My name is Blurryface and I care what you think

( სიტყვა)

  სტატიის დასაწყისი მოფიქრებული მქონდა, თუმცა არსად ჩავწერე, ამას რა დამავიწყებს-მეთქი. როგორც ხდება ხოლმე, ახლაც ისე მოხდა — დამავიწყდა. უშედეგოდ ვცდილობდი გამეხსენებინა, მაგრამ რომ არ გამოვიდა, ვამჯობინე, მთელი გულწრფელობით დამეწყო კლავიატურაზე კაკუნი. ვინაიდან პრობლემები და მათი გადაჭრა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ისევ პრობლემაზე ვსაუბრობ. ქართულ საძიებო სივრცეში ამ მდგომარეობის აღმწერ ტერმინს ვერ მივაკვლიე, ამიტომ, დასაწყისისთვის, 2 ინგლისური სიტყვა მინდა განვმარტოთ:

  1. Approval — დადასტურება, მოწონება;
  2. Validation — დადასტურება, დამტკიცება.

   ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, არსებობს ასეთი მდგომარეობა — ცხოვრება სხვებისთვის -ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როცა ალტრუიზმი არც თავშია, არც შუაში და არც ბილიკის ბოლოს. ეს უფრო ცხოვრების გაფლანგვას ჰგავს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამუდმებით საჭიროებს სხვებისგან დასტურს მისი ქცევების ვალიდურობის, ავკარგიანობის შესახებ. უკეთ რომ მიხვდეთ, ყველასთვის კარგად ნაცნობ ფრაზას მოვიშველიებ — ‘დაიკიდე, რას იფიქრებს სხვა.’ ვარიაცია უამრავია და სათქმელად ადვილი, პრაქტიკაში დანერგვა — დიახ, მეტად რთული. განსაკუთრებით რთული კი მათთვისაა, ვისაც ზემოთ ხსენებული პრობლემა აწუხებს — აქ ხომ ხალხის აზრი უზენაესია. აღიარებისა და დაფასების სურვილი თითოეულ ჩვენგანში დევს და ეს გასაკვირი არცაა, სოციალური ცხოველები ვართ და ერთმანეთის გარეშე არც არაფერს წარმოვადგენთ, მაგრამ თუ ვალიდურად ყოფნის სურვილი გამძაფრებულია, მაშინ ადამიანის ყოველი ქმედების უკან დგას არა მისი საკუთარი ჯანსაღი სურვილი, არამედ ის, რაც, მისივე აზრით, საზოგადოებისთვის იქნება მოსაწონი.


  

   თუ ცეკვა/სიმღერა/აზრის დაფიქსირება ან სხვა ნებისმიერი აქტივობით დაკავება გეუხერხულება ერთი კონკრეტული ან ბევრი ადამიანის გამო და თუ ხშირად ცდილობ, ადამიანებს ასიამოვნო, თუნდაც ეს საქციელი გულწრფელი არ იყოს, მაშინ პრობლემა გაქვს, მეგობარო!

                                                                   

 მიზეზები და შედეგები


   გამომდინარე იქიდან, რომ არც ექსპერტი ვარ და არც ეს საკითხი გამოირჩევა წყაროების მრავალფეროვნებით, მდგომარეობის განმაპირობებელ რამდენიმე მიზეზსა და შედეგს განვიხილავ.

  1. უპირველესი მიზეზი კრიტიკისა და განსჯის შიშია. ადამიანი უფრთხის იმ დისკომფორტს, რომელიც სხვებისგან მიღებულ უარყოფით შეფასებას მოსდევს. შედეგად, ადამიანი ყოველი ქმედების წინ შფოთავს, ფიქრობს იმ უარყოფით შეფასებაზე, რომელიც, შესაძლოა, დაიმსახუროს და, რიგ შემთხვევებში, ნეგატიური აზრები იმხელა გავლენას ახდენს, რომ ადამიანს უმოქმედობა იპყრობს. თუ არ დაგეზარებათ, პატარა ისტორიას მოგიყვებით. მესამე კლასში, მეგობრის დაბადების დღეზე, ბავშვებთან ერთად ვცეკვავდი. ერთ-ერთმა მშობელმა თვალი თვალში გამიყარა და დამტუქსა, შენ რაღამ აგაცანცარაო. შენიშვნას არასდროს ვიმსახურებდი და ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა უფროსის ასეთი შეფასება. გავშეშდი და იმ დღის მერე აღარც მიცეკვია. თეორიულად ვიცი, რომ, სავარაუდოდ, რაღაც სხვა ამბით გულნატკენმა წამოისროლა ის სიტყვები, მაგრამ გრძნობა, რომელიც იმ სიტუაციამ დამიტოვა, იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა, რომ დღემდე კომფორტის ზონაში ვრჩები და არ ვცეკვავ. სამაგიეროდ, ვერავინ მეტყვის, რომ ვცანცარებ.
  2. რადგან კომფორტის ზონა უკვე ვახსენეთ, განვავრცოთ. ამ ზონის საზღვრები მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიმოქმედოთ კარგად ნაცნობი გზებით. სწორედ ამიტომ, ადამიანს ურჩევნია, დარჩეს შეუმჩნეველი — ასე კრიტიკის არიდება ყველაზე მარტივია. ასეთ საქციელს მივყავართ მოსაწყენი, შეზღუდული დიაპაზონისკენ. ადამიანი არ ეჭიდება სიახლეს და, შესაბამისად, ვერ ვითარდება.
  3. არ გვასწავლიან, რომ შეცდომა უკეთესობისკენ სვლის შესაძლებლობაა და არა თვითგვემის საგანი. სწორედ ამიტომ, პირველივე კრახის შემდეგ, ხშირად ადამიანი საკუთარი თავის რწმენას კარგავს და უბრალოდ ფარ-ხმალს ყრის.
  4. თვითშეფასებაზე საუბარს, ალბათ, ცალკე დროსაც დავუთმობ, მაგრამ ახლაც უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი აღიარების მოპოვების მწვავე სურვილისა თვითშეფასების დაბალი დონეა. საინტერესოა ამ საკითხის მიმართ კაფკასეული მიდგომა — მისი აზრით, საკუთარი თავის სათანადოდ ვერ-დაფასება იგივეა, რაც გარშემომყოფებზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა. ამ პრობლემის შედეგზე საუბარი საჭირო აღარცაა, საკუთარი თავის დაბალ ღობედ მიჩნევაზე უარესი რა შეიძლება საკუთარ თავს დაუშავო?

