არა იპარო - ანუ რატომ არის გადასახადები ყაჩაღობა

( სიტყვა)

ბავშვობაში დედაჩემი მკაცრად მაფრთხილებდა ხოლმე, სხვის ნივთს უნებართვოდ არ შეეხოო, - როგორც ჩანს, ეს ბანალური და ტრივიალური მითითება არც ისეთი ერთაზროვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

    

ლიბერტარიანელების აზრით (რომელთა საპატიო რიგსაც მეც მივეკუთვნები), „გადასახადები ყაჩაღობაა“ - ისინი ავითარებენ ნარატივს, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები ერთ და იმავე მორალურ სტანდარტებს უნდა დავუქვემდებაროთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და 

    

რატომ არის გადასახადები ყაჩაღობა?

   

წარმოიდგინეთ, რომ მაქვს საქველმოქმედო ფონდი, შემოსული თანხებით კი ვეხმარები უსახლკარო ბავშვებსა და ღარიბ ოჯახებს. თუმცა, არც ისე ბევრი ადამიანი აკეთებს შემოწირულობას ნებაყოფლობით, ამიტომ მშიერი ოჯახები გამოუკვებავი რჩება. პრობლემის მოსაგვარებლად გავდივარ ქუჩაში და ადამიანებს, რომლებიც მდიდრულად გამოიყურებიან, შუბლზე იარაღის მიბჯენით ვთხოვ ფულს. შეგროვებულ თანხას მთლიანად ვწირავ ფონდს - უსახლკარო ბავშვები და ღარიბი ოჯახები გამოკვებილია.

    

მგონი პრობლემას ყველა ვხედავთ, მე ყაჩაღი ვარ. რატომ? იმიტომ, რომ სხვისი ფული უნებართვოდ, ძალდატანებით ავიღე. - სწორედ ეს უკანასკნელია სიტყვა „ყაჩაღობის“ განმარტება და ამას ვერსად გაექცევით. „კი მაგრამ, შენ ხომ ფული გაჭირვებულების დახმარებას მოახმარე, როგორ არის ეს ყაჩაღობა?“ - რა მნიშვნელობა აქვს რას მოახმარე თანხა? შეიძლება ეს იყო სოციალურად სასარგებლო ყაჩაღობა, მაგრამ მაინც იყო ყაჩაღობა.

    

ეს შემთხვევა ზუსტად აღწერს სახელმწიფოს მიერ გადასახადების აკრების სისტემას. მთავრობა გეუბნება, რომ შენი შემოსავლის გარკვეული ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანო და თუ ამას არ გააკეთებ, დაქირავებული იარაღიანი ადამიანები მოვლენ და გალიაში გამოგკეტავენ. სახელმწიფო ფულს ნებართვის გარეშე, ძალით გვართმევს - გადასახადები ყაჩაღობაა და ეს დასვკნა იმ ფაქტით არ იცვლება, რომ სახელმწიფო გადასახადებს საყოველთაო სიკეთის შესაქმნელად (თუ საერთოდ აკეთბს ამას) იყენებს.

     

   

International Revenue Service-ს შტაბ-ბინას ოლივერ ვენდელ-ჰოლმსის (არ გაგიგია? არაუშავს, ბევრი არაფერი დაგიკარგავს) ციტატა ამშვენებს: „გადასახადები ფასია, რომელსაც ცივილიზაციისთვის ვიხდით“  - ეს და სხვა

    


არგუმენტები, რომლებიც „სახელმწიფოს მომხრეებს“ აქვთ:

    

„გადასახადები ქურდობა არ არის, მოქალაქეები თანხმდებიან გადასახადებზე და ეს ასახულია „სოციალურ კონტრაქტში“, რომლის მიხედვითაც, ხალხი თანხმდება გადასახადებზე, ემორჩილება კანონს, სანაცვლოდ კი იღებს სახელმწიფო პროტექციას. როცა შენ იყენებ სახელმწიფო სერვისებს (გზებს, სკოლას, პოლიციას და ა.შ.) და ცხოვრობ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, შენ ავტომატურად თანხმდები და ხდები „სოციალური კონტრაქტის“ ნაწილი.“

     

სინამდვილეში, „სოციალური კონტრაქტი“ მხოლოდ თეორიათა ჯგუფია, ასეთი რამ არ არსებობს. სახელმწიფოს არასდროს დაუწერია და შემოუთავაზებია მსგავსი კონტრაქტი, არც არავის მოუწერია ხელი მასზე.

