რონალდუ: ჩემი ისტორია

( სიტყვა)

ბავშვობიდან ერთი ნათელი მოგონება შემომრჩა, რომელსაც ვიხსენებ, წარმოვიდგენ და... მათბობს... ეს ჩემს ოჯახს ეხება.

7 წლის ვიყავი, ნამდვილი ფეხბურთის თამაში სულ ახალი დაწყებული მქონდა. იქამდე, მეგობრებთან ერთად მადეირას ქუჩებში ვთამაშობდი, ცარიელ ქუჩას არ ვგულისხმობ - უნდა გავჩერებულიყავით, როგორც კი მანქანა გამოჩნდებოდა. ჩემი ამ ყოველდღიურობით აბსოლუტურად ბედნიერი ვიყავი, თუმცა მამაჩემი საფეხბურთო კლუბ ანდორინიაში მუშაობდა და „მაძალებდა“ რომ აკადემიაში მივსულიყავი - ვიცოდი, გაუხარდებოდა... წავედი.

   

კლუბში უამრავი წესი იყო, რომელიც არ მესმოდა, თუმცა ყველაფერი მომწონდა, განსაკუთრებით, მოგების შეგრძნება. მამაჩემი ჩემს ყველა მატჩს ესწრებოდა... ტრიბუნაზე ყოველთვის მეგულებოდა სამუშაო უნიფორმაში ჩაცმული, დიდწვერა მამაჩემი... დედაჩემსა და ჩემს არცერთ დას ფეხბურთი არ აინტერესებდა...

  

როგორც წესი, სადილზე მამაჩემი მათ ჩემს თამაშებზე პატიჟებდა... „კრიშტიანუმ დღეს გოლი გაიტანა“

   

ისინი პასუხობდნენ , „ვა, მაგარია“

  

თუმცა რეალურად არ ადარდებდათ.

   

შემდეგ ჯერზე, როცა სახლში დავბრუნდით, მამამ განაცხადა, „კრიშტიანუმ ორი გოლი გაიტანა!“
   

ისევ არ ადარდებდათ, „ყოჩაღ,კრის,მაგარია“

   

ამ დროს რას ვაკეთებდი მე? გამქონდა და გამქონდა...

   

ერთ საღამოს, როცა მამა შინ დაბრუნდა, აღტაცებით წამოიძახა: „კრიშტიანუმ სამი გოლი გაიტანა! დაუჯერებელი იყო, უნდა წამოხვიდეთ და თავად ნახოთ!“

  

ტრიბუნაზე მაინც მხოლოდ დიდწვერა მამაჩემი იდგა ხოლმე... ერთ დღესაც - ეს სურათი არასდროს დამავიწყდება - მატჩისწინა მოთელვას გავდიოდი, როცა დედაჩემი და დები შევნიშნე... არც ყვიროდნენ, არც ტაშს უკრავდნენ, უბრალოდ ხელს მიქნევდნენ, თითქოს რაიმე მსვლელობაში ვიღებდი მონაწილეობას... ნუ გაგიკვირდება, ფეხბურთის მატჩზე აქამდე არასდროს ყოფილან, თუმცა იმ დროს ჩემთან იყვნენ და მეტი არაფერი მაინტერესებდა...

   

ეს ის დროა, როცა არც ისე ბევრი ფული გვქონდა. ზოგადად, მადეირაში ცხოვრება საკმაოდ ჭირდა. ჩემი ძმის ან ბიძაშვილების ნაქონი ფეხსაცმელები მეცვა... თუმცა, როცა პატარა ხარ, ფული საერთოდ არ გაინტერესებს. მხოლოდ გრძნობებს ანიჭებ მნიშვნელობას, ეს გრძნობა კი იმ დღეს ძალიან ძლიერი იყო... თავს დაცულად ვგრძნობდი, პორტუგალიაში ამას menino querido da família ვეძახით.

    

        

ასეთი ნოსტალგიით იმიტომ ვიხსენებ, რომ ეს პერიოდი ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა... ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, თუმცა ბევრიც წაიღო. 11 წლის ვიყავი, როცა კუნძულიდან ლისაბონში, სპორტინგის აკადემიაში გადავბარგდი - ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპიც დაიწყო.

   

ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ, ჩემი შვილი 7 წლისაა. როცა წარმოვიდგენ, რომ ბარგს იკიდებს და ლონდონში ან პარიზში მიდის ფეხბურთის სათამაშოდ... უბრალოდ სიგიჟეა... დარწმუნებული ვარ, ჩემი წასვლაც გიჟურად წარმოედგინათ...

