სოციალური ტყუილი - დედის ექაუნთი

( სიტყვა)

ხანდახან ვუყურებ ჩემს დალაგებულ პროფილს, არჩეულ - გამოწკეპილ ფოტოებსა და ვიდეობს - გართობასა და სიხარულს რომ ასხივებს და, ზოგჯერ, თავადაც მავიწყდება, რომ თმაში, სახესა და მაისურზე ჩემი შვილის მენიუ მაქვს შეზელილი. ცალი ხელით ბავშვს ვაჩერებ, მეორეთი - ახლახანს შემოსახლებულ ბაჭიას. ძირითადად 10 საათზე, ტასოსთან ერთად მეძინება, გასართობად წასული რამდენიმე ფოტოს გამოვდებ, ზოგჯერ მხიარული ვიდეოც შეიძლება და მერე ხმაურისგან დაღლილი, ძილმორეული ვზივარ...

 

ასეა, ფეისბუქი და რეალობა რომ განსხვავდება, უკვე ძველი ამბავია...


 

ვისაც მცირეწლოვანი შვილები დასასვენლად დაჰყავს, ეცოდინება, რომ ჰაერის გამოცვლა დასვენება კი არა, რაღაც საკრარული რიტუალია ყოველდღიური  დაგეგმილი „პროგრამით“: დილით კვება, ჰაერზე სეირნობა შემდეგ კვებამდე; ცოტახანი ვისვენებთ და საღამოს ისევ ჰაერი, რომელიც თბილისური ბუღის შემდეგ ფუფუნების საგნად იქცა... მოკლედ, დედა, რომელმაც ბავშვი “ჰაერზე დაასვენა“, თვითონ სულაც არ ისვენებს, ხშირ შემთხვევაში - მეტადაც იღლება, რადგან ახალი რეჟიმი მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

 

ამ ზამთარს ტასო ბაკურიანში მყავდა. სადღაც მესამე დღეს, პირველი გასვლიდან ნომერში დაბრუნებული, გაყინული და თოვლში ამოთხვრილი, სავარძელში მივესვენე და ფეისბუქის სქროლვას შევუდექი. ელდა, მეხი და პანიკა ერთად მეცა,  უკვე მესამე დღეა ვისვენებ და არც ერთი ფოტო! არანაირი არაფერი არ გამომიქვეყნებია... სასწრაფოდ გამოვიცვალე უფორმო კომბინოზონი, თბილი ქუდი - ლამაზით ჩავანაცვლე, ნომერში მოვიძიე საფოტოვე დეკორაცია (კარგი ფოტო სიუჟეტს ხომ უნდა ჰყვებოდეს?) - აივნიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. ჰოდა, ასე მოკაზმულმა, ცარიელი ჩაის ჭიქით ხელში, დავიწყე უდარდელი, დასვენებული გამომეტყველებით პოზირება. სასურველ ფოტომდე დიდ ხანს ვაწვალე ჩემი ძიძა, რომელიც შეთავსებით ფოტოგრაფის ფუნქციასაც ასრულებს და საბოლოოდ მშვენეირი ფოტოებიც მივიღე... რომ ვუყურებდი, თვითონ მშურდა საკუთარი რელაქსაციის.

 

 

რამდენჯერმე, მაკიაჟიც მხოლოდ იმიტომ გამიკეთებია, რომ სელფი გადამეღო. აი ასე, ზიხარ სახლში, დიდი ზომის მაისური და ძველი პიჟამას შარვალი გაცვია, გადახედავ შენს კედელს და ახალი ფოტო დაგიგვიანდა... საათნახევარი იღებები, ზედატანს გამოიცვლი, ქვემოთ არაუშავს, ეგ ხომ ფოტოში მაინც არ ჩანს.. გადაიღებ საუკეთესო სელფის და კამუფლიაჟი ისევ იშლება… როგორ კომიკურად ჩანს ეს ყველაფერი, არა? მაგრამ ჩვენ ყოველდღე ვიქცევით ასე. ვცვლით და ვაშენებთ ახალ რეალობას, რომელიც სოციალური ქსელის კედლებზე იქმნება. ზოგჯერ დეპრესიაშიც ვართ და საკუთარი სევდის ხიბლით სოციალურ არენას ვიყენებთ თანაგრძნობების ასაგროვებლად.

 

იმავე ზამთარს ალბათ 5 მილიონი ფოტო ავტვირთე ღვინის ჭიქით ხელში, ბუხრის ფონზე. ორჯერ ავედი ნომერში და ტანსაცმელი გამოვიცვალე. კარგი ფოტოებია - ვზივარ ბუხართან, წითელი ღვინით სავსე ბოკალი მიჭირავს და უდარდელად ვნებივრობ. არადა, სიმართლე ისაა, რომ სასმელს საერთოდ ვერ ვსვამ და იმ მომენტში, მთელი დღის თოვლში ნაგორავებს, დაძინებაზე მეტად არაფერი მინდოდა.