   

არგუმენტი, რომ თუ მთავრობის მიერ მოწოდებულ სერვისს იყენებ, უნდა გადაიხადო გადასახადები, ვალიდურია იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების იმ ნაწილს არ დავბეგრავთ, რომლებიც ამ სერვისებით არ სარგებლობენ (მაგალითად, შვილი დაჰყავთ კერძო სკოლაში და სხვ.) - თუმცა, სახელმწიფო ყველას ართმევს თანხას, განურჩევლად იმისა, იყენებს თუ არა კონკრეტული სუბიექტი საერთო სერვისებს.

    

ის, რომ ჩვენ სახელმწიფოს „ტერიტორიაზე“ ვცხოვრობთ, არ ნიშნავს, რომ ამისთვის საფასური უნდა გადავიხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფო საზღვრები სწორედ ქვეყნის ტერიტორიაა, მისი უდიდესი ნაწილი მაინც კერძო მფლობელობაშია. ანუ, თუ მე მაქვს მიწა და მას სხვა ადამიანები მოიხმარენ, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება მაქვს მოვთხოვო მათ თანხის გადახდა, ან ტერიტორიის დატოვება, მაგრამ თუ კი მეზობელთან შევალ და მას ფულს ან სახლის დატოვებას ვთხოვ, ეს ყაჩაღობა იქნება. ასე რომ, როცა სახელმწიფო ასეთ ინდისკრიმინანტულ, საყოველთაო ტაქსაციას ახდენს, იქცევა როგორც ყაჩაღი.

   

„გადასახადები არის ფასი, რომელსაც ვიხდით იმისთვის, რომ სახელმწიფომ მართლმსაჯულებისა და აღსრულების სერვისი მოგვაწოდოს. გადასახადების გარეშე სახელმწიფო არ იარსებებდა, მთლიანი სოციალური წყობა ჩამოიშლებოდა და ფულს საერთოდ ვერ იშოვიდი. ტაქსაცია ყაჩაღობა არ არის, რადგან ქურდები ღირებულ სერვისებს არ გთავაზობენ, რომლითაც შენ ფულს შოულობ (შემდეგ კი ამ ფულის მცირე ნაწილს გართმევს).„

    

წარმოიდგინე, რომ შუბლზე იარაღს გადებ და გართმევ 20 ლარს. წასვლამდე, სანაცვლოდ გიტოვებ წიგნს. მოგვიანებით, როცა იარაღის გარეშე მნახავ, შეგიძლია დამიძახო ყაჩაღი და მომთხოვო შენი ფული უკან, თუმცა მე გიპასუხებ „მე ქურდი არ ვარ, სანაცვლოდ ღირებული რაღაც დაგიტოვე“. მართალია, შენ არასდროს გითხოვია წიგნი, თუმცა მერწმუნე, კარგი წიგნია, 20 ლარზე ძვირფასია. თუ ეს კომენტარი დამაბნევლად ჟღერს, დავაზუსტებ, რომ არ აქვს აზრი რა დაგიტოვეთ მე სანაცვლოდ და არის თუ არა ეს ნივთი მართლაც 20 ლარზე ძვირფასი. მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მე თქვენი ფული ნებართვის გარეშე, ძალდატანებით ავიღე. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად იხეირეთ თქვენ ჩემს მიერ დატოვებული ნივთით. შეიძლება, წაიკითხეთ, მოგეწონათ და ამ წიგნის წყალობით უკეთესი პიროვნება გახდით, ვიდრე აქამდე იყავით - თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მე ყაჩაღი ვარ.

    

მორალი: სხვა ადამიანის ქონების უნებართვოდ მითვისება ყაჩაღობაა, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი ბენეფიტი მოუტანეთ ამ საქციელით „ბენეფიციარს“.