   

ეს ჩემი შანსი იყო... მშობლებმა მომცეს შანსი, რომ ოცნება ამეხდინა, ხოდა მეც გავემგზავრე. ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ისევ პორტუგალიაში ვიყავი, თუმცა თავი სხვაგან მეგონა. აქცენტმა ენა აბსოლუტურად სხვანაირი გახადა, კულტურა განსხვავებული იყო, არავის ვიცნობდი - თითქმის ყველადღე ვტიროდი. ჩემი ოჯახი სტუმრობას მხოლოდ ოთხ თვეში ერთხელ ახერხებდა...

   

ფეხბურთით ვცხოვრობდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მოედანზე ისეთი რაღაცები გამომდიოდა, რაც აკადემიის სხვა ბავშვებს არც დაესიზმრებოდათ. მახსოვს, ყური მოვკარი თანაგუნდელების სუაბარს: „დაინახე რა გააკეთა, ძმაო? ეგ ბიჭი მხეცია“

ეს პირველი შემთხვევა იყო, შემდეგ კი გამუდმებით მესმოდა მსგავსი ფრაზები, მათ შორის მწვრთნელებისგანაც კი, თუმცა ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც იტყოდა „კი, მაგრამ ცუდია, რომ ასეთი პატარაა“

   

სიმართლე იყო, ძალიან გამხდარი ვიყავი, კუნთები არ მქონდა. 11 წლისამ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი, რომ დიდი ნიჭი მქონდა, თუმცა გადავწყვიტე, ყველა სხვა დანარჩენზე მეტი მევარჯიშა. ბავშვივით თამაში შევწყვიტე, ბავშვივით ქცევა შევწყვიტე. ვაპირებდი ისე მევარჯიშა, თითქოს მსოფლიოში საუკეთესო ვხდებოდი.

   

 

მართალი გითხრა, არ ვიცი ეს შეგრძნება საიდან მოვიდა, ან შეიძლება უბრალოდ ჩემში იყო. ეს უკმარისობის განცდა იყო, რომელიც თავს არასდროს განებებს. როცა აგებ, შიმშილის გრძნობა გეუფლება, როცა იგებ, ისევ გშია, მაგრამ პატარა ლუკმა შეჭამე - გიჟი არ ვარ, უბრალოდ მხოლოდ ასე შემიძლია იმ განცდების გადმოცემა.

   

ღამ-ღამობით პანსიონიდან მოედანზე ვიპარებოდი და ვვარჯიშობდი. უფრო სწრაფი და ძლიერი გავხდი. ახლა როცა მოედანზე შევდიოდი, ის ხალხი, რომლებიც ადრე ჩურჩულებდნენ „კი, მაგრამ ძალიან გამხდარია“, ისე მიყურებდნენ, თითქოს სამყაროს აღსასრულის დღე დადგა.

  

მახსოვს, 15 წლის ვიყავი, როცა ვარჯიშზე თანაგუნდელებს მივუბრუნდი და ვუთხარი: „ერთ დღეს, მსოფლიოში საუკეთესო გავხდები“

  

რა თქმა უნდა, დამცინეს, ჯერ სპორტინგის პირველ გუნდშიც კი არ ვიყავი. მაგრამ მართლა მჯეროდა იმის, რაც ვთქვი.

17 წლის ვიყავი, როცა პროფესიონალური ფეხბურთი დავიწყე. დედაჩემი ჩემს თამაშებს ნერვიულობის გამო აღარ ესწრებოდა... ესტადიო ხოსე ალვალადეზე ჩემი თამაშის ყურებისას გულზე რამდენჯერმე წაუვიდა...მართლა... ექიმებმა მატჩებზე სიარული აუკრძალეს.

   

„გახსოვს, როცა ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდი ხოლმე?“

   

ამბიციები მეზრდებოდა, ნაკრებში თამაში მინდოდა, მინდოდა მანჩესტერში მეთამაშა. პრემიერ ლიგით შეპყრობილი ვიყავი, გამუდმებით ვუყურებდი თამაშებს ტელევიზორში, მომწონდა თამაშის სტილი, გულშემატკივრები. როცა ოცნება ავიხდინე და მანჩესტერში გადავედი, ძალიან ამაყი ვიყავი, თუმცა მგონი, ჩემი ოჯახი უფრო ამაყობდა.

