რატომ აღარ მეშინია აცრების

( სიტყვა)

ერთი ძალიან კარგი რამ რაც დღევანდელ სამყაროში გვაქვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. ანუ, დღეს, შენთვის საინტერესო თემაზე ინფორმაციის მოძიება და საკითხში გარკვევა, ძალიან მარტივად, დაგუგლვით შეგიძლია. ჰო და მეც, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება არ მაქვს, უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა წავიკითხე აცრების ავკარგიანობაზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ინექციები აუცილებელია. როგორც მიხვდით, ამ ეტაპზე, ჩემს შვილს ყველა კალენდარული აცრა გაკეთებული აქვს და მომავალშიც აუცილებლად ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ ჩემი შიშები მეც მქონდა..

    

აი, რატომ  აღარ მეშინია აცრების

   

სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, პირვეელად მარტო რომ დავრჩი ბავშვთან, მაშინ ვიგრძენი როგორ შემზარავად მძიმეა მშობლის ხვედრი,  განსაკუთრებით იმ გოგოსთვის, აქამდე საკუთარ თავსაც რომ ვერ პატრონობს. მეორე გოგო ჩამბარდა, უსუსური ვიღაც, რომელის ბედიც, სანამ წამოიზრდება, მთლიანად ჩემს გადაწვეტილებებზეა დამოკიდებული.. აი, თავისუფლების გულისრევაც სწორედ ეს არის და არა უფსკრულისპირა ფიქრები.. სამი წლის შვილი მყავს და აცრებზე ატეხილი აჟიოტაჟი ჩემთვის ძალიან ახლობელი თემაა. უამრავი ინფორმაცია ირევა, ერთნი გვირჩევენ ინექციებს, მეორენი სასტიკად ეწინააღმდებიან, ძალიან რთულია ამ ამბებში ტყუილ-მართლის გარჩევა, როცა გამოუცდელი ხარ ხომ საერთოდ, მუდმივად გეშინია ყველაფრის...

   

სულ რამდენიმე საათის გაჩენილი მყავდა ტასო, როცა  ექიმი დამადგა თავზე, _ბავშვს აცრა უნდა გავუკეთოთ, ფასიანს ირჩევთ თუ უფასოს? არცერთი წამით არ დავფიქრებულვარ,- ფასიანი, რა თქმა უნდა, მეთქი...

   

ყველა აცრა კერძო კლინიკაში, საკმაოდ სოლიდურ თანხად გავუკეთე, ძალიან მარტივი არგუმენტით, რომ ფასიანი მაინც უფრო ვალიდურად ჟღერს და თუკი შემიძლია შვილისთვის საუკეთესო ამოვირჩიო რატომ უნდა დავიხიო უკან?!....

   

და მაინც, რატომ ვირჩევ ფასიან აცრას, როცა სახელმწიფო აფინასებს იმუნიზაციის კურსს? იმიტომ, რომ არ ვენდობი, ან იქნებ იმიტომ, რომ მერკანტილურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ფულით ისაზღვრება, ფასიანსა და უფასოს წინასწარ შექმნილი ასოციაციაციები ახლავს თან. შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო, გეტყვის ტვინი და შენც უკეთესი ის გგონია, რასაც ფასი ადევს. ასეა თუ ისე, მეც მეშინოდა, ისევე როგორც ყველა იმ ქალს, ვინც სხვადასხვა მიზეზით აცრებს არიდებს თავს. ზოგს აცრების მიერ დაავადებების პროვოცირება აშინებს, ზოგი გარკვეული რელიგიური შეხედულებებით ხელმძღვანელობს. უამრავი სხვადასხვა შეხედულება არსებობს რომელიც აქეთ-იქიდან თავს გვესხმის და ჩვენც გვეშინია, გვეშინია იმ უსუსურების გამო, ვისი მომავალიც ჩვენი გადაწყვეტილებებით შენდება..

   

შიშს პირველ რიგში გაურკვევლობა წარმოშობს, ცოდნა კი  საუკეთსო იარაღია გაურკვევლობის წინააღმდეგ, ამიტომ ამ სტატიაში მინდა გაგიზაიროთ აცრების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო წყაროებიდან ამოვკრიბე, გადავამოწმე ჩემს პედიატრთანაც და მივედი დასკვნამდე, რომ აცრები აუცილებელია.


 

რა არის, და როგორ მუშაობს ვაქცინა?

   

ვაქცინა მიკრობებისგან მიღებული პრეპარატია რომლითაც ცრიან ადამიანებსა და ცხოველებს, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ის, პირველად, 1796 წელს ინგლისელმა ექიმმა, ედუარდ ჯენერმა გამოიყენა ყვავილის ეპიდემიის პროფილაქტიკისათვის.