 

სელფების გარდა, ჩემი კედელი შვილის ფოტო-ვიდეობითაც მაქვს გადავსებული. სანამ ტასოს გავაჩენდი, ცოტა მაღიზიანდებნენ ის ქალები, ყველა რაკურსით რომ დებდნენ საკუთარი შვილების ფოტოებს და თითოეული მათი დამთქნარება სამყაროს მერვე საოცრებად რომ ევლინებოდათ. მერე მეც გავხდი დედა და ავტომატურად ჩავერთვე ამ მარათონშიც. ტასომ გაიცინა, ტასომ ეს, ტასომ ის... ჰოდა, საერთოდ არ მაინტერესებს ეს ამბავი ვინმეს თუ აღიზიანებს. დიახ, სასწაულია ჩემი შვილი! ყველაზე კარგი რამაა, რაც ოდესმე გამაჩნდა, და ამიტომ, რატომაც არა?! ყველა იმას გამოვფენთ, რაც გვეძვირფასება, გვიყვარს და გვაინტერესებს... ვინც ამ ამით ღიზიანდება, შეუძლია დამამშვიდებლები დაიხმაროს.

 

 

რატომ ვიტყუები(თ)?

 

უამრავი მიზანი გვამოძრავებს სოციალური ქსელების გამოყენებისას. მათ შორის, გვინდა ვიყოთ ისეთები, როგორებიც რეალობაში არ ვართ: უფრო მაღლები, გამხდრები, იდეალური ნაკვთებით და ა.შ. სოც. ქსელებისთვის ვაფერადებთ და ვიგონებთ რეალობას, თითქოს გაუთავებლად ვეჯიბრებით ერთმანეთს სილამაზესა და გართობაში. ეს დაუსრულებელი „დატოლების“ მარათონია, რომელშიც ყველანი ერთად, სხვადასხვა ხერხებით ვართ ჩართულნი. ამაში ახალიც არაფერია, თუ ადრე მეგობრების ან მეზობლების ვიწრო წრეში ხდებოდა „შეჯიბრი“, ქსელებმა არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა.

 

ტასო რომ გავაჩინე, იმ წელს აკადემიური ავიღე, აქტიური ცხოვრებიდან გადავედი სრულიად გაურკვეველ, ახალ რეჟიმზე - მუდამ ატირებული ბავშვი, რომელსაც ხან რა აწუხებს და ხან - რა, უძილობა, შიში, ძირითადად სახლში ჯდომა. ცოტაც და მისტერ როჩესერის ცოლივით გადავწვავდი ყველაფერს. ამ პერიოდში ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელი. სელფისთვის გაკეთებულ მაკიაჟში, დიახაც, თავს ლამაზად ვგრძნობდი. კომენტარები მახსენებს, რომ დედასთან ერთად ქალიც ვარ და შემიძლია მშვენიერი ვიყო. უკვე ნაკლებად მაშინებდა გაბურძგნული თმა და უძილობისგან დასიებული უპეები, რადგან პროფილს თვალირებისას ისევ ლამაზი და მოვლილი ვიყავი.

 

იყო დრო, ხშირად ვაკრიტიკებდი ხალხს ყალბი ფეისბუქ ამბებისთვის. ვფიქრობდი, რომ აზრი არ აქვს დათხელებულ ცხვირს და დაგრძელებულ ფეხებს, თუ სარკეში არაფერი იცვლება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, რითი განსხვავდება ჩემი სასელფოდ მოკაზმული ზედა ნაწილი ან ცარიელი ჩაის ჭიქა? ადამიანები ვართ და ყველას გვჭირდება, თავს უკეთესად რომ ვგრძნობდეთ და ლაიქებში გამოხატული აპლოდისმენტები კი ამაში დიახაც, რომ გვეხმარება!

 

ახლა მგონია, რომ სანამ გავაკრიტიკებთ უამრავი ფოტოს ატვირთვისთვის, გაგვეცინება გადიდებულ დაგრძელებული სხეულის ნაწილების გამო, ჯობია ვიფიქროთ, რომ ეს ტყუილი კი არა საკუთარი თავის თერაპიაა, და თუ ვინმე ასე თავს უკეთ გრძნობს, რატომაც არა?! დაღლილი დედა, ტუჩსაცხს თუ გადაისვამს ფოტოსთვის და თავს გაიხარებს, რა შავდება ამით? თუ თქვენი მეგობარი ფოტოში ისეთია, როგორიც უნდა იყოს, ამით ხომ თქვენ არაფერი გაკდებლდებათ?

 

ჰოდა, მოდით, ვიყოთ უფრო შემწყნარებლები - „მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ, თორე აპა ცუდი თუ ვაკეთეთ…„

 

Mother of Dragon

კომენტარები