თავისუფლებააა ისეე არ მოდიიის…

( სიტყვა)

2018 წლის ზაფხული ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი საზოგადოების მსოფლმხედველობას ჩავწვდომოდი: რა ღირებულებებით ცხოვრობდნენ, რას აფასებდნენ და რა აღიზიანებდათ, როგორ უყურებდნენ სახელმწიფოს, პოლიტიკიკას და პოლიტიკოსებს და ა.შ. ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა, რასაც ამერიკა ეფუძნება თავისუფლებაა. ფართო პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლება და სახელმწიფოს შეზღუდული როლი. ამერიკის უძველესი კონსტიტუციაც ხომ იმას გვეუბნება, რომ ნებისმიერი უფლება, რომელიც არ იზღუდება კონსტიტუციით ეკუთვნის შტატებსა და ხალხს.

  

იმ დროში, რომელიც თავისუფლების ქვეყანაში გავატარე, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ზოგი ცვლილება პოზიტიური და პროგრესული იყო, ბევრი კი, როგორც ყოველთვის - უარესის მომტანი.

პირველი და უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელმაც ერთი-ათად გაზარდა ადამიანის თავისუფლების ხარისხი, იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გახმაურებული გადაწყვეტილება. ცხადია, მარიხუანის მოხმარების ადამიანის უფლებად გამოცხადებას ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება არ არის უბრალო გადაწყვეტილება. ამით სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს ენიჭება თავისუფლება კონკრეტულ სფეროში, რომელშიც სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელი და არაკონსტიტუციურია.

 

ეს გადაწყვეტილება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ დღეს საქართველოსთვის უცხოა სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების მინიჭების ფაქტები. ყოველდღიურად გავიგონებთ, რომ სახელმწიფო რაღაცის შეზღუდვას აპირებს, ახალ რეგულაციებს აწესებს, კრძალავს, სჯის და ა.შ. ალბათ, ძალზე იშვიათად გექნებათ გაგონილი ფრაზა: “სახელმწიფო რაღაც სფეროს თავისუფლებას ანიჭებს”, “რეგულაციებს აუქმებს” და ა.შ.

ეს, როგორც ყოველთვის, არ ხდება, რადგან აბსოლუტურად არასწორადაა გააზრებული სახელმწიფოს იდეა. დღეს, სახელმწიფო გვეუბნება და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ეთანხმება, რომ სახელმწიფო იმისათვის არსებობს, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობები დაარეგულიროს, ცუდი რაღაცები აკრძალოს და წესრიგის დამრღვევებს პასუხი აგებინოს. ამისთვის სახელმწიფოს ცხადია, ჭირდება რესურსი ანუ ფული, რომელსაც იგი ჩვენგან, საზოგადოებისგან გადასახადების საშუალებით იღებს. ამაში ერთი შეხედვით, და მხოლოდ წინადადების დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ არაფერია სადაო და საკამათო. მე ვიხდი ჩემი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს, სანაცვლოდ კი ვიღებ: წესრიგს, დაცულობას და უსაფრთხოებას.


თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ წინადადების დონეზეა ასე. სინამდვილეში, სახელმწიფო დღეს გვევლინება დიდ ბიუროკრატიულ დედა-მონსტრად, რომელიც პატერნალისტური მოტივით თვლის, რომ თვითონ იცის ყველაფერი და ისეთები უნდა “გამოგვზარდოს”, როგორსაც თვითონ მიიჩნევს სწორად. უფრო, რომ გაგიმარტივოთ საქმე, გეტყვით, რომ ჩემ მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს სახე-სიმბოლოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენზე ფიქრში დაბერებული და მუდამ მზრუნველი ქალბატონი გუგული მაღრაძე. მას მოქალაქეებზე ფიქრისას მოუვიდა უამრავი იდეა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკვე კანონია. სწორედ ასე იჭრება სახელმწიფო ჩვენს თავისუფლებაში და ცდილობს სულ უფრო შეავიწროვოს იგი.


ამის მიზეზი ცხადია ჩვენი სამწუხარო ისტორიული წარსულია. ვგულისხმობ, საბჭოთა კავშირს, სადაც ნაცვლად პრინციპისა ქვეყანა ხალხისთვის, მოქმედებდა მახინჯი და ბოროტული სისტემა: ხალხი სახელმწიფოსთვის. ანუ, ინდივიდი, პიროვნება ჩანაცვლებული იყო საერთო კოლექტივით და სხვა პროლეტარი ამხანაგ-მუშაკებით.  შეიძლება ფიქრობ, რომ ეს მაგალითი დღევანდელი მდგომარეობის აღსაწერად არარელევანტურია, მაგრამ მე ასე არ მგონია. მოქმედი ეკონომიკის მინისტრის აზრით, ქვეყნის მთავარი საზრუნავი ეკონომიკური ზრდა არ უნდა იყოს, სანაცვლოდ კი ვიღებთ გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების ზრდას, ჩარევას თვისუფალ ბიზნეს საქმიანობებში, კერძო მესაკუთრეობის შეზღუდვას და ა.შ. სწორედ ამის შედეგია დღევანდელი საქართველოს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა.


