37:0

( სიტყვა)

რედაქტორმა მითხრა, კაშიაზე თუ დაწერ რას ფიქრობ, კარგი იქნებაო. მეც მინდოდა დაწერა. ერთი კვირაა ვცდილობ უკვე, მაგრამ იმდენად დიდი ემოციები მაქვს კაპიტანთან დაკავშირებით და იმდენად ბევრი რამ მაქვს სათქმელი, რომ თავი ვერ მოვაბი. უბრალოდ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. ასე რომ, თუ შეამჩნიეთ რომ ნაწერი 17 წლის აჟიტირებული ბავშვისაა, მომიტევეთ.

 

კაპიტანს იმიტომ ვეძახი, რომ დინამოს კაპიტნობდა თავის დროზე. თორემ ნაკრების კაპიტანი რომ არაა, ვიცი. დინამოში ეგეთი კულტურაა. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა სად ხარ და რა გუნდის მაისური გაცვია. თუ ერთხელ მაინც მოხვდი კლუბში, აიღე დინამოელის პასუხისმგებლობა და გახდი ლურჯი, მუდამ ლურჯად ემახსოვრები შენიანებს თბილისში. (მთავარია, ტორპედოში არ გადახვიდე მათე ცინცაძესავით.)

 

კაშო დინამოელია. თავისი ძმის მსგავსად, აქ დაიწყო ფეხბურთის თამაში. აი ცისფერ-ხაზებიანი მაისური რომ გვქონდა, აწ უკვე ოლდ სქულ ლოგოთი, მაშინ უკვე გუნდის კაპიტანი იყო. არ ივიწყებს ამას და სულ ამბობს, რომ დინამოს დიდი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. დინამოს დღევანდელ და მაშინდელ მწვრთნელზე, კახი კაჭარავაზე აქვს ნათქვამი, გამორჩეულად დიდი წვლილი აქვს ჩემს განვითარებაში შეტანილიო.

 

 

 ფოტო: ბადრი კეთილაძე

 

ახლაც, სანამ ჰოლანდიიდან ამერიკაში წავიდოდა, ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყო, დინამოსთან ერთად ვარჯიშობდა. თამაშებზეც დადიოდა. ლოკომოტივთან დერბიზე ჩემს წინა რიგში იჯდა. იმ მომენტში ვიგრძენი, რამხელა ავტორიტეტი იყო კაშო. იქ ყოფნით ლოკომოტივის ყველა გულშემატკივარი გადაწონა (კი, ჰყავთ გულშემატკივრები). ის საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ტრიბუნიდან მინახავს - 4-4 ძირითად დროში, გარდამავალი უპირატესობა და პენალტების სერია. კაშოს გაწონასწორებულობას 120-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა მოუღო ბოლო. მისთვის ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. შოკში იყო რამდენიმე წუთი. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემი კლუბის ღირსებას კაპიტანი რომ იცავდა ჩემთან ერთად ტრიბუნაზე.

 

 

  

ფეხბურთი ჩემთვის უბრალოდ ბურთის გორაობა არაა. ისეთივე მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელის ინტელექტს, ფასეულობებს და სხვა ცხოვრებისეულ მახასიათებლებს, რამდენიც მის ბურთთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ბევრმა ალბათ გაიფიქრა, რას ბოდავსო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გამიგებს, ვის ცხოვრებაშიც ფეხბურთს დიდი ადგილი უჭირავს.

 

დიდებულად მოიქცა კაპიტანი. იცოდა, წინ რაც ელოდა, მაგრამ თანასწორობის იდეას მაინც არ უღალატა. დაიცვა თითოეული გულშემატკივარი, განურჩევლად იდენტობისა. სხვა უამრავი 90-იანების თბილისში გაზრდილი, ევროპაში მოთამაშე სპორტსმენი გვყავს, მაგრამ ასე საჯაროდ სამოქალაქო პოზიცია არავის დაუფიქსირებია.

 

სინამდვილეში სპორტსმენებს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის წინაშე, რადგან მათი აზრი ათასობით, ათიათასობით, ზოგჯერ მილიონობით ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი. ზოგი ამ პასუხისმგებლობას ისე ართმევს თავს, როგორც გურამ კაშია, ზოგი ამას ვერ ახერხებს და ამბობს არავისი საქმე არაა, როგორ მაისურებს ჩავიცვამთო.

 

საბოლოოდ, დღის წესრიგს ჩვენნაირ ქვეყნებში გურამისნაირი ადამიანები ადგენენ - ისეთი ადამიანები, რომლებსაც იდეის გამო შეუძლიათ კომფორტის ზონის დატოვება და საკუთარი და რაც მთავარია სხვისი ღირსების დაცვა. იმ ორკებთან დაპირისპირება, რომლებიც ყველაფერ ამორალურზე არიან წამსვლელები, ხშირად სარწმუნოების სახელითაც. მე თუ მკითხავ, რაც კაშომ ჯერ სამკლაურით, შემდეგ კი საკუთარი პოზიციის დაცვით უმცირესობებისთვის გააკეთა, არც ერთ საჯარო პირს არ გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

 

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

რომც არ ჰქონოდა კაშოს ძალიან წარმატებული კარიერა, რომც არ ყოფილიყო არნემის ლეგენდა და უბრალოდ ძალიან დადებითი ადამიანი, მხოლოდ ამისთვის იქნებოდა დასაფასებელი. და ის, რომ ღირებულებების და პრინციპების გამო თავისი საფეხბურთო კარიერის შეფერხებას, გულშემატკივრის სიყვარულის დაკარგვას და აგრესიას არ შეუშინდა, კიდევ უფრო დიდ ფეხბურთელად აქცევს მას.

 

მადლობა, კაშო, ყველაფრისთვის. 37:0 ჩვენს სასარგებლოდ.

 

მესია

კომენტარები