  

 

„შეუძლებელია სახელმწიფო იყოს ქურდი, რადგან სწორედ სახელმწიფო განსაზღვრავს საკუთრების უფლებას კანონის მეშვეობით. მთავრობას შეუძლია დაწეროს კანონი, რომლის მიხედვითაც ფული, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში უნდა გადააგზავნო (გადასახადი), რეალურად შენი არ არის და ქვეყანას ეკუთვნის.“

    

გასაგებად მარტივი რომ გავხადოთ, არგუმენტი ორ ნაწილად დავყოთ და მათი სათქმელი გამოვყოთ.

   

1) არ არსებობს საკუთრების უფლება სახელმწიფოს გარეშე,

2) მთავრობას შეუძლია შექმნას საკუთრების უფლება უბრალოდ კანონის დაწერით.

    

წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო და შემთხვევით, წააწყდით უკაცრიელ კუნძულს, რომელზეც არცერთი ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდება. აქ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც თავისივე დამზადებული შუბით ნადირობს. შენ მოგეწონა მისი სანადირო იარაღი და გადაწყვიტე, რომ კუნძულის დატოვებისას თან გაიყოლო. არ ვიქნები მართალი, თუკი თქვენ ამ საქციელის გამო ქურდს დაგიძახებთ? - ეს ამტკიცებს, რომ არგუმენტი 1 უსაფუძვლოა.

    

განვიხილოთ მეორე ნაწილი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მონა მეცხრამეტე საუკუნის ტექსასში. გადაწყვიტეთ, რომ გაიქცეთ ტყვეობიდან თქვენი ბატონის ნებართვის გარეშე. თუ არგუმენტი 2 მართალია, თქვენ არღვევთ ბატონის უფლებებს თქვენი თავის მოპარვით, რადგან თქვენ არღვევთ კანონით განსაზღვრულ საკუთრების უფლებას - ეს აჩვენებს არგუმენტი 2-ის აბსურდულობას.

   

 

დასვკნა


რა გამოდის, თუ გადასახადები ყაჩაღობაა, ანუ უნდა გავაუქმოთ? არა. ზოგიერთი ქურდობა შეიძლება გამართლებული იყოს, ანუ თუ შენ შიმშილისგან კვდები და მაღაზიიდან პურს მოიპარავ, შესაძლოა ამის გამო არავინ განგკიცხოს. შესაბამისად, სახელმწიფოც შეიძლება გავამართლოთ გადასახადების აკრეფაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს უდიდესი ზიანის თავიდან ასაცილებლად შეიძლება კეთდებოდეს (მაგ.: უცხო ქვეყნების ოკუპაციისგან თავდასაცავად - თუ გადასახადები არ იქნება, არ იქნება ჯარი, შესაბამისად, ქვეყანა იქნება დაუცველი).

    

მაშინ რა აზრი აქვს იმას, რომ გადასახადები ყაჩაღობაა და საერთოდ, რატომ დავწერე 800 სიტყვიანი ტექსტი? როგორც უკვე ვთქვი, ზოგიერთი ქურდობა შეიძლება გამართლებული იქნეს, თუმცა უმეტესი მათგანი - გაუმართლებელია, ანუ ძალიან კარგი მიზეზის გარეშე ქურდობა მიუღებელია. რა სახის ყაჩაღობაა მისაღები სახელმწიფოსგან და რა სახის არა, ეს ამ სტატიის შინარსს ცდება, თუმცა მაინც ვეცდები მცირედ შევეხო ამ საკითხს.

    

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გადასახადები ყაჩაღობაა“ ნარატივის საყოველთაოდ მიღება, გადასახადების აკრეფის სტანდარტებს აწევს, ანუ როცა მთავრობა გადაწყვეტს ხალხის ფულით რაიმე პროგრამის დაფინანსებას, (მაგ: საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დაფინანსებას) ისინი იკითხავენ უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეს სფერო სახელმწიფოს მიერ, თუ პასუხი არის არა - მაშინ გადასახადი შემცირდება და ხალხის ფული მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მოწოდებაში დაიხარჯება (მაგ: ჯარი, წარმომადგენლობითი ორგანო და სხვ.)

   

კომენტარები