ზაფხულია, ცხელა, ცხელა...

( სიტყვა)

გთავაზობთ ტექსტის უკეთ გასაგებად არსებულ მინიშნებას - გელა=კაცი.

   

ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს, მაგრამ... ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გელა გქვიათ. აი, თუ არ გაგიმართლათ და დედამიწას მდედრად მოევლინეთ, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს - ზაფხულის თაკარა (მცხუნვარე) მზესთან გამკლავება თქვენთვის ორმაგად რთული იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე საზოგადოების მხრიდან ჩადენილ უდიდეს მზაკვრობასთან გვაქვს - ის პირდაპირ არ გიკრძალავთ ცხელი ამინდისთვის შესაბამისი სამოსის ტარებას, მაგრამ თუ გაბედეთ და საზოგადოების რომელიმე წევრისთვის მისაღებ სტანდარტს აცდით, მაშინ ის [საზოგადოება] უფლებას იტოვებს უშვერი სიტყვებით გლანძღოთ, ქუჩაში მავალი, თვალებით გჭამოთ, ხელი, სადაც მოუნდება, იქ მოგითათუნოთ, და, თუ თქვენ ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი გაგიჩნდათ, ერთი კარგად შეგჯოროთ - შენ არ იყავი, შორტი რომ გეცვაო?

  

შეხლა-შემოხლა ჩემსა და საზოგადოებას შორის, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა უდარდელი ბავშვი მეთქმოდა. მოქიშპე ისევე ხარბად მათვალიერებდა, როგორც მტაცებელი - ნადავლს. ასეთ დროს, ტელეპატიური ნიჭის მფლობელი ხდები და გამვლელთა აელვარებულ თვალებში ყოველ ავხორც ფიქრს კითხულობ და იძაბები... ვისმენდი ვულგარულ შეძახილებს, ვხედავდი, როგორ მაფიქსირებდნენ უცხო ადამიანები კამერით, სხეულზე შეხებასაც ვგრძნობდი ხანდახან და როცა კოპებშეკრული საყვედურს ვამბობდი, საზოგადოებას ჩემი უკმაყოფილება სიცილადაც არ ყოფნიდა. შორტის ჩაცმა რომ დანაშაულის ტოლფასი იყო, საბოლოოდ მაშინ მივხვდი, როცა 14 წლის, ქალაქის ქუჩებში მეგობართან ერთად ვსეირნობდი და პატრულის მანქანიდან ტყვიებივით გამოვარდა სიტყვები: ‘ხო არ გაგაკატაოთ, გოგონებო?’ სამართალდამცავთა დამცინავი მზერა ფეხებზე ისე შემომეკრო, ყელში გაჩხერილი ბრაზის ამოგდება ვერც მოვასწარი. საბედნიეროდ, ჩემს ოჯახს ყოველთვის ესმოდა, რომ პრობლემა ჩემი შორტის სიგრძესთან კი არა, საზოგადოების ანომალიურ ხედვასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მამხნევებდნენ და მეც შედარებით უკეთ ვუმკლავდებოდი ყოველდღიურ თავდასხმებს.

     

გასულმა ზაფხულმა ბევრი რამ შეცვალა. 18 წლის მე მამამ გარეთ გასვლისას გამაჩერა და მთხოვა, შორტი გაიხადე და რამე უფრო გრძელი ჩაიცვი, არ იფიქრო, რომ არ გიხდება, უბრალოდ უკვე დიდი გოგო ხარ, ხალხს ბევრი რამ არასწორად ესმის, მე კი არ მინდა, ვინმემ შენზე რამე ცუდი თქვას ან პრობლემა შეგიქმნასო. გულში რაღაც ჩამწყდა. მივხვდი, რომ საზოგადოებამ დამამარცხა, რადგან იმ დღის შემდეგ, შორტი აღარ ჩამიცვამს. მკითხველთა შორის, აღმოჩნდება ის, ვინც მკითხავს - იქნებ, მართლა ძალიან მოკლე შორტი გეცვაო? მე კითხვათა დასტით ვუპასუხებ - ვინ ადგენს წესებს ტანსაცმლის სიგრძესთან დაკავშირებით? ან იქნებ ჩემი ბარძაყის გარშემოწერილობა აჭარბებს თქვენ მიერ დაწესებულ ნორმას და ამიტომ მაიძულებთ ფეხებზე შემდნარი ჯინსის შარვლის ატანას? და საერთოდ, რატომ უნდა გკითხოთ, რას ჩავიცვამ, როცა გელასთვის მსგავსი მითითების მიცემა თავშიც არავის მოსდის? მოდი, ჩემი ფანჯრიდან დანახულ სურათზე მოგიყვებით. ამ წამს, თუთის ხის ქვეშ, მაგიდას შემოსხდომია ათიოდე გელა. მათგან დაახლოებით ნახევარს შავი ჯაგრით გადაპენტილი ღიპი გადმოუგდია და უშფოთველად დაუწყვია ზედ ხელები. ასეა, როცა გელა ხარ, შეგიძლია, ღიპიც გამოამზეურო და არც იმაზე ნერვიულობა გიწევს, დაჯდომისას უკანალი გიჩანს თუ არა - ვინმეს თვალში ხინჯადაც რომ მოხვდე, მაინც არავინ არაფერს გეტყვის, გელა ხარ რა. 


