აქ ყინულის დრაკონები ცხოვრობენ

( სიტყვა)

იმედი მაქვს, ჩემი ოპონენტები ამას არ კითხულობენ, რადგან ვაპირებ ზუსტად აღვწერო მიზეზები, რის გამოც წარმატებას მივაღწიეთ.

   

თავდაპირველად, მინდა ცოტა რამ ისლანდიაზე მოგიყვეთ. ბოლო დროს შევამჩნიე, როცა ახალ ადამიანს ვიცნობ, ყოველი მათგანი მეუბნება: „ისლანდიელი ხარ? ვაუ, ჩრდილოეთის ციალი! ასწორებს, ძმაო!“

  

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოვექეცით, რეიკიავიკში ძალიან ბევრი ტურისტი ატარებს არდადეგებს. თუმცა მე ისლანდიის სამოგზაურო კუთხიდან არ ვარ. ისლანდიის ჩრდილოეთში ვცხოვრობ. თუ ეცდები, რომ ჩემი ქალაქი ძველ რუკაზე იპოვო, აუცილებლად წააწყდები წარწერას: „აქ ყინულის დრაკონები ცხოვრობენ“ ჩემს მშობლიურ ქალაქს აკურეირი ჰქვია. აქ სულ 18,000 ადამიანი ცხოვრობს და რეალურად, ფეხბურთის გარდა სხვა გასართობი არასდროს გვქონია. ვოცნებობდი პროფესიონალ ფეხბურთელობაზე, თუმცა ხელს ორი რამ მიშლიდა.

   

პირველი, ფეხბურთის თამაში მხოლოდ ზაფხულში შეიძლებოდა. ზამთარში მოედნები მთლიანად იყო დაფარული... ხო, ვიცი, გამოიცანი: ყინულითა და თოვლით. ისეთ ზამთარზე არ ვსაუბრობ, როგორიც შენთანაა, როცა რამდენიმესანტიმეტრიანი თოვლიც კი პანიკას იწვევს - ნამდვილ ზამთარს ვგულისხმობ, რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლი, მინუს  10°, 4-5 საათის ხანგრძლივობის დღე.

  

        

იმედია, სამეფო კარის თამაშებს უყურებ - უბრალოდ, White Walker-ები არ გვყავს (იმედია).

   

ასე რომ, ზამთარში ფეხბურთის ნაცვლად ხელბურთს ვთამაშობდი, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო მეორე პრობლემასთან, როცა ყინული საბოლოოდ დნებოდა, მოედანზე მაინც ვერ ვთამაშობდი... ჰო კარგი, არ მათამაშებდნენ... ეს მხოლოდ დიდების პრივილეგია იყო.

  

ასე რომ, თამაში ხრეშზე გვიწევდა.

  

არ გატყუებ.

  

მართალი გითხრა, არც ისე სასიამოვნო იყო. ერთხელ, სახლში ნატკენი ფეხით დავბრუნდი, უფრო სწორად, ღრმა ჭრილობა მქონდა. მართალია, დათვთან ნაბრძოლს ვგავდი, თუმცა მხოლოდ ერთი ვარდნა გავაკეთე ბურთის მოსაპოვებლად.

   

ჩემს პირველ კლუბს თორი ერქვა (თუ არ გჯერა - შეგიძლია დედაჩემს ჰკითხო), ძალიან მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ვაკეთებდი ვარჯიშებს, დავდიოდი დარბაზში... მოკლედ, გიჟივით ვვარჯიშობდი, თუმცა ვიცოდი, რომ ცოტა შანსი მქონდა, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვებს, პასუხები კი ძალიან არ მომწონდა...

   

არონ, რამდენი პროფესიონალი ფეხბურთელი აღზრდილა აკურეირიში?

  

არც ისე ბევრი.

  

რამდენად მაგარი ფეხბურთელი შეიძლება გამოხვიდე მხოლოდ ზაფხულში ხრეშიან მოედანზე თამაშით?

  

ჰმ, ალბათ, ძალიან კარგი ვერა.

  

ვარჩიე, ფაქტები დამეიგნორებინა და უცბად სასწაულიც მოხდა. ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო დარბაზები შექმნა, სადაც ხელოვნური ბალახის საფარი იყო. ისლანდიაში ყველა ბავშვს შეეძლო ფეხბურთი მთელი წლის განმავლობაში ეთამაშა.