   

პირველ რიგში, ტიტულების მოგება ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. მახსოვს, როცა ჩემპიონთა ლიგა პირველად მოვიგე, პრაქტიკულად ემოციური შეტევები მქონდა, იგივე შეიძლება ითქვას ოქროს ბურთზეც... თუმცა ჩემი ოცნებები მაინც იზრდებოდა, ოცნება ხომ ზუსტად ამისთვისაა ? მადრიზე ყოველთვის ვოცნებობდი - ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, მინდოდა რეალში გადავსულიყავი, ტიტულები მომეგო და რეკორდები დამემხო...

   

ბოლო 9 წელში რეალში წარმოუდგენელი მიღწევები გვაქვს. სიმართლე გითხრა, კარიერის ამ ეტაპზე ტიტულების მოგებამ განსხვავებული დატვირთვა შეიძინა. განსაკუთრებით, ბოლო 3 წელია. თუ ყველაფერს არ მოიგებ, მადრიდში ასეთ სეზონს წარუმატებლად თვლიან. დიდებულების მოლოდინი, ეს ჩემი სამუშაოა.

     

     

მაგრამ როცა მამა ხარ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა. შეგრძნება, რომელსაც ვერ აღვწერ. სწორედ ამან გახადა ჩემი კარიერა მადრიდში განსაკუთრებული. მე ფეხბურთელი ვარ, კი, მაგრამ ამავდროულად მამა.

  

ჩემს შვილთან ერთი მოგონება მაქვს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება.

   

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოვიგეთ, კარდიფში, ისტორია დავწერეთ. საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე ვიყავი, მინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის რაიმე მეთქვა... თუმცა ამ დროს მოედანზე ჩემი შვილი გამოჩნდა, რომელსაც ჩემთან ერთად სურდა გამარჯვების აღნიშვნა... თითის გატკაცუნებას ჰგავდა. უცბად, ემოციები მთლიანად შეიცვალა. იგი მარსელოს შვილთან ერთად თამაშობდა. შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასი ავიღეთ და ხელჩაკიდებულებმა სტადიონი მოვიარეთ.

   

ეს ის სიამოვნებაა, რომელსაც მამობამდე ვერასდროს გამოცდი. ამ დროს ერთდროულად იმდენი რამ ხდება, სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი, რისი ამ გრძნობასთან შედარება შემიძლია, არის ის მოგონება, როცა მადეირაში თამაშის დროს ტრიბუნაზე ჩემი ოჯახის სრული შემადგენლობა შევნიშნე.

  

როცა საზეიმოდ სანტიაგო ბერნაბეუზე დავბრუნდით, კრიშტიანუ უმცროსი და მარსელიტო ერთად თამაშობდნენ ათიათასობით მაყურებლის წინაშე - მის ასაკში მადეირას ქუჩებში ვთამაშობდი...არა, ცუდად არ გაიგო, მომწონს, რომ უკეთესი ცხოვრება აქვს, თუმცა მასაც ვუსურვებ იმავე გრძნობას, რასაც პორტუგალიაში ვეძახით, Menino querido da família.

   

მადრიდში ჩატარებული 400 მატჩის მერე, მოგება ჩემი შეუცვლელი მოთხოვნილებაა. ვფიქრობ, ასეთად დავიბადე. თუმცა მთლიანად შეიცვალა მოგების შემდეგ გამოწვეული ემოციები. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იყო. ბუცებზე განსაკუთრებული შეტყობინება მაქვს გრავირებული. მარჯვენა ქუსლთან ამოტვირფრულ სიტყვებს ვკითხულობ მანამ, სანამ თასმას შევიკრავ და გვირაბში შევალ.

   

ეს უკანასკნელი შემხსენებელია... უკანასკნელი მოტივაცია -  “El sueño del niño.”

  

ბავშვის ოცნება.

  

ახლა შეიძლება უკეთ გესმის.

  

კარიერის ბოლოს, ჩემი მისია იგივეა, რაც აქამდე იყო - მინდა განვაგრძო რეკორდების დამხობა მადრიდში. მინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო. ასეთია ჩემი ბუნება.

   

მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი, რაც ჩემი მადრიდში ყოფნის დროს მოხდა, და რაზეც ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები 95 წლის რომ ვიქნები, არის გრძნობა, როცა შვილთან ხელჩაკიდებული მოედანზე ჩემპიონი დააბიჯებ.

    

იმედი მაქვს, კიდევ განმეორდება.


ავტორი: Cristiano Ronaldo

თარგმანი: დიმა კუტუბიძე

იხილეთ სტატიის ორიგინალი

 

 

კომენტარები