სამეცნიერო ტერმინოლგიას რომ შევეშვათ და მარტივი ენით ავხსნათ, წარმოიდგინეთ თქვენ დგახართ ახალი პრობლემის წინაშე, არ იცით როგორ მოიქცეთ თავგზა გებნევათ, თუ პრობლემის გადალახვა ერთხელ შეძელით, როცა მსგავსი სიტუაცია ისევ განმეორდება, უკვე იცით როგორ მოიქცეთ და მარტივად უმკლავდებით მას. ორგანიზმიც ამ პრინციპით მუშაობს, საგანგებოდ დასუსტებული ბაქტერიის შეშვებით, ვაქცინა ქმნის ავადმყოფობასთან ბრძოლის მეხსიერებას, შესაბამისად უმუშავდება ბრძოლის ტაქტიკაც. 

   

განირჩევა ვაქცინის რამდენიმე ტიპი:

  

ცოცხალი- წარმოადგენს სპეციალურად დასუსტებული მოკროორგანიზმებისგან შექმნილ პრეპარატს, რომელსაც დაავადების გამოწვევის უნარი არ აქვს, მაგრამ შეუძლია ორგანიზმზე მცირე სტრესის მოხდენა იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.  როგორც წესი, ცოცხალი ვაქცინის გამოყენების შემდეგ გამომუშავდება დაავადების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტი.

   

დახოცილი - მზადდება დახოცილი მიკრორგანიზმებისგან, ამგვარი ვაქცინების დაცვითი ფუნქცია მცირეა, იმუნიტეტის განვითარებისთვის კი, იმუნიზაციის სრული კურსია საჭიროა.

   

ქიმიური - ბაქტერიული უჯრედებისგან ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერება, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის გამომწვევი ძირითადი კომპონენტები. ამ ტიპის ვაქცინებს იყენებენ მუცლის ტიფის, ბ ჰეპატიტის, რიკეტსიოზების წინააღმდეგ.

   

არსებობს როგორც ერთი,(მონოვაქცინა)  ასევე ორი ან მეტი ინფექციის საწინააღმგეგო ვაქცინა(პოლივაქცინა). ვაქცინის ორგნიზმში შესაყვანად სხვადასხვა მეთოდები არსებობს: კანის ზედაპირიდან, კანქვეშ, პირისა და ცხვირის ღრუში, ან კუნთში, მეთოდების სხვადასხვაობა განპირობებულია ინფექციის ტიპებით.

    

ამჟამად, ეროვნულ კალენდარში 10  აცრაა, მათ შორის რამდენიმე  პოლივაქცინა. ორი ინექცია( ტუბერკულიოზისა და ჰეპატიტის) სამშობიაროშივე უტარდება ჩვილს, დანარჩენები კი ასაკობრივი კალენდრის მიხედვითაა გადანაწილებული.

  

      

ვაქცინამდე და ვაქცინის შემდეგ - მილიონობით გადარჩენელი სიცოცხლე


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ტუბერკულიოზის, პოლიომელიტის, დიფთერიის, ტეტანუსიის, ყივანახველასა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით გადარჩენილია 2,5 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლე.

 

ვაქცინაციის საშუალებით, წითელათი გარდაცვალების შემთხვევებმა 84 პროცენტით იკლო 2000-2016 წლების განმავლობში.

 

1988-2017 წლების პერიოდში პოლიომიელიტის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 99%-ით.  16 მილიონამდე ადამიანია გადარჩენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევვებისაგან. დაავადების გავრცელება შეჩერებულია ყველა ქვეყანაში, ავღანეთის, პაკისტანისა და ნიგერიის გარდა.

 

2002 წელს ევროპის რეგიონი გამოცხადდა პოლიემილიტისგან თავისუფალ ზონად.. გადარჩა ასეულობით ბავშვის სიცოცხლე. ნეონატალური ტეტანუსით გარდაცვალების შემთხვევები 1988 წლიდან შემცირდა მინიმუმადე, ვაქცინააციით გადარჩა 731 000 ადამიანის სიცოცხლე. მსოფლიოში, იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად, სულ მცირე, გადარჩენილია 3 მილიონი ბავშვის სიცოცლხლე. ამას გარდა ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი გადარჩენილია სიბრმავის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებისგან.

   

 

   

რატომ გვეშინია აცრის?

   

აცრების შესაძლო უკუეფექტებზე პირველი მნიშნელოვანი სკანდალი 1998 წელს მოხდა, როდესაც ექიმმა ენდრიუ უიკფილდმა გამოქვეყნა კვლევა, სადაც ის ვარაუდს გამოითქვამდა რომ MMR(წითელა, წითურა, ყბაყურა) აცრა შესაძლოა აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო. კვლევა მედიასაშუალებებმა მასობრივად გააშუქეს, რამაც მშობლებში შიში დათესა. მოგვიანებით კვლევებმა და ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ექიმის ნაშრომი ტყუილზე იყო დაფუძნებული, მას პირადი ინტერესი ამოძრავებდა და, რაც მთავარია, მისი დასკვნის სიმცდარე რამდენიმე სპეციალისტის კვლევამ აჩვენა. შედეგად, უიკფილდს ბრიტანეთში ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს.

