sapnu puas

( სიტყვა)

“საუბედუროდ, დაუჯერა ევამ ეშმაკსა, გადუდგა ღვთის მცნებასა, მოსწყვიტა აკრძალული ხილი და ჭამა.  თვალნი მათ მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ, იმათ დაინახეს თავიანთი სიტიტვლე და ერთმანერთისა შერცხვათ.” – (დაბ. 3, 1-7)

 

მომხდარს ვერსად გავექცევით, მტკიცებულებაც ხელთ გვაქვს - საკუთარი სიშიშვლის გვრცხვენია და მის საქვეყნოდ გამოფენას ვერიდებით. თუმცა ამ სირცხვილს სულაც არ დაუთრგუნავს ჩვენს გონებაში არსებული ლტოლვა სიშიშვლის მიმართ. სამოთხიდან გაძევებულმა ადამიანებმა სიშიშვლის ხანგრძლივი ისტორია შექმნეს. სულ სულ პირველყოფილები შიშვლები დატანტალებდნენ, ცოტა უფრო განვითარებულებმა ტანთ ცხოველის ტყავი და ბეწვი მოიგდეს. დროის გასვლასთან ერთად, სამოსი იცვლებოდა, თუმცა უცვლელი რჩებოდა ინტერესი სულ სულ პირველყოფილი მდგომარეობის, ანუ სიშიშვლის მიმართ. სწორედ ამიტომ, იქმნებოდა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც თავად სიშიშვლეს აშიშვლებდნენ. აი, მაგალითად, ძველ ბერძნებს ძალიან ესიმპატიურებოდათ ეს ყმაწვილი:

 

  

შემდეგ იყო რენესანსი...

 

  

საგრძნობლად  იმატა სიშიშვლის კოეფიციენტმა უახლეს ისტორიაში. მას შეხვდებით ჟურნალებისა თუ მუსიკალური ალბომების გარეკანზე, ფილმებსა და ვიდეოკლიპებში. მაგალითისთვის გავიხსენოთ ქეითისა და ნაომის დუეტი:

 

 

მოვრჩეთ ლაქლაქს - ზემოთ წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს ამ სტატიაში მხოლოდ ასისტენტების როლი აქვთ - ისინი მეხმარებიან თანდათან შემოვაპარო თემა, რომელსაც ამ სტატიას ვუძღვნი. დაუბრუნდით სტატიის სათაურს, ამოაყირავეთ 180˚-ით დააა... ჰო, ჰო, აქამდეც გაგიგიათ - send nudes.

 

ამ ფრაზამ, დიდი ხანია, ინტერნეტი (და მრავალი ჩვენგანის ინბოქსი) დაიპყრო, თუმცა მათთვის, ვისაც მეტი ინფორმაცია სჭირდება:- nude (ქართულად ნუდს ვეძახით ხოლმე) არის ფოტო, რომელზეც პიროვნება შიშველია, ხოლო ფრაზა, “send nudes,” ასეთი ფოტოების გაზიარებას ითხოვს. საილუსტრაციოდ ემილი რატაჯკოვსკის (იმედია, ასე წარმოითქმის) ნუდს შემოგთავაზებთ:

 

  

აი, ვითომ ხომ არაფერი, რას აშავებს ერთი ჩვეულებრივი ნუდი - ადამიანს საკუთარი სხეული მოსწონს და ამას ფოტოზე აფიქსირებს. თანაც, დღეს ამისთვის არც საათობით, მხატვრის წინ, ერთ პოზაში ჯდომა გჭირდება, და არც პროფესიონალურ ფოტოსესიებზე ფულის ხარჯვა - გაიხადე, აიღე ტელეფონი და ჩხაკ (ან ჩხუკ)!

 

ახლა, როცა ნუდი გაქვს, უნდა გადაწყვიტო, რას უზამ. შეგიძლია, მომავლისთვის შემოინახო - კანი რომ ჩამოგეშვება, ფოტოს გახსნი და გაიხსენებ, რა ლამაზი იყავი ოდესღაც, ან, შეგიძლია, ვინმეს გაუზიარო.

 

ზუსტად გაზიარებიდან იწყება სირთულეები. მას შემდეგ, რაც send-ს დააჭერ, ნუდი მხოლოდ შენი კუთვნილება აღარ არის და მისი არსებობით გამოწვეულ შედეგებზე კონტროლიც უკვე არა მარტო შენს ხელთაა.

 

წარმოიდგინე, ადამიანს იმდენად ენდობი, რომ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოს უგზავნი და ერთ დღესაც ეს ადამიანი შენივე ფოტოების გავრცელებით გემუქრება. ის, რაც შენ მხოლოდ მას გაუზიარე, შეიძლება, შენი ნების საწინააღმდეგოდ, ყველამ ჩაიგდოს ხელში. პანიკა გიპყრობს, კარგავ ნდობას ადამიანებისადმი, ყველაზე საშინელ ვარიანტებს განიხილავ, ვერ იჯერებ, რომ ეს შენს თავს ხდება... ცდილობ, მოიფიქრო, როგორ უნდა აუხსნა დედას, მამას, ნათესავებს, მეზობელსა თუ მეზობლის მაზლს...

 

სამწუხაროდ, საზოგადოება აღვირახსნილობად ნათლავს ინდივიდის ყოველ თამამ ნაბიჯს, არ აღიარებს მის უფლებას საკუთარ სხეულზე და, თუ შანსი მიეცა, სიცოცხლის ბოლომდე თათხავს და ჭკუას არიგებს, ეს როგორ გააკეთეო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას ერთ დღეში ვერ შევცვლით, მარტივი არჩევანი გვაქვს - არ გავაგზავნოთ ნუდები ან გავაგზავნოთ მაქსიმალურად ფრთხილად.

