გელას აზრები - აბიტურიენტობა (გაცნობა)

( სიტყვა)

this article is a fictional dramatization based on a true story and real events.

 
ეს წელი ჩემთვის გარდამტეხია. შემდეგ წელს, ამ დროს, უკვე სტუდენტი ვიქნები. ნუ, იმედია. ყველა ვარტიანტში, ეს არის იმ ავადსახსენებელი 12-წლიანი უსაქმურობის ბოლო მონაკვეთი. საატესტატოს უეჭველი ჩავაბარებ და ეროვნულებზეც რამეს ვიზამ. აი, რომ გამოვალ გამოცდიდან, „დავწერე რა“-ს მაინც ვიტყვი. უკვე აღარც დავდივარ სკოლაში. რეპეტიტორებთან ვემზადები ეროვნულებისთვის და სკოლის უმნიშვნელო და არაფრისმომცემი საქმიანობისთვის აღარც მცალია. ამას სკოლაშიც ხვდებიან და გაცდენების გამო არ გვიტრაკებენ. და თუ სამინისტროდან მოვა ვინმე, დაგვირეკავენ და გამოვცხადდებით. ჰო, ასე ხდება ხოლმე. ასე ხდებოდა 12 წელიწადი. მინისტრის, მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილის მოადგილის, კომისიისა და მაია მიმინოშვილის შიშით უფრო ბევრი რამე კეთდებოდა, ვიდრე თავისუფალი ნებით. ოღონდ, იმ დღეს მხოლოდ. მაგდენი მოადგილე ფიზიკურად ვერ ეყოლება მინისტრს, ყოველდღე აქ რომ გაჩერდეს. ასეთი უცნაური, ალოგიკური თავისებურებები აქვს ქართულ სკოლას და სანამ დავამთავრებ, ყველაფერს ერთად მოვუყრი თავს, რათა სულ მახსოვდეს და უნივერსიტეტში ყოფნისას შემთხვევით არ მომენატროს.

 
სკოლაში რამდენიმე რგოლია და ყველას აქეთ უნდა მოერგო. რომლით დავიწყო, არ ვიცი. ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვნით. დარაჯით? არა. დარაჯი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, ზოგ შემთხვევაში, დირექტორზე მნიშვნელოვანიც, მითუმეტეს მაშინ, როცა სახლში წასვლაზე ჩალიჩობ. დირექტორი მხოლოდ მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა თავის კაბინეტს გამოცდება. ამ დროს დერეფანში ჩამომდგარი სიჩუმე შეიძლება ძალიან ხმაურიანიც იყოს - განგაში, ერთგავრი, რომელიც გატყობინებს რომ მტაცებელი სანადიროდ დადის. და თუ არ გაგიმართლა, სხვებზე სუსტი აღმოჩნდი და არასწორ დროს - არასწორ ადგილას მოხვდი, საკაიფო ღრიალს მიიღებ საჩუქრად - „გაკვეთილზე რატო არ ხარ!?“

 
ცოტა ხნის წინ გააგდეს ეგ დირექტორი. მინისტრმა, საპირფარეშოებს ვერ აწესრიგებდაო. სხვა ყველაფერი ხო გაბრდღვნა და საპირფარეშოები ქონდა დარჩენილი. ცოტა ხანში, ის მინისტრიც გააგდეს, ვინც ეს დირექტორი გააგდო.

 
თითქოს, ყველაფერი იცვლება, ხო? აბა კი. ყველაფერი, რუსულის მასწავლებელ სვეტას გარდა. მეხუთე კლასიდან მაგაზე ვღადაობთ. ეს სვეტა ჩემს კლასელ მარიამსაც ასწავლის და მარიამის მამასაც ასწავლიდა თავის დროზე. და თან, სვეტასნაირების მეტი რა არის. მასწავლებლები, ზოგადად, ძალიან მტკივნეული თემაა.

 
მოდი დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში ყველას, ვინც არ იმსახურებს ლანძღვას. ლანძღვას რა, კრიტიკას. ეს მე მგონია უბრალოდ, რომ როცა 20 წელი ერთ საქმეში ხარ და ვინმე გეტყვის, არ გამოგდისო, ლანძღვაა. ყოველშემთხვევაში, მე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი. მოკლედ, ყველა სკოლაში არის რამდენიმე სასიამოვნოდ გამორჩეული მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზე დასწრებაც არის ერთი დიდი სიამოვნება და რომლის მოცემულ დავალებასაც გულმოდგინედ ასრულებ. ახლა ყველა მასწავლებელი იფიქრებს რომ მასზე ვიძახი, მაგრამ არა.

