კონფერენციაზე “fake news”-ის შესახებ. ერთმა სპიკერმა თქვა, რომ სჯობს ინვესტირება ახალგაზრდებში მოვახდინოთო. რამდენიმე სხვა სპიკერი გამოეხმაურა, რატომ ვითომ, თანასწორები არ ვართო?

კარგი ბატონო, კანონის წინაშე თანასწორები ვართ. ყველას გვაქვს სიცოცხლის საკუთრების, და ა.შ. უფლება, ბლა ბლა ბლა. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ სხვა მხრივ არანაირი თანასწორობა ადამიანებს შორის არ არსებობს და ყველანაირი მცდელობა გათანასწორების არის ხელოვნური ჩარევა.

 

თანასწორები არ ვართ თუნდაც იმიტომ, რომ 30 წლის შემდეგ ადამიანის ტვინი ნელ-ნელა დაქვეითებას იწყებს. იმიტომ, რომ 30 წლამდეც ყველას სხვადასხვა შესაძლებლობები გვაქვს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ შეიძლება მე რაღაც საქმე სხვა ყველაზე უკეთ გამომდიოდეს. იმიტომაც, რომ ფიზიკურად სხვადასხვაგვარ პირობებში ვიზრდებით.

 

ხშირად მსგავს აქტივისტებს არ ესმით, რომ მსგავსი გამოსვლებით - ანტიდისკრიმინაციული კანონებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით (კი, სანამ ძალადობა არაა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა) უმცირესობების სასრგებლოდ თუ სხვა, ისევ დისკრიმინაციამდე მივყავართ - პოზიტიურ დისკრიმინაციამდე. ამით კი არც სიძულვილი გაქრება, არც - აგრესია.


რაც მამას უნდა

კომენტარები