  

ზაფხულობით, ყველა კუთხე-კუნჭულში მოძებნით მინიმუმ თითო ღიპუცა გელას და საზოგადოების წევრთაგან არცერთი გააპროტესტებს მის სიშიშვლეს, მაგრამ საკმარისია, რომელიმე გელამ იფიქროს, რომ ვიღაც გოგონას ქვედაბოლო მის მიერ დაწესებულ ნორმაზე 2 სანტიმეტრით მოკლეა და საზოგადოება არც მაშინ ამოიღებს ხმას, თუ ამ მიზეზით გელა გოგონას შეურაცხჰყოფს. პირიქით, ბევრი დამცირებულ გოგონას გაკიცხავს - აბა, რა ეგონაო, თვითონ გამოიწვიაო, გელასთვის მსგავსი რეაქცია ბუნებითიაო, წადი და უჩივლეო... ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ყველა გელას გზას უკვალავთ მჩაგვრელობისკენ? ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ქალთა მჩაგვრელებად ხშირად თვითონ ქალები გვევლინებიან. ამას წინ, Facebook სივრცეში პატარა ვიდეო გამოჩნდა - გოგონა, შორტითა და მოკლე მაისურით, ხაჭაპურს ყიდის. კომენტარების სექცია დეიდათა დამრიგებლური და მედიდური ტონით იყო დაჭაობებული. ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ ყველა კომენტარი, რაღაც ასეთი სიმახინჯე გამოვა - „მიმზიდველი გოგონაა, ამიტომ მეძავია და გასაკვირი არაა, თუ ვინმე მასზე იძალადებს; აი, მე კი ასეთ საფრთხეში არასდროს ჩავვარდები!“ გილოცავთ, ქალბატონო, თქვენ მონა ხართ.

    

კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მივხვდი, მნიშვნელობა არ აქვს, შორტი გაცვია თუ შარვალი, გამხდარი ხარ თუ მსუქანი, დაბალი თუ მაღალი, „ფიცარი“ (ვიღაც გელას მოფიქრებული სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმ მდედრის გასაქილიკებლად, რომელსაც, გელას აზრით, პატარა მკერდი და საჯდომი აქვს) თუ მრგვალფორმიანი... არაფერს აქვს აზრი, თუ შენ გელა არ ხარ. იქამდე, სანამ მდედრობით სქესს მიეკუთვნები, გელას საქციელს, რაც უნდა უსამართლო იყოს იგი შენ მიმართ, ცოტა თუ გაკიცხავს.

    

 

და მაინც, მინდა ყველას შევახსენო, რომ გოგონები და ქალები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც გელაა. თუკი დედიკომ ჩვენი გელა მიუყვანა დალაქს, გავიხსენოთ, რომ არც მდედრობით სქესს აქვს იმუნიტეტი მზის სხივებისაგან თავის დასაცავად. გავიხსენოთ, რომ გოგონები მოკლე სამოსს იმის გამო არ ატარებენ, რომ ვიღაცამ თავმოყვარეობა შეულახოს. გაგიკვირდებათ და მათ ყოველ მეორე გელასთან დაწოლის სურვილი კი არ იზიდავთ, უბრალოდ ცხელათ. ნუ იქნები ის, ვინც უწყინარ გამვლელს უხერხულობას უქმნის და საკუთარ თავს ხორცის ნაჭრად აღაქმევინებს. ნუ წაუყენებ ულტიმატუმს - ჩაიცვას ის, რაც შენ გინდა, ან შეიწოვოს ტალახი, რომელსაც ესვრი. ნუ ჩაყოფ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმება. საკუთარ თავს იმის უფლებას ნუ მისცემ, რომ ადამიანი იმის გამო დაამცირო, რომ ფეხებს შორის რაღაც შენგან განსხვავებული აქვს. შენ კი, დეიდის ტიპის ადამიანო, იცოდე, რომ უსამართლობას გამართლება არ აქვს, თუნდაც მისი ავტორი ყველაზე დიდი გელა იყოს გელათა შორის.

    

ასე და ამგვარად, შორტების სეზონს ხსნილად ვაცხადებ.

   

ფუ, რა ინტროვერტი ხარ!

სოციალური შფოთვა

კომენტარები