 
მე ამ 12 წლის განმავლობაში ვხედავდი უამრავ ცხოვრებისგან გაბოროტებულ, წარუმატებელ, დაბოღმილ, არაპროფესიონალ ადამიანს, რომლებმაც თავი შეაფარეს ამ ძალიან მნიშვნელოვან, თუმცა არა-პრესტიჟულ საქმიანობას. ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ უნდა გააკარო ბავშვს, იმის შიშით, რომ შეიძლება ბავშმა მას რამე დაუჯეროს. პირველრიგში ფასეულობების კუთხით ვიძახი, თორემ მათ საბჭოურ გონებას დაზუთხვის გენიალური თვისება აქვს და ყველა ნასწავლი ფაქტი მშვენივრად ახსოვთ. ახსოვთ, რომ კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია, თუმცა შეიძლება გაგლანძღონ ყურსასმენების ტარების გამო. ან თმის ფერის გამო. ან გემოვნების. ან რელიგიური წარმოდგენის. გაგლანძღავს, მერე, ცოტა ხანში დაუბრუნდება კათეტების კვადრატების ჯამს და ეგონება, რომ საქმე გააკეთა და ქვეყნის მომავალ თაობას რამე არგო. მერე კიდევ, ამ კათეტებსაც ხო თავისებური მიდგომა უნდა? ილაპარაკებ რაღაცას, ზოგი გაიგებს, ზოგი ვერა. ყველა იტყვის, რომ გაიგო. მერე აღმოჩნდება რომ 1-2 ბავშვის მეტს ვერავის გაუგია და გაგვლანძღავ. ბავშვის
მთავარი საზრუნავი იქნება არა ის, რომ გაიგოს, არამედ იმ გზის მოძებნა, რომლითაც თავს მარტივად აგარიდებთ. ერთი მარტივი გზაა - დაზეპირება. მაგრამ თუ დავიზეპირებთ, თქვენნაირები გავხდებით და არ გვინდა. აზროვნების სწავლა გვინდოდა ჩვენ, საზეპიროების კი არა.

 
ყოველ დილას ასე იყო. თუ საქმე არ ეხებოდა იმ პატივსაცემ მასწავლებელს, რომელმაც თავის თავთან ერთად საგანიც შემაყვარა, მე ვფიქრობდი თავის არიდებაზე. რომ რამენაირად გადამევადებინა სწავლა. ვფიქრობდი, რა მეთქვა მასწავლებლისთვის, რომ ცუდი ნიშანი არ დაეწერა. და რაც მთავარი იყო, იმას ვიკიდებდი. ფეხებზე მეკიდა განათლება, სინამდვილეში, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 
რომ ვფიქრდები, სკოლაში განათლებისთვის არც არავის სცალია. არც მასწავლებლებს, არც მოსწავლეებს. ეს არის დაძალებული, 12-წელზე გაწელილი ცხოვრების მოსაწყენი მონაკვეთი. ცხოვრების ამ მონაკვეთში ბევრ რამეს სწავლობ, ოღონდ არა გაკვეთილზე. ეს არის მთავარი მახასიათებელი ტიპიური ქართული სკოლისა.

 
სინამდვილეში, სკოლაში არის ერთადერთი საგანი - ურთიერთობის ხელოვნება. მთავარია ამ საგანში არ ჩაიჭრა და დანარჩენ ყველაფერს ეშველება. მთავარია ისწავლო შემდეგი:

 
როგორ ეურთიერთო მეგობარს

 

როგორ ეურთიერთო ტიპს, რომელმაც ზურგზე მოგაკრა ფურცელი წარწერით „ყლე“

 
როგორ ეურთიერთო კარგ მასწავლებელს

 
როგორ ეურთიერთო მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის ტყუილად გიტრაკებს

 
როგორ ეურთიერთო მანდატურს, როცა გაკვეთილის დროს დერეფანში დაგინახავს

 
როგორ ეურთიერთო სკოლის დარაჯს

 
როგორ ეურთიერთო იმ გოგოს, რომელიც მოგწონს

 
როგორ ეურთიერთო იმ ტიპს, რომელთან ურთიერთობაც სუიციდისკენ გიბიძგებს
და ა.შ.

 

შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მოასწრო ყველაფერი, რადგან უპასუხისმგებლობის ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში აღარასდროს მოგეცემა. გაქვს
შეცდომების დაშვების უფლება და შეგიძლია ატარო ექსპერიმენტები როგორც ინდივიდებზე, ისე მასებზე. რაც მთავარია, გაქვს დრო, გამოარკვიო - ვინ ხარ. ქართული, გეოგრაფია, მათემატიკა და ეგეთები მეორეხარისხოვანია.

 

ავტორი

გელა

კომენტარები