ტედი რუზველტი, კვირიკაშვილი, ძმები რაითები - ანუ რატომ არ მუშაობს სახელმწიფო ინვესტიციები?

( სიტყვა)

ისტორია ბერძნული(ბერძ.ιστορία)  სიტყვაა და ქართულად გარდასულ ამბებზე თხრობას ნიშნავს. როგორც სამეცნიერო დისციპლინა, იგი ადამიანთა საზოგადოების წარსულის კონკრეტული ფორმებისა და მრავალფეროვნების შესწავლითაა დაინტერესებული. ხო, ადამიანები ამ მეცნიერებას ცოტა უფრო მეტ ყურადღებას რომ აქცევდნენ, ბევრ სერიოზულ შეცდომას ავიცილებდით თავიდან. ვგულისხმობ იმას, რომ ისტორიის წიგნის ფურცლებზე თუ pdf ფეიჯებზე ბევრი რამის ნახვა შეიძლება. მაგალითად, ისტორია გვასწავლის, რომ თუ მოსკოვის აღებას გადაწყვეტ, მკაცრი ზამთრისთვის მზად უნდა იყო; თუ რომაული ციხესიმაგრეების დალაშქვრა შენი ჰობია, ამის გაკეთებამდე დარწმუნდი, რომ რომელიმე ღვთაების ტაძარში ბატები ყაყანს არ დაიწყებენ; ისტორია ასევე გვასწავლის, რომ სახელმწიფო ძალიან ცუდი ინვესტორია, ფულს არაეფექტურად აბანდებს და ჯობს ეს კერძო სექტორმა გააკეთოს.


XX საუკუნის დასაწყისში ევროპის წამყვანი ქვეყნები და შეერთებული შტატები გამალებით ცდილობდნენ მფრინავი მანქანის გამოგონებას. სახელმწიფო, რომელიც პირველი მიაღწევდა ამ მიზანს, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერი გახდებოდა. პრეზიდენტმა უილიამ მაკკინლიმ და ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის გამოგონება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ეს იმდენად სასწრაფო საქმეა, რომ არ არის კერძო სექტორისთვის ლოდინის დრო. საჭირო იყო იმ დროისთვის საუკეთესო აერონავტიკის ექსპერტების შეკრება და მათი დაფინანსება.

სად იყო და სად არა, გამოჩნდა ადამიანი სახელად სამუელ ლენგლი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ჰარვარდის, იელის, ოქსფორდისა და კემბრიჯის დიპლომები. ლენგლი ამ დროისთვის უკვე დაფასებული გამომგონებელი იყო და წიგნიც კი ჰქონდა დაწერილი, „ექსპერიმენტები აეროდინამიკაში“. მთავრობამ მას 2 საცდელი ფრენა დაუფინანსა.

პოტომაკის მდინარეზე მცურავი სახლ-ნავიდან ლენგლიმ თვითმფრინავი ააფრინა, თუმცა დიდმა ძრავმა მხოლოდ რამდენიმე წუთი იმუშავა და აპარატი წყალში ჩაეშვა.  მეცნიერი სასოწარკვეთას არ მიეცა, მაგრამ როცა მეორე მცდელობაც იგივე შედეგით დასრულდა, ლენგლიმ და პოლიტიკოსებმა ხელი ჩაიქნიეს. თუ ლენგლიმ, მთავრობის სრული მხარდაჭერით ვერ მოაგვარა პრობლემა, ე.ი. პრობლემა მოუგვარებადია. The New York Times წერდა: „ადამიანის გაფრენა მილიონი წლით გადაიდო“.


ყველასთვის გასაკვირად, ლენგლის წარუმატებლობიდან ზუსტად 9 დღეში, დეიტონელმა ველოსიპედის მექანიკოსებმა, ორვილ და ვილბურ რაითებმა საკუთარი 2000$-ით, ჰაერი დაიპყრეს. ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე მათ პირველი თვითმფრინავი აპარატი გაუშვეს ცაში, ზუსტად 5 წელში კი მათ ააგეს საჰაერო ხომალდი, რომელიც მთავრობამ საჰაერო თავდაცვის მიზნებისთვის შეიძინა.


 

რატომ მოხდა ისე, რომ უზარმაზარი დაფინანსების მქონე, უფრო განათლებული სამუელ ლენგლი ჩაფლავდა, ველოსიპედის მექანიკოსმა ძმებმა კი ჩანაფიქრი განხორციელეს?