 

  • პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ ეს კანონიერია. 18 წელს ქვემოთ ადამიანის შიშველი ან სექსუალური ფოტოების გაგზავნა, ფლობა ან გადაღება კანონით აკრძალულია, თუნდაც ორივე თანახმა იყოთ.
      
  • ამის შემდეგ დარწმუნდი, რომ კომფორტულად ხარ და საკუთარ ფოტოებს მეორე ადამიანის დაჟინებული თხოვნით არ აზიარებ. არავის აქვს უფლება, ნუდების გაგზავნა გაიძულოს.
     
  • დარწმუნდი იმაშიც, რომ ადამიანი, რომელსაც ნუდს უგზავნი, ნამდვილად სანდოა. დარწმუნებული ვარ, შენი პარტნიორი ძალიან საყვარელია, მაგრამ, შეიძლება, დაშორების შემდეგ ასეთი საყვარელი აღარ იყოს.
     
  • ნუ გამოაჩენ სახეს. არც მთლიანად გაშიშვლებაა აუცილებელი, რაღაც წარმოსახვისთვის დატოვე, ნუდის კონცეფციის დარღვევისთვისაც არავინ გიჩივლებს;
     
  • გამოიყენე აპლიკაციები - არსებობს პროგრამები, რომელთა საშუალებით გაგზავნილ ფოტოებს ადრესატი ვერ ‘დასქრინავს’ და ფოტო გარკვეული დროის შემდეგ წაიშლება. მაგალითად, Privates (აიფონისთვის), Signal (ანდროიდისთვის), bleep - ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის. შეგიძლია გამოიყენო ფეისბუქის მესინჯერის secret conversation, სადაც შენვე უთითებ, რამდენ ხანში უნდა წაიშალოს გაგზავნილი მესიჯი.
     
  • თუ ნუდის კომპიუტერში შენახვას აპირებ, აუცილებლად დაკეტილ ფოლდერში! ამის გაკეთება შეგიძლია ვინდოუსზეც და მაკზეც;
     
  • დარწმუნდი, რომ ნუდები ინახება მხოლოდ იქ, სადაც თავად შეინახე და რომელიმე პროგრამა შენი ფაილების ავტომატურ back up-ს არ აკეთებს (მაგალითად, Google photos, iCloud, Whatsapp და ა.შ.)
     
  • ყველა ამ უსაფრთხოების წესის დაცვა ასწავლე და მოსთხოვე ნუდების ადრესატსაც.
     
  • და ბოლოს, მოითხოვე საპასუხო ნუდები. შეიძლება, მომავალში თავდაცვისთვის გამოგადგეს.

ამ რჩევების გამოყენებით, შეძლებ, მეტნაკლებად დაიცვა თავი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივად ნუდების გარშემო ტრიალებენ და ცხოვრებას გირთულებენ.

 

  • ქამელეონი - ასეთ ადამიანთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. ურთიერთობის დასაწყისში ის შაქარივით ტკბილია, მაგრამ მოიპოვებს-რა ნდობასა და ნუდებს, ქამელეონივით იცვლება - ნუდები მძევლად აჰყავს და მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით იმუქრება;

    მოკლე მიმართვა ქამელეონს: ნუ იქნები ტ*აკი.
     

  • სიო - ქამელეონზე არანაკლებ საშიში პიროვნება. არც კი გაფრთხილებს,  სიოსავით დაქრის და თან შენს ფოტოებს ავრცელებს;

    მოკლე მიმართვა სიოს: ერთადერთი, რასაც ასეთი საქციელით მიაღწევ, ისაა, რომ ნდობას დაკარგავ და მეორედ ფოტოს ვეღარ მიიღებ; თან, სხვებიც შეშინდებიან და ნუდებს აღარავინ გადაიღებს.
     

  • დოდო დეიდა - დოდო დეიდას არაფერი მოსწონს, რაც ტრადიციის სახელით არაა    ცნობილი,     ამიტომ ვერც ნუდების არსებობას მიემხრობა და, მეტიც, მისი სპეტაკი აზრით, ყველა, ვინც გაბედავს და ტრადიციას ოდნავ მაინც გადაუხვევს, გათახსირებულია. დოდო დეიდა მხარში არ დაგიდგება, თუ ქამელეონი გიკბენს და არც მაშინ ეცდება შენს დახმარებას, როცა სიო დაგიბერავს;
     
  • ნამდვილი ვაჟკაცი - ენათესავება დოდო დეიდას. ფეხი თუ დაგიცდა, კი არ წამოგაყენებს, გეტყვის, ტ*აკი დაგეყენებინა და ეგ არ დაგემართებოდაო;

 

შეჯამება ყველა ნაშრომს უხდება ხოლმე:

 

1. ადამიანის სხეული ხელოვნების ნიმუშია და არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ საკუთარი სხეულის მშვენიერების ფოტოზე აღბეჭდვა გინდა - ამას ადამიანები ოდითგანვე აკეთებდნენ;

2. ნუ იქნები უმადური და ნუ გაავრცელებ ვიღაცის ნუდებს. დააფასე, რომ ის ვიღაც გენდობა.

3. თუ ვინმემ შენი ნდობით ბოროტად ისარგებლა, გაიძულა ნუდების გაგზავნა, გაგივრცელა ფოტო, ვიდეო, ან გემუქრება მათი გავრცელებით - აუცილებლად მიმართე სანდო ადამიანებს და შესაბამის უწყებებს დახმარებისთვის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება სისხლის სამართის დანაშაულია და მოძალადე არც ისეთი ძლიერია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს.

 

პოლიციას შეგიძლია დაურეკო ნომერზე 112, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: 116 111 ან 2 421 422.

 

ფუ, რა ინტროვერტი ხარ!

კომენტარები