მთელი წელი - გესმის? მთელი წელი!

  

პრაქტიკულად, დარბაზში „გადავცხოვრდი“. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ გვიან ღამით დარბაზიდან ძალით მაგდებდნენ. ფსიქოლოგიური პრობლემები მაინც მაბრკოლებდა, ვგულისხმობ იმას, რომ არავის სჯერა ისლანდიელი ბავშვის. ერთხელ, ჩვენი ნაკრების ერთმა ფეხბურთელმა მომიყვა ისტორია, როგორ ძალიან უნდოდა მას ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და რა უპასუხა მას მწვრთნელმა.

  

„მაგარი ოცნებებია... ცუდია, რომ ისლანდიელი ხარ“

    

     

ამას ისევ არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ მართლა ფეხბურთელობა მინდოდა, ისლანდიიდან უნდა გავსულიყავი. 17 წლის ვიყავი, როცა ალკმაარში გადასვლის შანსი მომეცა, მეც არ დავაყოვნე. აქ ფეხბურთი აბსოლუტურად სხვა დონეზე იყო, პირველ ვარჯიშზე ოთხჯერ გამდირკეს (ნუ იცინი, მაგრები იყვნენ), გასახდელში იმაზეც კი ვფიქრობდი სახლში ხომ არ დავბრუნდე-მეთქი. ყველაზე რთული ოჯახის დატოვება იყო, პირველი ორი თვე სასტუმროში გამოკეტილმა გავატარე, დედას ვურეკავდი, ვტიროდი, რომ ამას ვერ შევძლებდი. საბედნიეროდ, მშობლებმა გამამხნევეს და დამატებითი ძალა შემძინეს.

  

თავდადებამ შედეგი გამოიღო, ზუსტად წელიწადნახევარში ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ბელარუსიასთან ამხანაგური შეხვედრა გვქონდა მალტაში. აეროპორტში მალე უნდა მივსულიყავი... მანქანა არ მყავდა, პირველ წელს მხოლოდ ველოსიპედის ყიდვა შევძელი.

   

იცით, დედაჩემმა რა გააკეთა? სკუტერი მიყიდა, წითელი სკუტერი.

  

სინამდვილეში, სკუტერი ძალიან ჰგავდა მოტოციკლეტს და თავი მაგარი ტიპი მეგონა. ჩემი მოტო ძალიან შემიყვარდა, ჩანთა ჩავალაგე და რკინიგზის სადგურში წავედი.

   

მადლობა, დედა.

   

ოცნება ავიხდინე, ისლანდიის ნაკრებში ვითამაშე ჰოლანდიაში ღრუბლებში მოლივლივე დავბრუნდი. პარკინგზე გავედი, სადაც ჩემი სკუტერი დავტოვე და რას ვხედავ...?

   

სადაც ჩემი წითელი სკუტერ-ბაიკი უნდა ყოფილიყო, 1 ცალი ჯაჭვშემოკრული ბორბალი ეგდო. კი, ვიღაცამ მოიპარა სანამ მე ბელარუსთან ვთამაშობდი. დედაჩემმა ძალიან ბევრი იცინა, მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ქურდობამ ძალიან სწრაფად დამაბრუნა დედამიწაზე.

  

მალე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ახალგაზრდა ტალანტი გვყავდა, რა თქმა უნდა, ჩვენი არავის სჯეროდა.

  

„ისლანდია? ბლაააჰ, ტოპ-კლასის ფეხბურთელები არ ჰყავთ“

   

რეალობა კი ისაა, რომ ისლანდიაში სულ 330,000 ადამიანი ცხოვრობს და არათუ ტოპ-კლასის, არამედ უბრალო ფეხბურთელიც კი ძალიან ცოტა გვყავს. ვიცოდით, რომ გონებით უნდა გვეთამაშა, სწორედ აქ გამოჩნდა აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი, ლარს ლაგერბაკი. ის არც ისე ჭკვიანი ჩანდა, მაგრამ, დამიჯერეთ, იცის რასაც აკეთებს. კოლექტიური სულისკვეთებით პლეი-ოფამდე გავედით. ხორვატია შეგვხვდა. პირველი მატჩი ისლანდიაში 0-0 დამთავრდა... მართლა მეგონა, რომ შანსები გვქონდა... მალევე გაგვიტანეს, 1-0, თუმცა ერთი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს..