   

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა სამეცნიერო წრეების მხრიდან არაერთი საპასასუხო გამოკვლევით გაბათილდა, მრავალ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთანაც, დღემდე არსებობს შიშები მმრ- ის ვაქცინის მიმართ, ამას სხვადასხვა ნაკლებ პროფესიონალი ექიმების მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა, მეცნიერულად დაუდასტურებელი შიშებიც დაემატა და ბევრი მშობლის თვალში აცრების დემონიზება მოხდა.

  

დაავადებების პროვოცირების გარდა, საქართველოში აქტიურად განიხილება აცრებისა და მეორედ მოსვლის თეორიის კავშირი, ზოგ მშობელს სჯერა, რომ აცრებით ბავშვების დატვიფვრა ხდება ანტი ქრისტეს ნიშნით, რაც მათი წარწყმედის წინაპირობაა. ასევე, ხშირია უნდობლობა სახელმწიფოს მიმართ, მსმენია თეორია, რომ აცრით განგებ ხდება ბავშვის დაავადება, რადგან სამედიცინო და ფარმაცევტულ ბიზნესთან შეკრულ სახელმწიფოს ავადმყოფი ბავშვების სიმრავლე ბიზნესად მიაჩნია.

   

უნდობლობას იწვევს ბაზარზე ორი სახის,- ფასიანი და უფასო აცრის არსებობაც. როგორც დასაწყისშივე ვახსენე, ბავშვებისთვის  ფასიან და უფასო პროდუქტად დიფერენცირებული წამალი, მშობლების სამართლიან ეჭვს აჩენს, რომ უფასო კარგი არაა, ამიტომ თუ თანხის გადახდა არ შეუძლია, აცრისგან თავის შეკავებას არჩევს...

   

  

როგორ და რატომ  არ უნდა შეგვეშინდეს

   

1 ვიცოდეთ სიმართლე- ბევრი გენეტიკური დაავადება ბავშვობაშივე იჩენს თავს. ამ ასაკში ძირითადად ყველაზე სერიოზული სამედიცინო მანიპულაცია აცრაა, ამიტომ ხშირად არასწორად ხდება კავშირების დაჭერა. სინამდვილეში ეს დაავაადებები ვაქცინის გარეშეც იჩენდა თავს.

   

2 კიდევ ერთი გავრცელებული, მცდარი აზრი ტოქსინებს შეეხება, რომელიც თითქოს ბავშვის ორგანიზმში ვაქცინასთან ერთად შედის. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის პროგრამაში ჩაშვებული ვაქცინები ტოქსინებისგან თავისუფალია, ან მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ზიანის მიყენება არ შეუძლია.

   

3 ნონსენსია, იმის რწმენა, რომ ვაქცინაციით ბავშვი შესაძლოა ფარულად იტვიფრებოდეს ანტიქრისტეს ნიშნითაც. ამის გასაბათილებელი არგუმენტი, თავად ქრისტიანული რელიგიის მთავარ თეზაში დევს - არჩევანისა და ნების თავისუფლებაის უზენაესობა! უდიდესი უსამართლობა იქნებოდა, ღმერთი ადამიანებს მათი არჩევანის გარეშე სწირავდეს დასაღუპად!

   

4 ვაქცინაციის შედეგად, შემცირებული ეპიდემიური დაავადებების რიცხვი საქართველოში და მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დაკლებული ჩვილთა სიკვდილიანობა,  ბოროტი, ბავშვების მკვლელი ბიზნესმენის როლსაც აბათილებს.

   

5 ფასიანი და უფასო აცრები ჩემი აზრითაც უდიდესი პრობლემაა. ამ მხრივ, ვფიქრობ ბაზარს დაარეგულირებს,  ახალი კანონპროექტი რომელიც აცრებს სავალდებულოს ხდის, რადგან  სახელმწიფო საკუთარ თავზე ვალდებულებას იკისრებს, სხვა ტიპის, „უკეთესი“ პრეპარატის არსებობა, მის რეპუტაციას შელახავს და მშობლებს უკმაყოფილებისა და დავის საბაბს დაუტოვებს, ამიტომ, ვფიქრობ  პოლიტიკა შეიცვლება და ხარისხის კონტროლიც გაცილებით მაღალ სტანდარტებს მიაღწევს. მანამდე კი, მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს აცრის შემადგენლობის დეტალური ანოტაცია, რათა თავად დარწმუნდეს პრეპარატის ვარგისიანობაში. (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექიმები არ ვართ, ინტერნეტით ყველაფერზე შეიძლება ინფორმაციის დაზუსტება)

   

და ბოლოს, დედებო, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ თავად მოიძიეთ ლიტერატურა, შეაჯამეთ არგუმენტები და ბრმად ნუ მიენდოებით ყურმოკრულ ფრაზებს.

  

ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენ და თქვენს პატარებს <3

   

Mother of Dragon

კომენტარები