
1945 წლის 7 მაისს ომი დამთავრდა. 02:41 საათზე საფრანგეთში გერმანულმა მხარემ კაპიტულაციას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მეორე პუნქტის მიხედვით, გერმანიის კონტროლქვეშ არსებული ძალები, სახმელეთო თუ საზღვაო, 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე ცეცხლს სრულად შეწყვეტდნენ. ასეც მოიქცნენ. თქვეს და შეასრულეს. ნაცისტური გერმანიაც კი ფაშისტურ რუსეთზე სინდისიერი აღმოჩნდა.
ევროპამ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებზე 8 მაისს გაიმარჯვა. როდესაც, კონტინენტის ცენტრალური ნაწილი 23:01 საათზე ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობდა, მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 9 მაისის 01:01 საათი იდგა. ასე უცნაურად გადაწყვიტა სტალინმა, 8-ის ნაცვლად 9 მაისი გამოეცხადებინა გამარჯვების დღედ და ეს გამარჯვებაც მხოლოდ საკუთარი თავისა და «უკვდავი პოლკისათვის» მიეწერა. ვნახავდით, რას იზამდა სტალინი «უკვდავი პოლკთან» ერთად, ამერიკის «ლენდ-ლიზი» და გაუწითლებელი ევროპა რომ არა.
ფაშიზმის დამარცხებას ყველა გამარჯვებად აღიარებს. ცენტრალური ევროპა ან ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, რომელბმაც საკუთარი ეროვნული მისწრაფებების ჩამოყალიბება შეძლეს, ამ გამარჯვებას ჩერჩილის მორალს უმადლიან. დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენი ჩათვლით, ჯერ კიდევ სტალინის იდეისა და საბჭოთა კავშირის ბოროტების სიდიადის ქვეშ არიან მოქცეული. პირველმა თავისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის მმართველობასა და სტალინს, ჩვენში დარჩეს, დიდად არც ადარდებდა ადამიანების ჩაგვრა. აი, დანარჩენი ევროპა და ჩერჩილი კი თავშეწირვით, ბევრად ადრე ებრძოდნენ ნაცისტურ გერმანიას.
სტალინის ბოროტებამ ჰიტლერის ბოროტება დაამარცხა. წითელ დროშას გამარჯვების დაარქვეს და რაიხსტაგის თავზე ააფრიალებინეს მელიტონ ქანთარიას. საბჭოთა პროპაგანდამ კი თავისივე დახატული დიდებულებით მონუსხა გაწითლებული ქვეყნები. ისე, ჰიტლერსა და სტალინს მთლად მტრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. რიბენტროპ — მოლოტოვის პაქტი გააფორმეს, გავლენის სფეროები გაიყვეს და თავდაუსხმელობაზეც შეთანხმდნენ. ორი წელი ისე ომობდა ევროპა და გერმანია, სტალინს ყურიც არ შეუბერტყავს. მერე, თურმე, ჰიტლერს გაუღიზიანებია ბელადი, ომი უნდოდა. 1941 წელს კი მოახერხა და საბჭოთა კავშირიც ჩაითრია ომში. ალბათ, ახლაც ბევრი რუსი იტყვის, რომ ომი 1939-ში კი არა, 1941 წელს დაიწყო.
მსოფლიოს თავისუფლების იდეამ ნაცისტურ რეჟიმზე გაიმარჯვა. ეს იდეა ხომ არც სტალინის და არც საბჭოთა კავშირის მმართველების გონებაში არ მოიძებნებოდა. საბჭოთა საკვშირმა ბომბების სროლით მოუგო ნაცისტებს, შემდგომ უკან მობრუნდა და თოთხმეტივე, ძალით გაწითლებულ ქვეყანაში, იმავეს კეთება განაგრძო, რაზეც «გაიმარჯვა»: შეიძულა ერები, მოკლა ხალხი, დაგმო თავისუფლება, თანასწორობა… განსხვავება ისაა, რომ ნაცისტური გერმანიისგან თანამედროვე გერმანია შეიქმნა, საბჭოთა კავშირისგან კი მისი მინი მოდელი, მხოლოდ რუსეთის შემადგენლობით.