  

შანსები გაჩნდა, 1 გოლი გვჭირდებოდა, მხოლოდ 1 გოლი...

  

ძალიან ახლოს ვიყავით...


მაგრამ ვერ შევძელით.

 

ხორვატიამ 2-0 გაიმარჯვა.

    

გასახდელი სასაფლაოს ჰგავდა, არა იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ, არამედ იმიტომ რომ კარგად ვერ ვითამაშეთ. „ამის დედაც, დაივიწყეთ, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“


არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ნამდვილად მომეწონა.

   

  

უფრო ბევრს ვვარჯიშობდით და ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც სულ უფრო უკეთესები ვხდებოდით. გულშემატკივრებმა უდიდესი როლი შეასრულეს. საკუთარ მოედანზე ჰოლანდიას გავუტანეთ, 1-0, უცბად, მთელი სტადიონი გაჩუმდა...მერე...

   

BOOM, BOOM, HÚH!

   

სწრაფად მოვტრიალდი. ეს რა იყო? მგონი თორმა გაისროლა.

   

BOOM, BOOM, HÚH!

   

ჟრუანტელმა დამიარა.

   

BOOM, BOOM, HÚH!

  

პირველად სწორედ აქ შესრულდა უკვე ძალიან ცნობილი Viking Clap. სტადიონზე მხოლოდ 10,000 ადამიანი იყო, მაგრამ ტაშის დროს...ჯანდაბა...მეგონა 100,000 იყვნენ.

   

[media=https://www.youtube.com/watch?v=HQHZ8XelHKY]

   

ყველაზე პატარა ქვეყანა გავხდით, რომელსაც ოდესმე ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. საკვალიფიკაციო ერთი საქმე იყო, უშუალოდ ტურნირი კი - მეორე. ბევრი ამბობდა, გაგვიმართლებდა, თუ არ შევრცხვებოდით. ტურნირის დაწყებამდე, ერთ-ერთ ვარჯიშზე ჩემთან ეიდურ გუდიონსენი მოვიდა.

  

„იცი, არონ... თქვენს წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ მენდომებოდა“

  

„რას გულისხმობ?“

   

„სივრცეებს არ ტოვებთ, პასებით ფონს ვერავინ გავა, მომენტის შექმნა წარმოუდგენელია“

   

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ეიდურ გუდიონსენი ისლანდიის ფეხბურთის მეფეა. მას პეპ გუარდიოლას ბარსელონაში, რონალდინიოსა და მესის გვერდით აქვს ნათამაშები. ასე რომ, თუ ეიდური ამბობს, რომ მაგარი დაცვა გვაქ, ესეიგი მართლა მაგარი დაცვა გვაქვს.

პორტუგალიასთან მატჩით ვიწებდით... ყველა იმაზე მსჯელობდა, რას გვიზამდა კრიშტიანუ: „რამდენს შეაგდებს? დუბლი? ჰეთ-თრიკი? პოკერი?“

   

მატჩი 1-1 დასრულდა... პორტუგალიელები გახარებულები არ ჩანდნენ. რა თქმა უნდა, ვიზეიმეთ. მოგვიანებით, რონალდუმ გაგვაკრიტიკა „პატარა ქვეყნის მენტალიტეტი“ ვფიქრობდი: „მოიცადე, აქ ისლანდია არასდროს ყოფილა. შენ ევროზე უკვე მერამდენედ თამაშობ. ჩვენ ისლანდია ვართ, რა თქმა უნდა, უნდა ვამაყობდეთ“

   

უნგრეთთანაც ფრე - ბოლო ტურში ავსტრიასთან ქულა გვჭირდებოდა, მათ კი მხოლოდ მოგება უნდოდათ. 90 წუთისთვის ანგარიში 1-1 იყო, კუთხური მოაწოდეს, სიტუაცია განვმუხტეთ, კონტრ-იერიში დავიწყეთ და... გავიტანეთ !

   

გოლი 94 წუთზე და ისლანდია 1/8 ფინალში გადის...