გაგრილებულ კაბინეტში მჯდარი ბიუროკრატები, რომელთაც ლეგიტიმაცია, ხალხმა მივანიჭეთ, დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვიცით სწორად როგორ მოვიქცეთ და ის მიიღებს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს. აი სწორედ ეს გვითხრეს მაშინ, როცა მიწის გაყიდვა აგვიკრძალეს, საკუთარ სახლში მოწევა კრიმინალი გახადეს, კრედიტების შეზღუდვა, ათასი უაზრო რეგულაცია და აკრძალვა აამოქმედეს და ა.შ.

ალბათ, რაღაც ახალი საბჭოთა კავშირისმაგვარი ქვეყნის შენების გზას ვადგავართ.


ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რომ დავუბრუნდეთ, ამ უპრეცედენტო ვერდიქტმა ეს ჩვენი გეზი თავისუფლებისკენ გადახარა. ეს იყო დარტყმა სახელმწიფოს იმგვარ აღქმაზე, როგორიც ზემოთ დავახასიათე. ამან პირადად ჩემში იმედი გააჩინა, რომ არსებობს ერთი ინსტიტუტი მაინც ქვეყანაში, რომელიც ადამიანის უმთავრეს ღირებულებას, თავისუფლებას რამედ აგდებს.


არ მაქვს იმის ილუზია, რომ სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებში ეს გადაწყვეტილება რაიმე პრიციპულ და რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს. მითუმეტეს, როცა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ჯგუფები სრული სიმძლავრითაა მიმართული იმაზე, რომ ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციას. თანაც უკვე გვაქვს გამოცდილება, როცა სახელმწიფო დაჰყვა მავანთა ნებას, მაშინ როცა კონსტიტუციის ტექსტში თამაშით იყო გართული. და ახლაც, საპატრიარქოს გავლენასა და ამომრჩევლის ხმას დახამებულმა მთავრობამ უკან გამოიწვია კანონწროექტი, რომელიც ბევრი სისულელის მიუხედავად ნარკოლიბერალიზაციასაც ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის პრინციპული საკითხი, ხოლო ვისთვისაც თვისუფლება უცხო ხილია, ის ძალისხმევას არ აკლებს, ბნელ ოთახში აკიაფებული თავისუფლების ეს ჩირაღდანი სამუდამოდ ჩააქროს და დაბნელოს.


 

ჩვენ კი ადამიანებს, რომლებსაც გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ჩვენს ცხოვრებას ისე წავრმართავთ, როგორც ჩვენ გვინდა, ყოველგვარი მენტალური და სტერეოტიპული ჩარჩოების და სხვისი ჩარევის გარეშე,..... ვისაც მიგვაჩნია, რომ თავისუფლება არის უზენაესი ღირებულება და გვწამს, რომ ყოველგვარი უფლება მომდინარეობს მისგან,... ვინც, მივიჩნევთ, რომ თვისუფალი ადამიანები ვართ… გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თავისუფლების შენებაში და მის დაცვაში. ეს არ ეხება, მხოლოდ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი, ყველას საზრუნავი იყოს, ქვეყანა გავხადოთ უფრო კარგი, უფრო თავისუფალი, უფრო განვითარებული. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ მხარეს არ იბრძვის ადამიანთა ზღვა, რომელიც ერთი მოწოდებით შეიკრიბება რუსთაველზე, ჩვენ არ გვაქვს დიდი მატერიალური რესურსი, ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის სახელმწიფო და ყველაზე გავლენიანი ჯგუფები…. თუმცა, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის და ეს იდეა, თავისუფლების იდეა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთად. მე მჯერა, რომ ძალისხმევის შემთხვევაში ფული ვერ დაამარცხებს იდეას, სახელმწიფო ვერ მოერევა ჩვენს იდეებს, მართული მასა ვერ წალეკავს ჩვენს თავისუფლების იდეას.


თუ შენ გჯერა თავისუფლების იდეის, მაშინ შენ ყველაზე ძლიერი იარაღი გაქვს ცვლილებების მოსახდენად. ეს ცვლილებები იწყება რიგითი ადაიანებიდან, რომლებიც ამ იდეის გარშემო საუბრობენ, კამათობენ, ამტკიცებენ, დებატობენ და მოქმედებენ…. თავისუფლება ისე არ მოდის,... ნუ ელი ცვლილებებს სხვისი ხელიდან, გააკეთე ეს თვითონ.


 

კომენტარები