მემარჯვენეები ამ ქეისს ამგვარად ხსნიან: საქმე ისაა, რომ ლენგლი ექსპერიმენტს სხვა ადამიანების ფულით ატარებდა(გადასახადის გადამხდელების), ამიტომაც, იგი ამ თანხას ისე ფრთხილად და ყურადღებით არ ეპყრობოდა, როგორც ამას ძმები რაითები თავიანთი საკუთარი ფულის შემთხვევაში აკეთებდნენ. რაითებს გაცილებით მაღალი მოტივაცია ჰქონდა, მათ იცოდნენ, რომ ფინანსური წარმატება პირდაპირ იყო დამოკიდებული ექსპერიმენტის წარმატებაზე, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მთელ თავიანთ დანაზოგს დაკარგავდნენ. ლენგლიმ კი იცოდა, რომ რა შედეგითაც არ უნდა ჩავლილიყო თვითმფრინავის აფრენის მცდელობა, იგი მაინც მიიღებდა დიდძალ თანხას. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, გაზეთ San Francisco Chronicle-ში დაიწერა:

„ლენგლის ექსპერიმენტის წარუმატებლობამ საბოლოოდ უნდა დაასრულოს კონგრესის ჩარევა ნებისმიერ იმ სფეროში, რომელშიც კერძო მწარმოებლები ოპერირებენ“.


ტექსტის დასაწყისში, როცა ისტორიაზე, გარდასულ ამბებზე და შეცდომების არგამეორებაზე ვსაუბრობდი, საქართველოს ვგულისხმობდი, ანუ ჩვენ მთავრობას რომ რუზველტისა და მაკკინლის წადილების შესახებ სცოდნოდა, შეიძლება დღეს „აწარმოე საქართველოში“ არ გვქონოდა.


რა არის „აწარმოე საქართველოში“?

2014 წელს, გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენი  ფულით აფინანსებს კერძო მწარმოებლებს... სცენარი იგივეა, არა?

2017 წელს პროგრამის ფარგლებში 2200 პროექტი თანა-დაფინანსდა და ჯამში 30 მილიონ 95 ათასი ლარი დაიხარჯა.

2014 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ფარგლებში ჯამში 850 მილიონი ლარი დაიხარჯა და 344 პროექტი განხორციელდა, ამის შედეგად შეიქმნა 14,000 სამუშაო ადგილი - ე.ი. „აწარმოე საქართველოში“-ს ერთი სამუშაო ადგილის შექმნა დაახლოებით 60.714 ლარი უჯდება.

ვნახოთ რა ვითარებაა კერძო სექტორში, საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 38 მილიარდი ლარია, დაქირავებული დასაქმებულების რიცხვი კი 750.000, რაც ნიშნავს, რომ 1 ადგილის შექმნა 50,666 ლარი ჯდება- გამოდის, რომ კერძო მეწარმეები თავიანთი ფულით უფრო იაფად ქმნიან სამუშაო ადგილებს, ვიდრე ჩვენი ფულით.


 

დასკვნა


რას აკეთებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში - აწესებს გადასახადებს, რომლის საშუალებითაც მუშა, უკვე გამართული ბიზნესებიდან იღებს ფულს და შემდეგ აბანდებს მცირე მეწარმეებში („აწარმოე საქართველოში“), რომელებიც უფრო არაეფექტურად განკარგავენ ნაჩუქარ თანხას.

850 მილიონი ლარი, რომელიც 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაიხარჯა, კერძო სექტორში რომ დარჩენილიყო, 14,000-ის ნაცვლად 16,700 სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა(850მლნ/50.666) - ანუ სახელმწიფოს ჩარევამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2,700 სამუშაო ადგილი მოკლა.


სტატიაში მოყვანილი მაგალითები განვაზოგადოთ: ხშირად, სახელმწიფო (უილიამ მაკკინლი და რუზველტი - კვირიკაშვილი და ეკონომიკის სამინისტრო) კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად(თვითმფრინავის გამოგონება - ხალხის დასაქმება) ქირაობს გარკვეულ ადამიანებს (სამუელ ლენგლი - აწარმოე საქართველოშის ბენეფიციარები), თუმცა კერძო სექტორი ამ სამუშაოს უფრო ეფექტურად ართმევს თავს (ძმები რაითები - საქართველოს კერძო სექტორი, რომელიც 10.000 ლარით უფრო იაფად ქმნის სამუშაო ადგილს) - ამიტომაც, სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ჩვენი ფულის ინვესტირება.

ეკონომიკურ ზრდას იწვევენ კერძო მწარმოებლები, რომლებიც რისკავენ თავიანთ ფულს და არა პოლიტიკოსები, რომლებიც რისკავენ ჩვენს ფულს!

 

კომენტარები