მძიმე ძალით სტალინის ნაცისტურ გერმანიზე გამარჯვების შემდგომ საბჭოთა კავშირმა სუპერგმირი შექმნა ბელადისგან, სახელმწიფომ კი თითქოს თავისი ზეობა დაამტკიცა. გახსოვდეთ, საბჭოთა კავშირმა ევროპა ჰიტლერისგან გადაარჩინა — არ წყვეტს რუსეთი ამის გამეორებას. საბჭოთა კავშრის, უფრო სწორად, თავისუფლებისმოყვარე 14 ქვეყნის, სამხედრო ძალა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო II მსოფლიო ომში. ჰიტლერის არმიამაც ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ მათთან ბრძოლისას განიცადა. და რას გადაარჩინა საბჭოთა კავშირმა მსოფლიო? ომებსა თუ ატომური იარაღის საფრთხეს? იქნებ, თავისუფლებისა და თვითმყოფადობის დაკარგვას? ნაციზმზე, ფაშიზმსა და სხვა რეჟიმებზეც თავისუფლების იდეებმა გაიმარჯვეს, საბჭოთა კავშირს კი ტანკები და ბომბები ჰქონდა.
რუსეთში დღესაც ზეიმობენ II მსოფლიო ომში, მათი თქმით, სამამულო ომში, საბჭოთა კავშირის გამარჯვებას. ამ გამარჯვებას კი ცალკე აფხაზეთს, ცალკე კი საქართველოს ულოცავენ. თანაც, მოსკოვის მთავარ მოედანზე საქართველოში გასეირნებული და უკრაინაში გაფუჭებული ტანკები გამოაქვთ. პირველ ყოვლისა, ნაციზმი რასობრივი იდეალიზმით გამოვლინდა, მთავარი სამიზნე კი ებრაული ერი იყო. ყველა დროის რუსეთში იყო ეს იდეალი: საქართველო, სლავური ქვეყნები, ბალტიისპირეთი, სირია, ჩეჩნეთი, აზერბაიჯანი, აშშ, მოლდოვა, შვედეთი — სძულთ ყველა ერი. უხერხული და ამორალურია ნაციზმზმის დამარცხების აღნიშვნა შუაგულ ევროპაში რაშიზმი რომ მძვინვარებს, უკრაინა რომ თავისუფლებისთვის იბრძვის, რიგში რომ ბევრი ქვეყანა ვართ და ატომური ბომბით რომ გვაშინებენ.
გააჩნია, ამ გამარჯვებას ვის მივაწერთ. თუ გვინდა გამარჯვებულის და ძლიერის ხატად საბჭოთა ტოტალიტარიზმი გამოვაცხადოთ და მათთან ერთად ვიზეიმოთ, მაშინ, იყოს 9 მაისი. სინამდვილეში კი, გამარჯვების დღე 8 მაისია. 9 მაისს ევროპის ერთიანობის დღე უნდა აღვნიშნოთ. უნდა აირჩიო, აბა, ისე ხომ წარმოუდგენელია ორივე ერთად ან ერთ დღეს იზეიმო.
ნაციზმი და ფაშიზმი ერთად პორტირდა რუსეთში. რუსეთში დღეს ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ, ხვალ კი მთლიან ევროპას ისევ ნაცისტებს დაგვიძახებენ. მათი მთლიანი არსებობაა ასეთი აბლანდულები და დაბნეულები არიან.
გამარჯვებულებს არ სჯიანო და ნიურნბერგის პროცესი საბჭოთა კავშირსაც არ ჰქონია. მეეჭვება, რუსეთში ვინმემ იმპერიალისტები დასაჯოს. იქნებ, ფაშისტ პუტინს მაინც მიეწიოს ფეხებში ჰააგა.
ავტორი-თეკლა ხარაზიშვილი