  

ალბათ, ნანახი გაქ გაგიჟებული ისლანდიელი კომენტატორის ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა 

   

   

მიზანს მივაღწიეთ - სხვა ყველაფერი ბონუსი იქნებოდა, ამიტომ ინგლისთან მატჩამდე თავს მშვენივრად ვგრძნობდით, თანაც დამატებითი მოტივაცია გვქონდა, ისლანდიაში ძალიან უყვართ პრემიერ ლიგა და პრაქტიკულად, ყველა შეხვედრას აჩვენებენ. შანსი გვქონდა, ჩვენი გმირები დაგვემარცხებინა. გასახდელში ეიდური შემოვიდა:

   

„ვინმე გაძღა გამარჯვებით? მეტი გვინდა? ისევ გვშია?“

  

შეგიძლია დაჯდე და წარმოიდგინო რა შეძახილები მოჰყვა ამ მოწოდებას. ინგლისი შავ დღეში იყო... გულწრფელად მეცოდებოდნენ, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ... ძალიან მარტივ შეცდომებს უშვებდნენ, ელემენტარულ კომბინაციებს ვერ აკეთებდნენ...

   

ყველა იმაზე საუბრობს თუ რა ცუდი მატჩი ჰქონდა ინგლისს. უბრალოდ გადაახვიე და ნახე როგორი ორგანიზებულები ვიყავით, სივრცეები ამოვკეტეთ, ერთმანეთს ვაზღვევდით. როგორც კი თამაში დასრულდა ჩვენი გულშემატკივრებისკენ გავიქეცი, ინგლისელებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი დამავიწყდა.. თუ ამას კითხულობთ, ბოდიში...

  

ვიცი, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მე ტატუებიანი ისლანდიელი ვარ დიდი წვერით, მაგრამ ზეიმის დროს ტირილი მინდოდა, მართლა, Viking Clap-ის დროს ჟრუანტელმა დამიარა...

   

    

უნდა ვაღიარო, ევროს შემდეგ მიწაზე დაშვება გამიჭირდა... გუნდში ახალი მწვრთნელი, ჰეიმირ ჰალგრიმსონი მოვიდა… მისი მესიჯი ასეთი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს ვყოფილვართ რატომაც არა?

   

შეგვეძლო ჩვენი თავებისთვის გვეთქვა: „პატარა ქვეყანა ვართ, მოდი, ზედმეტი მოთხოვნები არ წავაყენოთ“ - თუმცა არა, ყველანი ვთანხმდებოდით, რომ მეტი გვინდოდა. ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი კარიერის დასრულებასთან ახლოსაა... ვიცით, რომ მალე გზა ახალგაზრდობას უნდა დავუთმოთ... მნიშვნელოვანია, რომ მათ ზუსტად გადავცეთ ის ღირებულებები, რომლებმაც ჩვენ წარმატება მოგვიტანა, ვგულისხმობ იმას ,რომ შეიძლება რუსეთში ბარსელონას მსგავსად ვითამაშოთ, მაგრამ რა აზრი ექნება? ძალიან ცუდი ასლი ვიქნებით...

  

ისლანდია ამაზე არ დგას...

  

დააკვირდი ჩვენს ფეხბურთელებს - მართალია, არც ყველაზე ტექნიკურები ვართ და არც ყველაზე ლამაზად ვთამაშობთ, თუმცა ისურვებდი ჩვენთან შერკინებას? ვფიქრობ, არა!

   

ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენ ვართ საშიშები.

  

ეს არის ის, რაც მომავალ თაობას უნდა გადავცეთ. მინდა, მათ იცოდნენ, რომ თუ იშრომებ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი!

  

BOOM, BOOM, HÚH!

   

დღეს ისლანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, მესის არგენტინასთან ქულა აიღო და თუ დღეს ნიგერიას დაამარცხებს, ბევრის აზრით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ჯგუფში ჩატოვებს და დიდი ალბათობით, 1/8 ფინალში გავა...

  

რაღაც არსებობს, მეგობრებო!


ავტორი: Aron Gunnarsson

თარგმანი: დიმა კუტუბიძე

    

იხილეთ სტატიის ორიგინალი


GOT - სეზონი 8, სერია 1 (explained)

GOT - სეზონი 8, სერია 4 (EXPLAINED)

კომენტარები