  რა უნდა გავიაზროთ

  1. შენს ცხოვრებაში 2 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია - დაბადება და სიკვდილი. პირველზე შენ მაგივრად სხვები, ანუ მშობლები ზრუნავენ. ეს ზრუნვა იქამდე გრძელდება, სანამ, როგორც ამბობენ ხოლმე, ჭკუაში ჩავარდები. ამ მომენტიდან საკუთარ თავზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თანდათან მთლიანად შენს ხელში ექცევა. მხოლოდ შენი პრეროგატივაა სიცოცხლის ხაზის ბოლოს უკან მოიხედო და კმაყოფილება იგრძნო. ამ დროს იქ არ იქნებიან ადამიანები, რომლებისაც გერიდებოდა და ამ მორიდების გამო უარი თქვი საკუთარ სურვილზე, ამ დროს მიხვდები, რომ მლიქვნელობით ნათქვამ არცერთ სიტყვას არ მოუტანია შენთვის ბედნიერება.
  2. საკუთარი ცხოვრების საჭესთან სხვა არ უნდა დააყენო. სხვა შენთვის ბევრს არ გაიმეტებს, ან, უარეს შემთხვევაში, შეიძლება, მობეზრდეს კიდეც და უგზოუკვლოდ მოგისროლოს.
  3. ზედმეტი კონკურენტი არავის სჭირდება. თუ წარმატების მისაღწევად არაფერს მოიმოქმედებ - შენთვის მის სროლას არავინ აპირებს. კომფორტის ზონას ბოდიში მოუხადე და ხელი დაუქნიე.
  4. არ გეწყინოს, მაგრამ საზოგადოებას, რომელსაც ანგარიშს უწევ, კიდიხარ. ყველა ადამიანი საკუთარ საფიქრალშია ჩაძირული, ნუ გგონია, რომ ვინმე თავისი დღის ერთ პროცენტზე მეტს დახარჯავს შენზე ფიქრში. შენი სამყარო შენ გარშემო ბრუნავს და შეცდომით გგონია, რომ ღერძი სხვებისთვისაც შენ ხარ - მე ყველაზე მეტად ჩემი თავი მაინტერესებს. თუ ჩემ თვალწინ წაიქეცი ან პრეზენტაციაზე რაღაც შეგეშალა, სავარაუდოდ, ეგ ფაქტები მალე აღარც მემახსოვრება. წარმატებას თუ მიაღწიე, მოგილოცავ და ეგეც მალე დამავიწყდება. რას იზამ, მე ჩემი საქმე მაქვს.
  5. საზოგადოება მრავალფეროვანია. ყველას ვერ მოეწონები. მე რომ იმაზე მეფიქრა, ნინიკოს რა მოეწონება, ან იმაზე, ქეთი რა შენიშვნას მომცემს, ამ სტატიას ვერც დავასრულებდი ( საერთოდ თუ დავიწყებდი). უბრალოდ გააკეთე ის, რაც გულით გინდა და გააკეთე ხარისხიანად.
  6. არ შეადარო საკუთარი თავი სხვებს. შენზე წინ ყოველთვის იქნება ვიღაც, ამის გამო ცხოვრების შეწყვეტა კი ნამდვილად არ ღირს. ნუ მოგერიდება სიმღერა მარტო იმის გამო, რომ თათას ეს შენზე უკეთ გამოსდის.

და ბოლოს,

  1. იმუშავე საკუთარ თავზე. წაიკითხე შთამაგონებელი ციტატები. უყურე ფილმებს, რომლებიც დადებით ემოციებს აღგიძრავენ. უსმინე მუსიკას, რომელიც გაბედნიერებს. ყოველ დილით, სარკეში ჩაიხედე და საკუთარ თავს უთხარი, რომ ძალიან გიყვარს.

   ღმერთმანი, მაინც ვერ გავიხსენე, სტატია როგორ უნდა დამეწყო.

 


 

ფუ, რა ინტროვერტი ხარ!

sapnu puas

კომენტარები