სპორტი და პოლიტიკა

( სიტყვა)

ალი საუკეთესო იყო. საუკეთესო რინგზეც და მის მიღმაც. ოღონდ, რინგზე ყოფნისას უფრო მეტს მიაღწია თუ სასამართლოს სკამზე ჯდომისას - ყველამ თავად შეაფასოს.

 

გასაგებია, რომ 3-გზის ჩემპიონია, მაგრამ არის ეს მისი ყველაზე დიდი მონაპოვარი? ადამიანის, რომელიც იყო ფერადკანიანი, ერქვა მუჰამედი, ცხოვრობდა მე-20 საუკუნის ამერიკაში. არა, შანსი არაა, ამ ადამიანს ცხოვრების მთავარი ბრძოლა რინგზე ჰქონოდა.

 

ალიმ უარი თქვა ჯარში გაწვევაზე. ეს ნიშნავდა ტიტულის დაკარგვას, კრივს ჩამოშორებას და სასამართლოში დავას - დეზერტირობას. არადა, გასაგებია, რომ ვიეტნამში საქმეს არავინ დაავალებდა. ჩავიდოდა, დაისვენებდა, ფრონტს არ გააკარებდნენ და უკან წამოვიდოდა. ალისთვის წასვლა პრინციპის ამბავი იყო, ან უნდა გაემართლებინა სახელმწიფო, ან არა. არ გაამართლა, არ დარჩა კომფორტის ზონაში - ამოიღო ხმა, ხელი დაადო კონკრეტულ პოლიტიკოსებს და გახდა სამოქალაქო აქტივისტი. 

 

კრივის სანაცვლოდ, იბრძოლა თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, საკუთარი უფლებებისთვის. დაუდგა გვერდით მარტინ ლუთერ კინგს. პოლიტიზირებულ მარტინ ლუთერ კინგს, კი.

 

ხოდა, მოკლედ, არ თმობდა თავისუფლების იდეას.

 

წლების განმავლობაშიც ამიტომ ამშვენებდა მისი ხელთათმანები ოვალურ კაბინეტს. რომელი პრეზიდენტის დროს, არაა ძნელი მისახვედრი. I know Obama was heaven sent.

 

 

მუჰამედ, იცოდე, პოლიტიკაში არ ჩაერიო! შენ ხარ სპორტსმენი, გყავს უამრავი გულშემატკივარი, რომელიც სიამოვნებით უყურებს შენს ჩხუბებს. მათ აინტერესებთ შენი კუნთები და არა შენი აზროვნება, ფასეულობები ან სხვა რამ. იცოცხლე, იჩხუბე, მოკვდი. შენგან ესეც საკმარისია.

 

აი, ეს ხართ თქვენ, ვინც იმ გენიალურ ფრაზას აფრქვევთ ინტერნეტში და მის გარეთ, სპორტში პოლიტიკის ადგილი არააო. სინამდვილეში, თქვენი ადგილი არაა სპორტში. არ მიწყინოთ.

 

და ისეც, უემოციო სპორტის დედა ვატირე რა. მხოლოდ ბურთის გორაობა ხო არაა?

   

მიდით ჯაკასთან, რომელმაც სერბეთთან გოლი ალბანური არწივით აღნიშნა და უთხარით, რომ სპორტში პოლიტიკის ადგილი არაა. გიპასუხებთ, რომ სერბებმა მის სახლს ტანკებით გადაუარეს.

მიდით ლაშა შავდათუაშვილთან და უთხარით, რომ არ უნდა დაემცირებინა რუსეთის დროშა. რას გიპასუხებთ გორელი ბიჭი, აბა, გამოიცანით. 

მიდით ვიდასთან, რომელმაც 2 გოლი გაუტნა რუსეთს და უთხარით, რომ სპორტში პოლიტიკის ადგილი არაა. ვიდა შიგნაკრავია და, სავარაუდოდ, ეგრევე შეგაგინებთ. უკრაინაში აქვს ნათამაშები და ორივე გოლი კიევის დინამოს მიუძღვნა.

 

ხოდა, ამის მერე კიდევ ვინმე მეტყვის, სპორტში პოლიტიკის ადგილი არ არისო, კომენტატორი პოლიტკორექტული უნდა იყოსო, ხალხს არაფერი დაუშავებიაო, ძიუბას არ წაურთმევია ტერიტორიებიო.

 

მტერი - მტერია. რა თქმა უნდა, კარგი ადამიანებიც ცხოვრობენ რუსეთში. ის კი არა, შეიძლება აკინფეევს ზურგზე ტატუც ჰქონდეს წარწერით ‘აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა’, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო პოლიტიკას ის არ განსაზღვრავს. რუსეთი მტერია მანამ, სანამ რუსის ჯარი არის საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემი სახლიდან 40 კილომეტრში.

 

თუ არ გინდათ, თქვენ ნუ გამოხატავთ, მაგრამ ჩემს მეგობარს საკუთარ ქალაქში ჩამოუყარეს კასეტური ბომბები და ფეხებზე ჰკიდია ეგ თქვენი პოლტკორექტულობა.

 

სპორტი - განსაკუთრებით ფეხბურთი, საკუთარი იდეების გამოხატვის ისეთივე საშუალებაა, როგორც მუსიკა, მოდა და ასე შემდეგ. შეიგნეთ, ე.

 

37:0

კომენტარები